Home » ეკონომიკა » შიმშილობის პრობლემები საქართველოში – ქვეყნის მოსახლეობის 7.9% არასაკმარისად იკვებება
შიმშილობის პრობლემები საქართველოში - ქვეყნის მოსახლეობის 7.9% არასაკმარისად იკვებება

შიმშილობის პრობლემები საქართველოში – ქვეყნის მოსახლეობის 7.9% არასაკმარისად იკვებება

მძიმე სოციალურ ფონს „გლობალური შიმშილის ინდექსიც“ ადასტურებს

მიმდინარე თვეში „გლობალური შიმშილის ინდექსი“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზე იმყოფება. კვლევას Concern Worldwide-ი ატარებს და 117 ქვეყანას მოიცავს. კვლევის ფარგლებში მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოები გათვალისწინებული არ არის.

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ინდექსი 4 კრიტერიუმით ითვლება: არასაკმარისი კვება (მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს), წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

აღსანიშნავია, რომ შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია:

– მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება – 7.9%;

– 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები – 4.3%;

– ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები – 10.5%;

– 5 წლამდე სიკვდილიანობა – 1.1.%

ანგარიშის მიხედვით, შიმშილის ინდექსში 2005 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებული აქვს, თუმცა 2019 წლის მონაცემი 2010 წელთან შედარებით გაუარესებულია.

საქართველოზე უკან რეიტინგში არიან თურქმენეთი, მონღოლეთი და ყირგიზეთი. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს.

ცნობისთვის, შედეგების მიხედვით, ამ კუთხით სერიოზული და საგანგაშო ვითარება შესწავლილი ქვეყნებიდან 47-შია, განსაკუთრებით საგანგაშო კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

საქართველოში სიღარიბის დონეზე საუბარი არახალია. წლების განმავლობაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით საერთო სურათი რადიკალურად ვერ შეიცვალა. ის ეკონომიკური ზრდის ტრენდი რაც ქვეყანას გააჩნია, საკმაოდ დაბალია და მოსახლეობის უმრავლესობის ჯიბეზე ვერ ისახება. სიღარიბეზე და შიმშილზე მიუთითებდა „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევაც, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „შეეწირა“, თუმცა მისი პოსტიდან წასვლის სხვა, არაოფიციალური და გარკვეული, უფრო გონივრული ვერსიებიც არსებობს.

„იუნისეფის“ კვლევის თანახმად, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა. ძირითადად, შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო.

დასკვნა მეცნიერული კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ საქართველოში 50 ათასზე მეტი ბავშვი, ფაქტობრივად, შიმშილობს. ბავშვების 6,8 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, 27,6 კი ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

შესაბამისად, „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველოს არასახარბიელო პოზიცია გასაკვირი არ არის, რადგან ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების პარალელურად, თვალშისაცემი და ხილულია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კრიტიკულია.

საინტერესოა ის მონაცემებიც, რომლებიც მიზნობრივი სოციალური პროგრამების მიმღებთა რაოდენობას ასახავს.

მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ჯამში 938 821 ადამიანია, რაც ჯამში 308 972 ოჯახია.

რაც შეეხება უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, ის 422 970 ადამიანით განისაზღვრება, რაც ჯამში 118 664 ოჯახია.

ხოლო თუ გადავხედავთ ასაკობრივი ჭრილის მონაცემებს, დავინახავთ, რომ 0-დან 6 წლამდე ადამიანების რიცხვი, ვინც სოციალური პროგრამებით სარგებლობს,  67 558 ადამიანით განისაზღვრება, 6-დან 18 წლამდე კი 167 629-ით.

შესაბამისად, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ჯამური რიცხვის გაანალიზებისას, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი სოციალური პროგრამებით სარგებლობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყნის სოციალური სურათის სიმძიმეზე და იმაზეც, თუ რატომ აქვს საქართველოს „გლობალური შიმშილის ინდექსში“ ის პოზიცია, რაც აქვს.

სანდრო პირველი

Share