Home » ბიზნესი » შეუსრულებელი ტენდერების საიდუმლო – რა ხდება მაშინ, როცა კომპანია გამარჯვების მსხვერპლია?
შეუსრულებელი ტენდერების საიდუმლო - რა ხდება მაშინ, როცა კომპანია გამარჯვების მსხვერპლია?

შეუსრულებელი ტენდერების საიდუმლო – რა ხდება მაშინ, როცა კომპანია გამარჯვების მსხვერპლია?

ტენდერებში არსებულ დარღვევებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ეს საკითხი აქტუალობას დღესაც არ კარგავს, რადგან ჩაშლილი და შეუსრულებელი ტენდერების გამო მთავრობა საბიუჯეტო სახსრების ბოლომდე ათვისებას ვერ ახერხებს. ამის გამო ბიუჯეტიც ზარალდება და ქვეყანაც, რადგან ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი რჩება დასახარჯი. ამ საკითხზე „ბიზნესპოსტი” ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თემურ მაისურაძეს ესაუბრა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. პარლამენტში ყოფნისას მან ეს პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლა და თავის მიერ აღმოჩენილი დარღვევებისა და შეცდომების  შესახებ ახლაც დაუფარავად ესაუბრება ქართულ საზოგადოებას:

-2012-2016 წლებში  პარლამენტის წევრი გახლდით და ტენდერების საკითხით სწორედ მაშინ დავინტერესდი. საქმე ის არის, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში მეორდება და მას ვერავინ აგვარებს. თითქმის ერთი წელი ვიმუშავე ამ საკითხზე, საკმაო რაოდენობის მტკიცებულებაც მოვიპოვე, ჩემს პარლამენტარ კოლეგებსაც გავაცანი, მაგრამ რეალური შედეგი ვერ მივიღე. მართალია, სიტყვით აქებდნენ იმას, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ გარდა სიტყვებისა, რეალური არაფერი მომხდარა. ამის შემდეგ შევეცადე ისეთ კანონზე დამეწყო მუშაობა, რომელიც ტენდერებში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრიდა, მაგრამ მთავრობიდან მთხოვეს – საკანონმდებლო ცვლილებას ვამზადებთ და ძალიან გთხოვთ, ეს ინიციატივა ჩვენ დაგვითმეთო. მეც დავუთმე, მაგრამ სასურველი შედეგი ისევ ვერ დავინახე. ბოლოს მივხვდი, რომ მარტო ვიყავი და ვერაფერს გავხდებოდი, რადგან რეალურად არავინ დამიჭირა მხარი.

-ცნობილია, რომ დამრღვევი კომპანიებიც დაასახელეთ…

-დიახ, ყველა სათითაოდ დავასახელე და ტელევიზიითაც ვთქვი: თუ გამოჩნდება თუნდაც ერთი კომპანია, რომელიც იტყვის, რომ ჩემი პრეტენზიები უსაფუძვლოა, მზად ვარ ტელევიზიებთან ერთად წავიდე და ადგილზე დავუმტკიცო, რასაც ვამბობ-მეთქი. არავინ  გამომეხმაურა და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მართალი ვიყავი. ვერც ერთი კომპანია ვერ მოიძებნა რომელიც იტყოდა – მე ჩემი საქმე პირნათლად შევასრულეო. ფაქტია, რომ ტენდერების შესრულებისას დარღვევები ადრეც იყო და დარჩა, უბრალოდ, განსხვავებული ფორმა მიიღო, რაც ძალიან საწყენი და გულდასაწყვეტია: მე არ მესმის, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დეფიციტია, შეუსრულებელი სამუშაოები რატომ უნდა რჩებოდეს? ამის გამო ხომ ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები  რჩება? არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო, როცა ხალხი სამუშაოს დაეძებს, შენ ფული გაქვს და სათანადოდ ვერ იყენებ – ამას ახსნა არა აქვს. რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებიც არსებობს, მაგრამ მთავარი ტენდერში გამარჯვებული კომპანიების არაკომპეტენტურობაა: არის შემთხვევები, როცა კომპანია მუშაობას დროულად ვერ, ან არ იწყებს, არის შემთხვევა, როცა იწყებს და თავის საქმეს ცუდად ასრულებს, რის გამოც კონტრაქტს უწყვეტენ, რადგან სახელმწიფოს ასეთ კომპანიასთან მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარა აქვს… მოკლედ, სხვადასხვა დარღვევას ვაწყდებით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მთავარი პრობლემა მაინც სულ სხვაა.

