Home » საზოგადოება » „შემოგვაქვს ახალი კანონი, რომელიც მონოპოლიურ და დემპინგურ სიტუაციებს დაარეგულირებს“
„შემოგვაქვს ახალი კანონი, რომელიც მონოპოლიურ და დემპინგურ სიტუაციებს დაარეგულირებს“

„შემოგვაქვს ახალი კანონი, რომელიც მონოპოლიურ და დემპინგურ სიტუაციებს დაარეგულირებს“

ჩვენ ახლა შემოგვაქვს ახალი კანონი, რომელიც მონოპოლიურ და დემპინგურ სიტუაციებს დაარეგულირებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„შესაძლოა, რაღაც დონეზე ხელით მართვა ხდებოდა, მაგრამ აქამდე, საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა. იქნება ანტიდემპინგური კანონი, რომელიც კანონიერ საშუალებას მოგვცემს, ისეთი სიტუაციები განვიხილოთ, სადაც ვხედავთ, რომ დემპინგური ფასია“, – განაცხადა ქობულიამ.

ამ განცხადებით გიორგი ქებულიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გეგმავს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო დაცვითი მექანიზმების შემოტანას, რათა საქართველოში მწარმოებლები დემპინგური ფასებისგან და სხვა გამოწვევებისგან იყვნენ დაცული.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის მცირე ეკონომიკა, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ იმპორტზე დიდი რაოდენობით პროდუქციის შემოტანას და ამიტო იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა მუდმივად გაიზარდოს, განვითარდეს და გაძლიერდეს, ერთ-ერთი გზა არის ღია ეკონომიკის საფუძვლები.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ღია ეკონომიკა და ხალხს რაღაცის შემოტანაზე უარი არ უნდა ვუთხრათ; ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ის, რაშიც უპირატესობა გვაქვს და რასაც ვაწარმოებთ, მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ ექსპორტზე“, – განაცხადა ქობულიამ.

ქობულიამ ასევე განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანა ირჩევს სტრატეგიულ სექტორებს და მაქსიმალურ კონცენტრაციას მოახდენს იქ, სადაც უპირატესობა გვაქვს, გვყავს მუშა-ხელი, გვაქვს იაფი ენერგია, პორტებთან, ბაზრებთან წვდომა და ა.შ.

„თეორიულად, თუ ასი ტიპის პროდუქცია გვაქვს, მირჩევნია, აქედან 80 ტიპის პროდუქცია შემოვიტანოთ, 20 კი ვაწარმოოთ, მაგრამ ვაწარმოოთ არა იმდენი, რამდენიც ჩვენ გვჭირდება, არამედ ათჯერ მეტი“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Share