Home » ფინანსები » სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ
სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

“ფინანსური ბიურო” მოქალაქეს 10 წლის წინ სხვის მიერ აღებული სესხის გადახდას სთხოვს

საქართველოში უკვე იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბანკთან, მიკროსაფინანსო ან ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, არსებობს იმის რისკიც, რომ ეს ურთიერთობები გაპრობლემდეს. ამ რისკის დადგომის ალბათობას, კიდევ უფრო რეალურს ხდის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე სოციალური ფონი.

საკრედიტო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხშირად ირღვევა, მიზეზი კი, ძირითადად, ერთია – მომხმარებლის გადახდისუუნარობა, რა დროსაც საკრედიტო ორგანიზაცია ე.წ. ამომღებ კომპანიას მიმართავს, რის შემდეგაც იწყება საკმაოდ რთული და მომხმარებლისთვის ძალიან არასასურველი პროცესი, რადგან, გარდა კანონით განსაზღვრული გზებისა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები, თანხის ამოღების მიზნით, ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ, მათ შორის შანტაჟს და მუქარას.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ონლაინ სესხების არსებობის პირობებში. მაშინ, როდესაც მოქალაქეებს 300–400 ლარიანი სესხი ჰქონდათ აღებული, რომლის გადახდაც ვერ მოახერხეს და შემდგომ ამომღები კომპანიები მათ 3000–4000 ლარის დაბრუნებას სთხოვდნენ. ამის მისაღწევად კი არც მუქარას ერიდებოდნენ და ხშირად მესამე პირზეც უკანონოდ გასცემდნენ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში მუდმივად იყო საუბარი ამ პრობლემის შესახებ, მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება დარღვევების შესახებ, საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი პრაქტიკა მაინც მუდმივად გრძელდებოდა.

ბოლო წლებში, გარკვეულწილად რეალობა შეიცვალა, ონლაინ სესხები ფაქტობრივად გაქრნენ ბაზრიდან, თუმცა როგორც ჩანს, ამომღები კომპანიების მუშაობის სტილი უცვლელი დარჩა – ისინი კვლავ შანტაჟით, მუქარით და სხვა უკანონო ქმედებებით ცდილობენ მოქალაქეებისგან თანხების ამოღებას.

გაზეთს “ბანკები და ფინანსები” დაუკავშირდა ერთ–ერთი მკითხველი, დიმიტრი ტიკარაძე, რომელმაც საკუთარი ამბავი მოგვიყვა, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრობლემური აქტივების მართვის კომპანია “ფინანსური ბიურო” სრულიად უკანონო მეთოდებით, შანტაჟისა და მუქარის საფუძველზე, ცდილობს იმ სესხის დაბრუნებას, რომელიც რეალურად ტიკარაძეს არც აუღია.

ჩვენ, ბუნებრივია, შესაბამისი კითხვებით მივმართეთ “ფინანსურ ბიუროსაც”, თუმცა მათგან მხოლოდ ის პასუხი მივიღეთ, რომ სურვილის მიუხედავად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ვინაიდან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებული პირის ფინანსურ ვალდებულებებთან წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას.

“ჩვენი სურვილის და მიუხედავათ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია თქვენს მიერ მითითებულ საკითხებზე. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებული პირის ფინანსურ ვალდებულებებთან წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა განმტკიცებულია კანონით, შესაბამისად თქვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება ჩვენი მხრიდან იქნება კანონდარღვევა”, – ნათქვამია “ფინანსური ბიუროს” მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ტიკარაძისგან გვქონდა სრული თანხმობა, ამავდროულად კითხვები ისე იყო მომზადებული, რომ პასუხების გამოქვეყნების შემთხვევაში, არ დარღვეულიყო მოქალაქის უფლებები, როგორც ჩანს “ფინანსურმა ბიურომ” თავი აარიდა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ჯობდა ამაზე “ფინანსურ ბიუროს” მაშინ ეზრუნა, როდესაც ტიკარაძისთვის გადასაცემ ოფიციალურ წერილს მეზობელს უტოვებდა – თუმცა, მოდით ამბავს მივყვეთ თავიდან.

