Home » ფინანსები » შეუმცირდათ თუ “შეიმცირეს” მოგება სადაზღვევო კომპანიებმა
შეუმცირდათ თუ "შეიმცირეს" მოგება სადაზღვევო კომპანიებმა

შეუმცირდათ თუ “შეიმცირეს” მოგება სადაზღვევო კომპანიებმა

მიმდინარე წლის 9 თვეში სადაზღვეო სექტორის წმინდა მოგება მცირედით შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 33.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.9%-ით ნაკლებია. თუმცა გაზრდილია სექტორის მიერ მოზიდული პრემია, რომელიც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64 მლნ დოლარით აღემატება.

ჩნდება კითხვა, თუ რამ განაპირობა სექტორის მოგების შემცირება, როდესაც მოზიდული პრემია გაზრდილია, წინა წელთან შედარებით და ამის ფონზე მონაცემები წმინდა მოგებაშიც, პოზიტიური უნდა იყოს.

ამის მთავარი მიზეზი კი რამდენიმეა, დავიწყოთ პირველით, რომელიც კომპანია “უნისოსნს” უკავშირდება. თუ სტატისტიკურ მონაცემებს უფრო დეტალურად ჩავშლით დავინახავთ, რომ სექტორის მიერ დარეგულირებული, მთლიანი ზარალის დიდი წილი, მხოლოდ ერთ კომპანიაზე, კომპანია “უნისონზე” მოდის.

კერძოდ კომპანიამ მიმდინარე წლის 9 თვეში 195 მლნ ლარის ზარალი დაარეგულირა, მაშინ როდესაც გასული წლის 9 თვეში ეს რიცხვი 30 მლნ არ აღემატებოდა. ეს მაშინ როდესაც მიმდინარე წელს კომპანიის მოზიდულმა პრემიამ სულ 26 მლნ ლარი შეადგინა. შედარებისთვის, მაგალითად დამდგარი ზარალების მიხედვით, მეორე ადგილს კომპანია “ჯი პი აი” იკავებს, მაგრამ კომპანიის დარეგულირებული ზარალი 45 მლნ არ აღემატება. რაც თითქმის 4.5 ჯერ ჩამოუვარდება, კომპანია “უნისონის” მიერ დარეგულირებულ ზარალს. აქ ჩნდება მეორე კითხვა, რატომ გავიდა მიმდინარე წელს კომპანია “უნისონი” ასეთ კოლოსალურ ზარალზე?!

საქმე ისაა, რომ კომპანია სახელმწიფო ტენდერში იყო შესული, რომლითაც თბილისის მერიის მიერ შემოყვანილ, ახალ ავტობუსებს აზღვევდა. მოგვიანებით კომპანიამ ტენდერის პირობები ცალმხრივად გაწყვიტა და ავტობუსების დაზღვევაზე უარი თქვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი, გახლდათ ის რომ აღნიშნული ტენდერის შემდეგ, კომპანია მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდა.

მართალია ეს ინფორმაცია არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია ოფიციალურად, თუმცა სტატისტიკური მონაცემებიც საკმარისზე მეტს ამბობს.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეუმცირდათ სადაზღვეო კომპანიებს წმინდა მოგება, თავად მათი დათვლის მეთოდოლოგიაში უნდა ვეძებოთ. კერძოდ კი, მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში, მართალია შემცირებულია სადაზღვევოების წმინდა მოგება, თუმცა მოზიდულ პრემიასთან ერთად, გაზრდილია, ისეთი მიმართულებები როგორებიცაა, კომპანიების აქტივები და კაპიტალი.

კერძოდ კი თუ 2018 წლის 9 თვეში კომპანიების აქტივები 712 მლნ არ აღემატებოდა, მიმდინარე წლის, იმავე პერიოდში ეს რიცხვი 835 მლნ ლარს აჭარბებდა. ზრდა ფიქსირდება კაპიტალის მიმართულებითაც და თუ 2018 წელს კომპანიების კაპიტალი 200 მლნ არ აღემატებოდა, მიმდინარე წლის მხოლოდ 9 თვეში, სადაზღვევოების კაპიტალი 45 მლნ – ით გაზარდა და 245 მლნ ლარს გადააჭარბა.

ასეთ რეალობაში, ნებისმიერ საკითხში ჩახედულ ადამიანს უჩნდება ლოგიკური კითხვა, მაშინ რატომ შემცირდა კომპანიების წმინდა მოგება მაჩვენებლებში ?!

საქმე კი ისაა, რომ გარდა ზემოთ მოყვანილი “უნისონის” ქეისისა, რომელმაც ნამდვილად მოახდინა ზეგავლენა, მთლიანი სექტორის მაჩვენებელზე, კომპანიებმა გარკვეულ მონაცემთა გადათამაშებას მიმართეს.

კერძოდ ნებისმიერ კომპანიას შუძლია საკუთარი მოგება გადაიტანოს კომპანიის აქტივებში და ამით გაზარდოს აქტივები, რაც საბოლოო სურათში კომპანიას, არა როგორც მოგებად, არამედ როგორც აქტივად, ისე გამოუჩნდება. მეტიც ასე მოგების გადასახადსაც არ იხდის. ეს საკმაოდ კარგად აპრობირებული პრაქტიკაა და სტატისტიკურ მონაცემებს, თუ დავეყრდნობით, როგორც ჩანს სადაზღვეო სექტორმაც ამ მეთოდს მიმართა. სწორედ ეს გახდა ერთი შეხედვით “ანომალიური” მონაცემის მიღების მიზეზი და რეალურად, სულაც არ შემცირებიათ, სადაზღვევო კომპანიებს წმინდა მოგება.

პეტრე ლეკიშვილი

Share