Home » საზოგადოება » შემოსავლების სამსახური შპს „მაკნატუნას“ ამოწმებს
შემოსავლების სამსახური შპს „მაკნატუნას“ ამოწმებს

შემოსავლების სამსახური შპს „მაკნატუნას“ ამოწმებს

შპს „მაკნატუნაში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „მაკნატუნას“ მიმართ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.

უწყების განცხადებით, „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია გასული წლის 26 ნოემბერს დაიწყო, ახლა კი შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ეს პროცესი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მესამედ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია, შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“  მიმდინარე საგადასახადო შემოწმების  მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა”, – წერია განცხადებაში.

„მაკნატუნას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანტისაოკუპაციო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მათთან საგადასახადო სამსახური განმეორებით შევიდა.

Share