Home » ბიზნესი » საწვავის გაიაფებას ტაბუ ადევს
საწვავის გაიაფებას ტაბუ ადევს

საწვავის გაიაფებას ტაბუ ადევს

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტები იაფდება. ბენზინის ღირებულება 8-10%-ით დაეცა, მაგრამ საქართველოში არაფერი იცვლება. ავტომფლობელები კვლავ უზარმაზარ ფასს იხდიან საწვავის შესაძენად.

ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ნავთობის ღირებულება მეთოდურად მცირდება. მიუხედავად ამ ტენდენციისა, საქართველოში საწვავის ფასი არ იკლებს. მსოფლიო ბაზრაზე ნედლი ნავთობის ფასების კორექტირება მაისიდან დაიწყო, თუმცა ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში, ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება მხოლოდ იზრდებოდა.

იმპორტიორები ამბობენ, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია გაგრძელდა და ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ფასების კორექტირებას საქართველოშიც უნდა ველოდოთ.

ნავთობპროდუქტების გაიაფების მიზეზი სხვადასხვაგვარია. ამერიკაში, ერთი მხრივ, მარაგი გაიზარდა, ხოლო, მეორე მხრივ, ბაზარზე მიწოდებამ მოიმატა. დამატებითი ფაქტორი, რამაც ნედლი ნავთობის გაიაფება გამოიწვია, არის ოპეკ-ისა და რუსეთის ერთობრივი გადაწყვეტილება, მიწოდება გაეზარდათ ბაზრისათვის. ოპეკი ბოლო რამდენიმე წელი, მოპოვების შემცირებით ცდილობდა ფასის რეგულირებას. ახლა არსებული შეთანხმება, ფაქტობრივად, გაუქმებულია და მისმა მთავარმა მოკავშირე რუსეთმაც გაზარდა დღიური მიწოდება ბაზარზე, რამაც პოზიტიურად იმუშავა ფასის შემცირების მიმართულებით.

1 ბარელის ფასი უკვე „ლაითის“ ტიპის ნავთობის, 67 დოლარია, ხოლო „ბრენტი“ 72 დოლარზე ჩამოვიდა. ყველას ახსოვს, რომ რამდენიმე კვირის წინ 80 დოლარსაც აღწევდა „შავი ოქროს“ ღირებულება.

უკვე ნამდვილად არის ის დრო გასული, რომ საქართველოში ბაზარს სასიკეთო ცვლილება დასტყობოდა, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ იგრძნობა. ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასი დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, წინა კვირას შემცირების ნაცვლად, ფასი გაიზარდა.

„ეს, რა თქმა უნდა, აცდენილია ყოველგვარ ჯანსაღ პროცესს. ამ ამბის ახსნა არ არსებობს. ნავთობი მსოფლიოში კარგა ხანია იაფდება და ჩვენთან სრული სტაგნაციაა. იმპორტიორებს აქვთ კიდევ ერთი არგუმენტი, ეს არის ვალუტის კურსი, მაგრამ არც ის შევცვლილა ბოლო რამდენიმე თვეა. მეტიც, ეროვნული ბანკი ბოლო დროს ახორციელებს ინტერვენციებს იმისათვის, რათა ლარის გამყარება ხელოვნურად აიცილოს თავიდან. ასე რომ, ჩვენი ვალუტა სტაბილურია და ეს მომენტიც გამორიცხულია.

ამით კიდევ ერთხელ აშკარა ხდება, რომ კომპანიები სრულად თავის ნებაზე არიან მიშვებული, მაკონტროლებელი არავინაა“, – განაცხადა ბაირახტარმა.

მოსახლეობამ და არასამთავრობოებმა უკვე წამოიწყეს აქტიური კამპანია ძვირი საწვავის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეები ამჯერად კომპანია „სოკარის“ სათავო ოფისთან შეიკრიბნენ, სამომავლოდ კი უფრო დიდი ტალღის აგორებას აპირებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსხვილი კომპანიები, ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ, დიდ მოგებაზე მუშაობენ, ხოლო საცალო ქსელში საწვავის ფასი უზარმაზარია. ისინი კომპანიისგან საწვავის ფასების დარეგულირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს განაგრძობენ და პროტესტს სხვადასხვა საშუალებითაც გამოხატავენ.

For.ge

ბექა დანელია

Share