-საქმე ის არის, რომ ტენდერებში  ახალი მოთამაშეები არ მონაწილეობენ: აქ ყოველთვის ერთი და იგივე კომპანიები იგებენ, რადგან ტენდერებში შეღწევის მექანიზმი ძალიან რთულია. ზოგჯერ ვინც ტენდერს აცხადებს, იმასაც არაკომპეტენტურად აქვს დოკუმენტაცია მომზადებული და მოგვიანებით მჟღავნდება, რომ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული. მერე იწყება შესწორებები, კომპანიები ფასების დაგდებაზე მუშაობენ, ხელფასებეს ამცირებენ, რაც მუშების ბოიკოტს და აჯანყებას იწვევს. ამის გამო სამუშაოები დაბალი ხარისხით სრულდება – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ამ სფეროში ვაწყდებით.

– რას ემსახურება ფასების დაგდება?  

-როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო… უამრავი სვლა არსებობს საიმისოდ, რომ ტენდერში გაიმარჯვო, თანაც, ამ კომპანიებმა იურიდიული ჩარჩოები ძალიან კარგად იციან და ისე ახერხებენ, რომ კანონიც არ დაარღვიონ და მიზანსაც მიაღწიონ. როდესაც კომპანის ტენდერში გამარჯვება სურს, აცხადებს, რომ სამუშაოს უფრო დაბალ ფასში შეასრულებს, რადგან ეს გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამის შემდეგ კომპანია თავისივე გამარჯვების მსხვერპლი ხდება. როგორ შეიძლება ხარჯები შეამცირო? – მხოლოდ და მხოლოდ ხარჯების და შრომის ანაზღაურების შემცირებით: ყველაფერი ძალიან უხარისხო მასალით ააშენო და გააკეთო, საბოლოოდ კი, საქმე გააფუჭო. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სფეროში კონკურენცია და ახალი მოთამაშეების ჩართვაა, მაგრამ არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისათვის, რომ ტენდერებში სხვა მოთამაშეებმაც მიიღონ მონაწილეობა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კომპანია „შავ სიაშია“ შესული, მაგრამ ერთ კვირაში ისევ „თეთრდება“ – ეს უკვე ლობირების და  ნაცნობ-მეგობრობის „დამსახურებაა“. მოკლედ, პრობლემის არსი  ობიექტურ ფაქტორებშიც უნდა ვეძებოთ და სუბიექტურშიც.

-გამოდის, რომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროცესი ინერციით გრძელდება? 

-გეთანხმებით, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ისეთ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რომელიც არ იმალებოდა და ხელისგულზე ჩანდა. ყველას კარგად გვახსოვს იმდროინდელ შს მინისტრს – ვანო მერაბიშვილს როგორ ააშენებინეს მთელი დასახლებები – სად შს მინისტრი და სად – მშენებლობა, მაგრამ ეს ფულის კეთების ერთ-ერთი გზა იყო და ეს ყველამ ვიცოდით. ახლა კი, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. მიუხედავად ამისა, უსამართლოდ ჩატარებული ტენდერები დღესაც  სერიოზული პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ არც ის ხალხი დგას სათანადო სიმაღლეზე, ვინც ამ ტენდერებს აცხადებს და არც მათი მონაწილეები.

-და საბოლოოდ ვიღებთ სოლიდურ საბიუჯეტო თანხას, რომელიც უნდა დახარჯულიყო და ვერ დაიხარჯა. თანაც, ეს ყოველწლიურად მეორდება…  როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი? 

-ბიუჯეტის დაუხარჯავი თანხა ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს: მთელი მსოფლიო ინვესტიციების ძიებაშია, ჩვენ კი გვყავს ინვესტორი, გვაქვს მის მიერ გამოყოფილი თანხა, მაგრამ ვიღაც დაკისრებულ სამუშაოს დროულად ვერ ასრულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა! როდესაც ფული არ იხარჯება, ამ დროს სახელმწიფო ორმაგ ზარალს ნახულობს: ჯერ ერთი, არ სრულდება სამუშაო, რომლის წყალობითაც ინფრასტრუქტურა უმჯობესდება და მეორე: ქვეყანაში უმუშევრობაა, ადამიანები საარსებო წყაროს ეძებენ და ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსებს არაკომპეტენტური ადამიანები განკარგავენ. ასეთ დროს მინისტრებს და თანამდებობის პირებს სამსახურიდან უშვებენ – რას ჰქვია ფული იყო და ვერ დაიხარჯა?! სამწუხაროდ, ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა – სამუშაო, რომელიც  უნდა შესრულებულიყო, არ შესრულდა. ახალ წლამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი და ახლა უკვე ვერაფერს შევცვლით. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მომავალი წლიდან ახალი ძალებით შევუდგეთ მუშაობას და ჩვენს ხელთ არსებული მინიმალური შანსიც კი არ დავკარგოთ. ამისათვის კი, კომპეტენტური კადრებია საჭირო. ბოლოსდაბოლოს, საფუძვლიანად უნდა გადავხედოთ საკადრო პოლიტიკას და ყველაფერი ისეთ ხალხს მივანდოთ, რომელიც თავის საქმეს იდეალურად შეასრულებს.

Businesspost.ge

Share