Home » საზოგადოება » სეპარატისტები ენგურჰესის დენს მთლიანად დაეპატრონენ
სეპარატისტები ენგუჰესის დენს მთლიანად დაეპატრონენ

სეპარატისტები ენგურჰესის დენს მთლიანად დაეპატრონენ

ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. ამაზე მიუთითებს 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსიც, რომლის მიხედვითაც, ორივე ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92,6% ოკუპირებულ რეგიონს მიეწოდა. სრული უკონტროლობა დენის მოხმარებაში, გამრიცხველიანების არასებობა, ბიტკოინის ფერმები არის მიზეზი იმისა, რომ დე ფაქტო რეგიონში ყოველწლიურად იზრდება მოხმარება. გამოსავალი კი დღესაც არ ჩანს. საქართველოს მთავრობა, როგორც ყოველთვის უძლურია, ხოლო სეპარატისტები, როგორც ყოველთვის, თავგასულები.

იანვარ-მარტში ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 724.8 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 671,3 მლნ კვტ/თ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში აფხაზებმა ამ ორი ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 92%-ზე მეტი წაიღეს, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში კი აფხაზეთის რეგიონმა 46.9% აითვისა.

რაც შეეხება თითოეულ თვეს, მონაცემები ასე გამოიყურება: იანვარში ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა გამოიმუშავა 259.1 მლნ კვტ/სთ, თებერვალში – 228.2 მლნ კვტ/სთ, მარტში – 237.4 მლნ კვტ/სთ. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ იანვარში შეადგინა 247.408 მლნ კვტ/სთ, თებერვალში – 216.467 მლნ კვტ/სთ და მარტში – 207.426 მლნ კვტ/სთ.

„ენგურჰესის“ დირექტორის განმარტებით, აფხაზეთის მიერ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია. წლის განმავლობაში სეპარატისტული რეგიონი ენგურჰესის ნახევარს მოიხმარს.

„ყველაფერი წყლის მოცულობასა და შემოდინებაზეა დამოკიდებული. ზამთრის სეზონზე წყალსაცავში წყლის მოცულობა ყოველთვის მცირდება. აფხაზები გასული წლების იანვარ-მარტ-თებერვალშიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. 2013 წლიდან მოყოლებული ასეა. სამაგიეროდ, აპრილ-მაისში მოხმარება უკვე მცირდება, ხოლო წლიურ ჭრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს მოიხმარენ“, – აცხადებს „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია.

როგორც „ენგურჰესის“ დირექტორმა „ბიპიენს“ განუცხადა პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა აფხაზეთში გამრიცხველიანებაა. ამ საკითხზე აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებიც ჰქონდათ, თუმცა პროგრესი ჯერ არ არის.

„აფხაზები ელექტროენერგიას უფასოდ იღებენ, ჩვენ კი არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ მათ საფასური დავუწესოთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანება არ არის. ისინი ელექტროენერგიის მოხმარებაში საფასურს რომ იხდიდნენ, მაშინ ამდენს აღარ მოიხმარდნენ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. გარდა ამისა, „ენგურჰესი“ შემოსავალს მიიღებდა და დაზოგილი ელექტროენერგია საქართველოში წამოვიდოდა.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან, რათა რეგიონში გამრიცხველიანება დროულად დაიწყოს. ბუნებრივია, ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, რომ ელექტროენერგია ჩვენგან უფასოდ მიჰქონდეთ. ამას თავადაც ხვდებიან, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგად, პროგრესი ჯერჯერობით არ არის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ“, – აცხადებს ლევან მებონია.

აფხაზეთში ელექტროენერგიას უკონტროლოდ მოიხმარენ, ზამთარში გათბობის, ზაფხულში კი კონდიცირებისთვის.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავაც ადასტურებს, რომ აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება. მირცხულავა ამტკიცებს, რომ ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ბიტკოინის მაინინგის ფერმებია.

ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში, აფხაზეთში ნიშნული მკვეთრად გაზრდილია. მირცხულავას ინფორმაციით, ამის გამომწვევი მიზეზი, ერთი მხრივ, არის დაბალი ტარიფები, რომელიც დაახლოებით 15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ასევე პრობლემაა ენერგიის უყაირათოდ მოხმარება და საფასურის გადაუხდელობა.

მეორე მხრივ კი, დაბალტარიფიანი ელექტროენერგია ბიტკოინის მაინინგისთვის ძალიან მომგებიანია. მირცხულავას აზრით, დღეს აფხაზეთი კრიპტოვალუტების გასავითარებლად მიმზიდველი ტერიტორიაა.

წყარო: for.ge

Share