Home » საზოგადოება » საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა – ხელისუფლება ცალკეული სოფლების ინტერნეტიზაციისთვის საერთაშორისო დონორებს ეძებს
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა – ხელისუფლება ცალკეული სოფლების ინტერნეტიზაციისთვის საერთაშორისო დონორებს ეძებს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა – ხელისუფლება ცალკეული სოფლების ინტერნეტიზაციისთვის საერთაშორისო დონორებს ეძებს

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21 საუკუნის საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანია. ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ვერ ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას.

მაშინ როდესაც მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზას ადგას, ჩვენთან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუკას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ინტერნეტით სრულად დაფარული მხოლოდ თბილისი და აჭარის რეგიონია.

აი, რაც შეეხება კახეთს, იქ ინტერნეტის დაფარვის სიმკვრივე 35%–ს შეადგენს, 40%–ითაა დაფარული შიდა ქართლი, ქვემო ქართლის დაფარვის სიმკვრივე 62%–ს შეადგენს, 54%–ითაა დაფარული იმერეთი, 42%–ით სამცხე–ჯავახეთი, 45%–ით მცხეთა–მთიანეთი, 19% პროცენტით გურია, 32%–ით სამეგრელო ზემო–სვანეთი, აი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დაფარვა კი მხოლოდ 5%–ს შეადგენს.

როგორც ვხედავთ, ინტერნეტის დაფარვა საქართველოს რეგიონებში ძირითადად 50%–ს ქვემოთაა, რაც ნამდვილად კატასტროფული მაჩვენებელია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იყო, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა განეხორციელებინა და რაშიც 100–150 მილიონი უნდა დახარჯულიყო. შედეგად, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა, ხოლო 10 რეგიონის 500-მდე სოფელი ინტერნეტ კაბელით უნდა დაქსელილიყო. პროექტის დაწყების შესახებ 2016 წელს გაცხადდა და სამუშაოების დაწყების შესახებაც დაანონსდა, თუმცა მას შემდეგ 2 წელიწადზე მეტი გავიდა და არანაირი კონკრეტული შედეგიც შესახებ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას OPEN NEთ–ს არ განუცხადებია. ორი წლის განმავლობაში კომპანია არანაირ ინფორმაციას არ აქვეყნებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ან კი, როგორ გამოაქვეყნებს, როდესაც არაფერი არ გაკეთებულა.

როგორც ჩანს, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის განხორციელებაც პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა ჩავარდა, თუმცა მიზეზები უცნობია. არც ისაა ცნობილი თავად ივანიშვილმა გადაიფიქრა მისი განხორციელება, თუ მის მიერ პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხები გაიფლანგა და ამიტომ დროებით დააპაუზა პროექტი. თუმცა, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი ფაქტი ერთია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი, ბაზარს კვლავ მხოლოდ ორი კომპანია ,,კავკასუს ონლანი” და ~სილქნეტი” აკონტროლებენ.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ვიცეპრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, გაუგებარია თუ რამ განაპირობა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ჩავარდნა და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან.

“მაშინ, როდესაც საქართველოს რეგიონების დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი და ბაზარს სრულად აკონტროლებს ორი კომოპანია “სილქნეტი” და “მაგთიკომი”, გაუგებარია რა ბედი ელით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ეს ორი კომპანია თავად არ ცდილობს ქსელის განვითარებას და ძირითადად არსებული აბონენტებისთვის მაღალი ტარიფების დაწესებით იღებს შემოსავალს. რეგიონებში მართალია მრავალი მცირე და საშუალო ოპერატორია, თუმცა მათ საკმაოდ მწირი ფინანსური რესურსი აქვთ, ვერ ახერხებენ ბაზრის ორ დომინანტ კომპანიასთან კონკურენციაში შესვლას და საკუთარი საქმიანობის განვითარებას. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის სავიზიტო ბარათი უნდა გამხდარიყო, შესაბამისად გაუგებარია რამ განაპირობა მისი კრახი.
ინტერნეტიზაცია, გარდა იმისა, რომ რეგიონებისა და ქართული სოფლების განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი, ასევე ინტერნეტბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს. საერთო ქსელის არსებობის პირობებში როგორც არსებული მცირე კომპანიები განვითარდებოდნენ, ასევე შესაძლებლობა გაჩნდებოდა იმის, რომ ბაზარზე ახალი კომპანია შემოსულიყო, რაც შექმნიდა კონკურენტულ გარემოს, შეამცირებდა არსებულ ტარიფებს და გაქრებოდა დღეისათვის ბაზარზე დამკვიდრებული დუოპოლია”, – აცხადებს კაპანაძე.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომ ჩავარდა ამას ისიც ცხადჰყობს, რომ მიმდინარე წლის მარტში ფშავ–ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა ამ პროექტს არა “ოფენ ნეტი” ახორციელებს, არამედ თანხების მოძიება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მეშვეობით მოხდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი პროექტის მთავარი მხარდამჭერი და ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, აწარმოა მოლაპარაკებები ინტერნეტ საზოგადოება ISOC-თან და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება. სამინისტროსა და ISOC-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, ამ უკანასკნელმა საქართველოს გაუწია ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ხოლო ინტერნეტ საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ააიპ “მთის სათემო ქსელმა” მიიღო დამატებით დაფინანსება 70 ათას ლარამდე სხვადასხვა დონორების საშუალებით. პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, “ვეონი საქართველო” (“ბილაინი” საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, შპს “ინტელკომ ჯგუფი”, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” (“ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია”), შპს “სქაიტელი” და შპს “ენბი ნეტი”.

როგორც ჩანს, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს მომავალი აღარ აქვს, შესაბამისად ეკონომიკის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები ცდილობენ გარკვეული გრანტების მოზიდვას საერთაშორისო დონორების მეშვეობით, რათა ნელ–ნელა რამდენიმე სოფელში მაინც შეძლონ ინტერნეტ ქსელის განვითარება. მართალია არც ეს არის ურიგო საქმე, თუმცა ასეთი ტემპით და მსგავსი პროექტებით რთულად წარმოსადგენია უახლოეს წლებში საქართველოს სოფლების ინტერნეტიზაციის მიმართულებით რაიმე ღირებული შედეგი მივიღოთ.

გიორგი რანი

Share