როგორც დიმიტრი ტიკარაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, დაახლოებით, 3 წლის წინ “ფინანსური ბიუროს” წარმომადგენელი დაუკავშირდა მას და მოსთხოვა გადაეხადა იმ კომპანიის სესხი სადაც 10 წლის წინ მუშაობდა.

მას შემდეგ, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები პერიოდულად აგრძელებდნენ რეკვას, რაზეც ტიკარაძე პასუხობდა, რომ რაღაც ეშლებოდათ და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ სესხთან და იმ კომპანიაშიც 10 წლის წინ მუშაობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ფინანსური ბიუროდან” რეკვები არ შეწყვეტილა და ბოლო პერიოდში ისინი მუქარაზეც გადავიდნენ, რაზეც ტიკარაძისთვის გაგზავნილი წერილიც მეტყველებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი იგი სესხს არ გადაიხდიდა ხუთი დღის ვადაში მისი ქონებები დაყადაღდებოდა და აუქციონის მეშვეობით გაიყიდებოდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტიკარაძისთვის გადასაცემი ოფიციალური წერილი “ფინანსური ბიუროს” წარმომადგენლებმა მის მეზობელთან დატოვეს რაც პირდაპირი კანონდარღვევას და კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემას წარმოადგენს.

პრობლემის გამწვავების პარალელურად და მას შემდეგ რაც მუქარის ზარები გახშირდა, ტიკარაძემ მოითხოვა მისთვის გადაეცათ სესხთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა 10 წლის წინ მისი დამსაქმებელი კომპანიის მიერ აღებულ სესხთან, რაზეც “ფინანსური ბიუროს” წარმომადგენლებმა უარი განუცხადეს. არადა, იმ შემთხვევაში თუ დიმიტრი ტიკარაძეს რაიმე კავშირი აქვს ამ სესხთან, ისინი ვალდებულნი იყვნენ აღნიშნული დოკუმენტები მისთვის მიეწოდებინათ.
ასევე, რაც სატელეფონო და წერილობითმა შანტაჟმა მუდმივი სახე მიიღო, ტიკარაძემ “ფინანსური ბიუროს” წარმომადგენლებს მოთხოვა, რომ მათ მიემართათ სასამართლოსთვის და შეეწყვიტათ უსაფუძვლო მუქარა, თუმცა სესხის ამომღები კომპანიის წარმომადგენლები დღემდე აგრძელებენ მსგავს ქმედებას და მოქალაქეს სხვის მიერ 10 წლის წინ აღებული სესხის გადახდას კვლავ ავალდებულებენ.

ამ ერთ საქმეშიც კი უამრავი დარღვევა და კითხვის ნიშანი იკვეთება. გარდა იმისა, რომ აშკარაა პირდაპირი მუქარა და შანტაჟი, გაუგებარია რის საფუძველზე ხდება მოქალაქისთვის იმ სესხის მოთხოვნა, რომელიც მისმა დამსაქმებელმა კომპანიამ აიღო, ასევე ჩნდება კითხვა გასულია თუ არა სესხის ხანგრძლივობის ვადა, ვინაიდან საუბარია 10 წლის წინანდელ სესხზე. ასევე, თუკი რაიმე კავშირში იყო ტიკარაძე ამ სესხთან, რატომ შეატყობინეს მას ამის შესახებ 7 წლის შემდეგ, რატომ უმალავენ სესხთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებს თუკი იგი ოფიციალურად კავშირშია ამ სესხთან. და ბოლოს, გაუგებარია მუქარისა და შანტაჟის ნაცვლად 10 წელია რატომ არ მიმართავს “ფინანსური ბიურო” სასამართლოს, სადაც მარტივად შეძლებს ყველაფრის დამტკიცებას, თუკი იგი ნამდვილად მართალია.

რაც შეეხება “ფინანსურ ბიუროს” იგი 2015 წელს დაარსდა, ხოლო 2017 წელს “აქტივების მართვის ჯგუფიც” შეერწყა. მისი დირექტორები დავით აღსაბაძე და სოფიო ვარამაშვილი არიან. კომპანიის მფლობელებზე კი წილები შემდეგნაირად ნაწილდება – მამუკა ღლონტი 10%, ვახტანგ ოთხმეზური 45%, მალხაზ ბუღდიაშვილი 45%;

გიორგი კაპანაძე

Share