Home » მსოფლიო » შეერთებულმა შტატებმა ევროპას მასშტაბური სავაჭრო ომი გამოუცხადა – რა ელის მსოფლიო ეკონომიკას?
შეერთებულმა შტატებმა ევროპას მასშტაბური სავაჭრო ომი გამოუცხადა - რა ელის მსოფლიო ეკონომიკას?

შეერთებულმა შტატებმა ევროპას მასშტაბური სავაჭრო ომი გამოუცხადა – რა ელის მსოფლიო ეკონომიკას?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპასთან სავაჭრო ომის ახალი ტალღა წამოიწყო, თანაც ამჯერად ბევრად სერიოზული. უახლოეს დროში ამერიკელები მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის საშუალებით მის ისტორიაში 25%-იანი საიმპორტო ტარიფების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს გაიტანენ.

ის მოიცავს ასობით ნიშნეულ ევროპულ საქონელს, მათ შორის ღვინოებს, ყველს, ხორცის და რძის პროდუქტებს – და ბრიტანულ სვიტერებს და გერმანულ დანებსაც კი. მიზეზი – მსოფლიოს თვითმფრინავის მწარმოებელ ორ ყველაზე მსხვილ კომპანიას – ევროპულ Airbus-სა და ამერიკულ Boeing-ს შორის კონკურენციაა, რაც ამ უკანასკნელის სერიოზული პრობლემების გამო გარღმავდა.

სატარიფო ომის საბაბი Airbus-ის და Boeing-ის კონკურენცია გახდა

ახალი ტარიფების შემოღება ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) გადაწყვეტილების გამო აამოქმედა. 2018 წელს მან 10 წლის წინ აშშ-ის მიერ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

მსო-მ მიიჩნია, რომ ევროკავშირი ზედმეტ სუბსიდიას გასცემდა თავის მთავარ ავიამწარმოებელზე – კორპორაცია Airbus-ზე. ტულუზაში რეგისტრირებულმა ავიაგიგანტმა უსამართლო საბაზრო უპირატესობა მოიპოვა, მიიღო რა 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება თვითმფრინავების A380 და A350WXB წარმოებისთვის, – წერს Bloomberg-ი. შედეგად, ამერიკულმა Boeing-მა 300-ზე მეტი თვითმფრინავი ვერ გაყიდა, დაკარგა რა „მნიშვნელოვანი წილი მსოფლიო ბაზარზე“, – ნათქვამია აშშ-ის ტარიფების შემოღების ფედერალური სავაჭრო კომისიის შეტყობინებაში.

„ბევრი წლის განმავლობაში ევროპა უზარმაზარ სუბსიდიებს გასცემს Airbus-ზე, რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკული აეროკოსმოსური მრეწველობა და ჩვენი მუშები. და ბოლოს, 15-წლიანი სასამართლო დავების შემდეგ მსო-მ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს უფლება აქვს აამოქმედოს კონტრზომები ევროკავშირის უკანონო სუბსიდიების წინააღმდეგ“, – განაცხადა სავაჭრო კომისიის წარმომადგენელმა რობერტ ლაიტცერმა.

ამერიკულმა ადმინისტრაციამ Boeing-ის დაცვა კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს გადაწყვიტა – უახლესი თვითმფრინავის 737 MAX-ის ორი კატასტროფის შემდეგ, რომლის დროსაც 346 ადამიანი დაიღუპა. ავარიები ამერიკელი მწარმოებლის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნათა აშკარა დარღვევის შედეგად მოხდა, – წერს The Guardian-ი. კომპანიას მოუწევს უზარმაზარი კომპენსაციების გადახდა როგორც დაღუპულების ნათესავებისთვის, ასევე ავიაგადამზიდავებისთვის, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში 737 MAX-ს ექსპლუატაციაზე უარის თქმა მოუწიათ. 737 MAX-ის მთავარი კონკურენტი მსოფლიო ბაზარზე ევროპელი მწარმოებლის ლაინერი A320-ია.

ტარიფები ფორმალურად მსო-ში სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს დამტკიცდება და 18 ოქტომბერს ამოქმედდება, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. ის ევროპელ მწარმობლებს წელიწადში 7,5 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, რაც მსო-ს ისტორიაში ტარიფების ყველაზე მსხვილი მოცულობაა.

