Home » საზოგადოება » შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მსურველებს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს
შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მსურველებს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს

შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მსურველებს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს

სტატია გამოქვეყნებულია 7 თებერვალს

დღეს, 7 თებერვალს, იურისტები, უფლებადამცველები ალექსანდრე კობაიძე და ზაზა ჯუსტიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს. ამ სტატუსის მატარებელს კიპატიმრების მონახულება თავისუფლად შეეძლება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი, პატიმარი შვილი ხშირად რომ ენახა, წლების წინ, 60 წლის ქართველმა ქალმა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, 4 წელი ისწავლა და ადვოკატი გახდა, დღეს კი იქმნება ორგანიზაცია, რომელიც პატიმრის ოჯახის წევრს, მეგობარს თუ ახლობელს პატიმრის ხშირად და შეუზღუდავად მონახულების საშუალებას მისცემს. „პროგრესნიუსს“ ადვოკატი, რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროპტესტანტული და ლუთერანული ეკლესია – ბიბლიური მზრუნველობა“-ს დამფუძნებელი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრა:

_ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ რელიგიური ორგანიზაცია – „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული და ლუთერანული ეკლესია – ბიბლიური მზრუნველობა“, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს. ორგანიზაციის შექმნის ერთადერთი მიზანი პატიმრების საზოგადოებაში რესოციალიზაცია და პატიმრების ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა გახლავთ .
_ როგორ აპირებს რელიგიური ორგანიზაცია ამ მიზნის მიღწევას?
_ ამჟამად, პენიტენციური სისტემაში არსებული ბიუროკრატიის გამო, პატიმრის ნახვის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრს, სახალხო დამცველს და პარლამენტის წევრს აქვს. პატიმრები საზოგადოებას მოწყვეტილები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას მოკლებულები არიან. დიდხანს ვიფიქრეთ როგორ მოგვეხერხებინა, რომ ამ ბიუროკრატიულ წნეხში პრობლემა მოგვარებულიყო და ამ პოზიციამდე მივედით. ჩვენი ორგანიზაცია პატიმრის ოჯახის წევრი იქნება, მეგობარი თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოგვმართავს, სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს. სტატუსი ამ ადამიანს საშუალებას მისცემს, რომ პატიმარი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეუფერხებლად მოინახულოს. ეს იქნება ქვეყანაში მოქმედი მთელი რიგი ბიუროკრატიული მექანიზმების შემსუბუქება და ამ მიზნის მიღწევაში ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ვერ შეგვზღუდავს. ეს მთელი რიგი კანონებისა და საერთაშორისო კონვენციებისა დარღვევა იქნება, ამიტომ ყველას, ვისაც პატიმრების ნახვის სურვილი აქვს (არ აქვს მნიშვნელობა ბრალდებულები არიან თუ მსჯავრდებულები) და ეს პრობლემა აწუხებს, საშუალებას ვაძლევთ, რომ პატიმრები მოინახულონ, ოღონდ იმ ფორმატით, რომელსაც ვთავაზობთ.
_ თქვენი „ბიბლიური მზრუნველობა“ ძალიან წააგავს „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლებას“..
_ „გირჩმა“ შეზღუდა, ჩვენ კი პირიქით, საშუალებას ვაძლევთ, რომ პატიმრებთან მეტი კომუნიკაცია მოხდეს, საზოგადოებაში მეტად ჩართულები იყვნენ, რომ მათი საზოგადოებიდან გარიყვა არ მოხდეს.
_ თქვენს რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს თუ გარკვეული კრიტერიუმები გექნებათ დაწესებული?
_ჩვენ გვექნება სპეციალური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მოხდება გასაუბრება. თუ ადამიანი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და გასაუბრებას გაივლის, მას მღვდელმსახურის რელიგიურ საბუთს მივცემთ და ოფიციალური უფლება ექნება პატიმარი, როგორც სულიერი შვილი მოინახულოს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, „ბიბლიური მზრუნველობა“ იურიდიულად, რელიგიური ორგანიზაციაა, მაგრამ მორალურად ვერ და არ იქნება რელიგიური ორგანიზაცია, რადგან ამის ამბიცია არ გვაქვს, ეს გამორიცხულია! მე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავართ, „ბიბლიური მზრუნველობა“ კი როგორც ხვდებით, მართლმადიდებლური ორგანიზაცია არ არის, რაც დედა ეკლესიასთან იდეურად და იდეოლოგიურად არათავსებადია, მაგრამ ჩვენ იურისტები ვართ და იურიდიულად, ეს წმინდა წყლის იურიდიული საკითხია, რომ ბიუროკრატიული „ხვრელი“ პატიმრის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. შესაბამისად, იდეურად არც ერთ კონფესიას არ ვეხებით, უბრალოდ, ვცდილობთ, რომ პატიმრის ოჯახის წევრებს, ბიზნეს პარტნიორებს თუ სხვა პირებს პატიმრების მონახულების საშუალება მივცეთ და პატიმრებს რესოციალიზაცია, ანუ საზოგადოებაში ჩართულობა გავუმარტივოთ.
_ იგივე მიზანს მართლმადიდებლური, დედა ეკლესიის მიერ კურთხეული ორგანიზაციის საშუალებით ვერ მიაღწევდით?
_ საპატრიარქოდან სასულიერო პირები ისედაც შედიან საპატიმროებში და სულიერ შვილებს მოძღვრავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ პატიმრებს ყოფა როგორმე გავუმარტივოთ. ჩვენ ამ საკითხს ფილოსოფიური თუ რელიგიური თვალსაზრისით არ განვიხილავთ, უბრალოდ, პრაგმატულად ვუდგებით, რადგან ამ ფორმატით პატიმრებს საშუალებას ვაძლევთ, რომ საზოგადოებისგან მოწყვეტილები არ იყვნენ და მოინახულონ ის ადამიანები, ვისი ნახვის სურვილიც აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა ერთი წელი აქვს მისჯილი თუ სამუდამო, მსჯავრდებულია თუ ბრალდებული, ყველას, ვინც საპატიმრო დაწესებულებაშია, დავეხმარებით, რომ ცხოვრება დასაზოგადოებაში ინტეგრაცია გავუმარტივოთ.

წყარო: “პროგრესნიუსი“

Share