Home » ეკონომიკა » შეჩერებული ინფრასტრუქტურული განვითარების ქრონიკები
შეჩერებული ინფრასტრუქტურული განვითარების ქრონიკები

შეჩერებული ინფრასტრუქტურული განვითარების ქრონიკები

169 მილიონი ლარის 12 პროექტი და შესრულება – ნული

გზების მშენებლობის ტემპის შენელების საკითხი ისევ აქტუალურია. დიდი ძალისხმევის და არაერთი მინისტრის შეცვლის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება ისევ დროში ჭიანურდება, რის გამოც პროექტების დასრულების ვადები არაერთხელ იცვლება. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტარალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მთავრობის ოფიციალური ინფორმაციითვე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების (კერძოდ, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა – შორაპანის და შორაპანი – არგვეთას მონაკვეთების) მშენებლობის ვადები გადაიწია და 2021-2022 წლებში დასრულდება.

კორუფცია ის მრავალთავიანი ურჩხულია, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას ადრე თუ გვიან გამოიწვევს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ მიიღოს პასუხი კითხვაზე – არის თუ არა ასეთი ფაქტები ჩვენს სინამდვილეში და საზოგადოების ეჭვის შემთხვევაში ხდება თუ არა მათი ობიექტური გამოძიება.

საზოგადოებას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაფიქსირდა უხარისხო გზების დაგების ფაქტები (თბილისი–რუსთავის მაგისტრალი, ქობულეთის შემოვლითი გზა, სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი). შარშან ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობამ 2017 წელს 1.2 მილიარდს მიაღწია, 2018 წელს კი 1.8 მილიარდი, ხოლო 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით და ის მილიარდ ცხრაას სამოცდახუთ მილიონ ლარს შეადგენს. დაგებული გზების ხარისხი კი აშკარად დაბალია. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი არაეფექტური.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ამას ცხადჰყოფს წინა და ხმაურიანი გადაადგილებები. კერძოდ, გასულ წელს გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრი და სდაავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. უფრო მეტიც, მინისტრ ალავიძის საქმიანობაზე პროკურატურაში საქმეც კი აღიძრა, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დადებულა და კვლავ უცნობია რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის კორუფციული აბლაბუდა, რომელშიც სამინისტრო იყო გახვეული. ფაქტიო ერთია, ალავიძე კერძო სექტორში წავიდა და დღემდე კომფორტულად არის. წინააღმდეგ შემთხვევში თუ სამინისტროში ყველაფერი რიგზე იყო, გაუგებარია, რატომ გადააყენეს მინისტრი.

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში კვლავ დიდი პრობლემა დგას. ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება პროექტების განხორციელების ზუსტი ვადები და ვერ ხდება შესრულებული სამუშაოების შესრულების კონტროლი. აღნიშნულ სისუსტეებს ამყარებს ისიც, რომ გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის დიდი ნაწილის ათვისება ვერ შეძლო.

2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტის 45 პროცენტი აუთვისებელი ჰქონდა. ასეთია სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 1 მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენდა. ხაზინის ცნობით, 11 თვეში ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, დეკემბერში გასაწევი ხარჯი 811 მილიონ ლარს შეადგენდა. აუთვისებლობის მიზეზად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება სახელდებოდა.

გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აუდიტის სამსახურის მონაცემები გაასაჯაროვა.

დაპაუზებული პროექტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: – ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა 11 მილიონი ლარი, შესრულება ნული. – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა – 10 მილონი ლარი, შესრულება – 0.- მარნეულში მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა – 5 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – ალგეთის სადახლო საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია 12 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა 53 მილონი ლარი, შესრულება – 0.- მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა 10 მილონი ლარი, შესრულება – 0. – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინის-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი – 1 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – ქობულეთის წყალანირების პროექტი – 3 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – თბილისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი 10 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 4 მილიონი ლარი, შესრულება – 0. – თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 მილიონი ლარი, შესრულება – 0. ჯამში მოცემული 12 პროექტების მოცულობა 169 მილიონ ლარს შეადგენს.

საკითხავია როდემდე გაგრძელდება ასეთი განუკითხაობა. ფაქტი ერთია, სწორედ ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აწუხებს. სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება და ბევრი სხვა ფაქტორი. იმედია, ხელისუფლება მეტ ყურადღებას დაუთმობს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვიარებას და ამ პროცესში არც მენეჯმენტის, კონტროლის თუ საკადრო პოლიტიკის ცვლილების განხორციელებაზე იტყვის უარს.

 

ნათია წიკლაური

Share