აშშ-მა ტარიფები დაუწესა ასობით ცნობილ ევროპულ საქონელს

25%-მდე მოცულობის ტარიფები დაწესდა რამდენიმე ასეული საქონლის ტიპზე (ძირითადად, კვების და სასმელ პროდუქტებზე) სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან – როგორც ცალკე აღებულ პროდუქტზე, ასევე პროდუქტთა ჯგუფზე. ყველაზე მეტად სანქციებმა უნდა დააზარალოს ის ქვეყნები, რომლებიც Airbus-ის სუბსიდირებაზე ფულს გასცემდნენ. ესენია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

გთავაზობთ იმ ევროპული საქონლის არასრულ სიას, რომელსაც აშშ-მა ტარიფები დაუწესა:

10%-იანი ტარიფი

თვითმფრინავები

25%-იანი ტარიფი

დიდი ბრიტანეთი

ირლანდიური და შოტლანდიური ვისკი
შალის სვიტერები
შალის კოსტიუმები

გერმანია

ყავა
ნაჯახები და დანები
მიკროტალღოვანი ღუმელები

დიდი ბრიტანეთი და გერმანია

ბისკვიტები და ვაფლები
წიგნები

დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ესპანეთი

გაყინული ღორის ხორცი
ყველი
ზეითუნის ზეთი
ლიქიორი

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი

ღვინო
ზეთისხილი

ევროკავშირის ყველა ქვეყანა

ყველი, ღორის ფილე, ღორის სოსისი,  კარაქი, იოგურტი, ხილი, ბალი, მოლუსკი, ბოსტნეულის წვენები (ტომატის გარდა).

სურსათის იმპორტიორებს აშშ-ში მოლოდინი აქვთ, რომ ტარიფები სერიოზულად დააზიანებს ბიზნესისთვის კრიტიკულ საშობაო გაყიდვების პერიოდს. სფეროს წარმომადგენლები უკვე ჩივიან, ყველის, სასმელების გაყიდვებთან დაკავშირებულ ზიანზე და ამ საქონლის იმპორტიორთა ბიზნესის დანაჯკარგებზე. „ეს ტარიფები ძალიან დაასუსტებს და შესაძლოა, გაანადგურებს კიდეც ბევრ მცირე და საშუალო საოჯახო საწარმოს, რომლებსაც ეს საქონელი აშშ-ში გააქვთ“, – უთხრა Reuters-ს სასმელების იმპორტიორთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა რობერტ ტობიასენმა.

ინვესტორებს ახალი კრიზისის ეშინიათ

ახალი სავაჭრო ომის შესახებ ცნობებმა კიდევ უფრო გააძლიერა ინვესტორების შიში მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივასთან დაკავშირებით – განასაკუთრებით აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის გაგრძელებისა და „ბრექსიტის“ ფონზე.

2 ოქტომბერს მსოფლიო ბირჟები ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნით დაიხურა. ამერიკული ბირჟის ინდექსი Dow Jones-ი ორი დღის განმავლობაში 3%-ით შემცირდა, აჩვენა რა ყველაზე ცუდი კვარტალის დასაწყისი 2008 წლის შემდეგ. ამერიკული S&P 500 დაეცა 1,8%-ით, ხოლო Nasdaq-ი – 1,6%-ით. ლონდონის ბირჟის FTSE 100-ის ინდექსი შემცირდა 3,2%-ით – ეს ყველაზე ძლიერი ვარდნაა 2016 წლის იანვრის შემდეგ. მათი ბედი გაიზარეს აზიურმა ბირჟებმაც – Nikkei ტოკიოში დაეცა 2%-ით, ხოლო ავსტრალიურმა ASX200 დაკარგა 2,2%-ი, – წერს The Guardian-ი.

თავისთავად სავაჭრო დაპირისპირება აშშ-სა და ევროპას შორის პირველი წელი არ გრძელდება. თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მისმა პოლიტიკამ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ბრძოლა მკვეთრად გაამწვავა. მეტიც, ტრამპმა ევროკავშირი დაახასიათა, როგორც „ჩინეთზე უარესი, უბრალოდ უფრო პატარა“ და ევროპას საიმპორტო ავტომობილებზე მტკივნეული ტარიფების შემოღებით დაემუქრა.

იმავდროულად, ევროპელებს შეუძლიათ ტრამპს კიდევ უფრო მტკივნეული ტარიფებით უპასუხონ მსო-ს საშუალებით, – წერს France 24. 2005 წელს ორგანიზაციის მიერ აღძრული საქმის განხილვის დროს, ევროკავშირი ამტკიცებდა, რომ 1989-2006 წლებში Boeing-მა ამერიკის ხელისუფლებისგან 19,1 მილიარდი დოლარის სუბსიდია მიიღო. რამდენიმე იურიდიული წარმატების შემდეგ ევროკავშირმა მსო-ს მიმართა და სთხოვა 12 მილიარდი დოლარის მოცულობის ამერიკული საქონლის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციების ამოქმედების უფლება მიეცა. მსო, როგორც ჩანს, ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, თუმცა ტარიფების მოცულობას შეამცირებს.

imedinews.ge

Share