Home » ფინანსები » საწვავი ძვირდება და მალე ტრანსპორტით მგზავრობის ფასიც გაიზრდება
საწვავი ძვირდება და მალე ტრანსპორტით მგზავრობის ფასიც გაიზრდება

საწვავი ძვირდება და მალე ტრანსპორტით მგზავრობის ფასიც გაიზრდება

მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი 78 დოლარს მიუახლოვდა

ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 80-100 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო და სამომავლოდ ფასი კიდევ მოიმატებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ამ პირობებში კი როგორც საქალაქთაშორისო, ასევე ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის მომსახურების ღირებულებაც გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ფასის შენარჩუნებაზე საუბრობენ, არსებული ვითარება ალბათ დიდხანს ვერ გასტანს.

2018 წელი მომხმარებელს საწვავის გაძვირებით შეიძლება დაამახსოვრდეს

შიდა საქალაქო მიკროავტობუსების წარმომადგენლები და დედაქალაქის წამყვანი ავტოსადგურების მფლობელები ამბობენ, რომ ტარიფის გადახედვას არ გეგმავენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასი მკვეთრ მატებას გადაურჩა. რაც შეეხება ტაქსებს, მათ მგზავრობის ღირებულება უკვე გააძვირეს და თუ სამომავლოდ ტენდენცია გაგრძელდა, მგზავრთა გადაყვანა კიდევ უფრო ძვირად მოუწევთ.

“რეზონანსი” “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნათია მიქიაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ მომავალში საწვავის ფასი 2.50 იქნება ან გადასცდება ამ მაჩვენებელს, “თბილისის მიკროავტობუსი” რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს არსებული ფასი. მიქიაშივლი ამტკიცებს, რომ ყვითელი “მარშრუტკებით” მგზავრობა არ გაძვირდება და არც სამომავლო გეგმაშია მსგავსი რამ.

“მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, საწვავის ფასი გაიზარდოს როგორც მსოფლიო ბაზარზე, ასევე საქართველოშიც, ჩვენი კომპანია არ აპირებს ტარიფის გაძვირებას”, – აღნიშნა მან.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენელი ნესტორ მიქაუტაძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის ფასის გაზრდას არ აპირებენ, რადგან ამის საჭიროება არც საწვავის ფასის გამოა და არც კონკურენცია იძლევა ამის საშუალებას, თუმცა თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, სამგზავრო ტარიფების კორექტირება აუცილებელი იქნება.

,,ავზებში სადაც ინახება საწვავი, არ ხდება მათი რეცხვა და, შესაბამისად, ჩვენ ვასხამთ დაბინძურებულ ბენზინს’’

“ამ ეტაპზე ფასების გაზრდას არ ვაპირებთ და არც სამომავლო გეგმაზე ვსაუბრობთ, რადგან კონკურენცია დიდია. დიდუბე მთლიანად ავტოსადგურების გარემოცვაშია. ჩვენ თუ გავაძვირებთ და ეს არ იქნება აუცილებელი პირობით გამოწვეული, კლიენტს დავკარგავთ. აქედან გამომდინარე, ვერ დავუშვებთ, თავადვე შევიქმნათ პრობლემა და კონკურენტებს გადავულოცოთ ჩვენი კლიენტები.

მაქსიმალურად შევეცდებით, ფასები შევინარჩუნოთ, თუმცა მარტო ჩვენ არ ვწყვეტთ ამ საკითხს. გვყავს დაქირავებული გადამზიდველები, სხვადასხვა შპს და კერძო პირები, ვისაც ავტომანქანები ეკუთვნით. თუ საწვავის ფასი რადიკალურად მოიმატებს, შეიძლება, რაღაც სხვაობა იყოს ფასში. მცირე ფასნამატის შემთხვევაში, თუნდაც 10-12%-იანი ზრდის შემთხვევაში, არ გავაძვირებთ მგზავრობას”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომპანია “ტრანსველის” წარმომადგენელი ალიკა ქუფარიშვილი კი გაძვირებას არ გამორიცხავს. უფრო მეტიც, მან “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ვერც ერთი კომპანია ვერ შეძლებს არსებული ტარიფის შენარჩუნებას, თუ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი გაიზარდა.

როგორ ცხოვრობს თურქმენეთი უფასო საწვავით და კომუნალური გადასახადების გარეშე

“ამ ეტაპზე გაძვირება არ იგეგმება, მაგრამ საერთაშორისო და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ვითარება თუ კიდვ გართულდა, აუცილებლად აისახება სატრანსპორტო მომსახურებაზეც. არ ვიცი, რატომ ამბობენ, რომ გაძვირების შემთხვევაშიც შეინარჩუნებენ არსებულ ფასს. ტრანსპორტი საწვავის გარეშე ხომ არ მუშაობს? შეიძლება რამდენიმე დღე, მაქსიმუმ, ერთი თვე შეძლონ შენარჩუნება, მაგრამ ეს ხომ ყოველდღიური ხარჯია. საწვავს იყიდიან ძვირად, გაივლიან დღეში რამდენიმე ასეულ კილომეტრს და მოგებაზე არ იფიქრებენ? ეს ხომ აბსურდია”, – განაცხადა ქუფარიშვილმა.

მირიან ბერაძე, რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში საკუთარი ავტომობილით მგზავრებს ემსახურება. “ტაქსაობა” მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. თუ საწვავი კიდევ გაძვირდება, მას აუცილებლად მოუწევს ტარიფის გაზდა.

“რამდენიმე წელია, “ვტაქსაობ”. ეს საქმიანობა ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. თითქმის ყველანაირი ფასი მახსოვს, რაც დღემდე იყო, როგორც საწვავის, ასევე მგზავრობის. საუბარი მიდის იმაზე, რომ შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასმა კიდევ მოიმატოს. ამ შემთხვევაში იძულებულები გავხდებით, მგზავრობა გავაძვიროთ. ელემენტარული ხარჯის დაფარვის შემდეგ რაღაც მოგება ჩვენც უნდა დაგვრჩეს, რადგან დილიდან საღამომდე და ხშირად მეორე დილამდეც ვერ ვივლით მოგების გარეშე”, – გვითხრა ბერაძემ.

ნათია ლომიძე
გაზეთი “რეზონანსი”

Share