Home » საზოგადოება » სავალუტო ფონდმა „ევექსის“ მონოპოლიური მდგომარეობა საფრთხედ შეაფასა
სავალუტო ფონდმა „ევექსის“ მონოპოლიური მდგომარეობა საფრთხედ შეაფასა

სავალუტო ფონდმა „ევექსის“ მონოპოლიური მდგომარეობა საფრთხედ შეაფასა

სავალუტო ფონდმა თავის ანგარიშში საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითა. „საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სავალუტო ფონდმა ამ სფეროში ყველაზე მსხვილი მოთამაშე, ეს კი ქართულ რეალობაში სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ა, სამედიცინო ბაზრის საფრთხედ შეაფასა. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ყველა სფეროში კონკურენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსის გადანაწილების პროცესის გაუმჯობესებისთვის და ეფექტიანობის ამაღლებისთვის.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მონოპოლიურ მდგომარეობაზე წლების განმავლობაში წერდა როგორც „კომერსანტი“,  ისე ამაზე არაერთი ექსპერტი საუბრობდა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ თემას თავს არიდებდა. არადა,  რამდენიმე წლის წინ მინისტრმა  აღიარა, რომ „ამ კლინიკაში ყველაფერი რიგზე არ არის”, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამ თემაზე  კრიტიკული საუბრები გრძელდება, გამოსწორებისკენ ნაბიჯები დღემდე არ იდგმება.

იცნობენ თუ არა სავალუტო ფონდის დასკვნას მმართველ გუნდში და როგორ აპირებენ ამ საფრთხეზე მუშაობას?

„ქართული ოცნების“ დეპიტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან ბეჟანიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშს არ იცნობს, თუმცა, ზოგადი შეფასება სამედიცინო სექტორის ირგვლივ შესაძლებელია. ის არ ეთანხმება ფონდის დასკვნას იმ ნაწილში, რომ სამედიცინო სექტორში ნაკლებია კონკურენცია, რადგან მისი შეფასებით, ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იხსნება კლინიკები და აქ სფეროში კონკურენცია მართლაც დიდია.

მისი თქმით, დღეს ამ სფეროში მონოპოლისტია სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, რაც სამედიცინო ბაზარზე ნამდვილად არასასიამოვნო და არასახარბიელო სურათს ქმნის.

კითხვაზე, საკანონმდებლო ორგანო უნდა დაინტერესდეს თუ არა სავალუტო ფონდის ანგარიშით და როგორ გეგმავს პარლამენტი ამ საფრთხეზე მუშობას, ბეჟანიძე განმარტავს, რომ ამისთვის საჭიროა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამუშავება. მისივე მტკიცებით, „ევექსი“ შვილობილ კომპანიებზეა გაფორმებული და რეალურად და იურიდიულად მას ბრალს ვერ დავდებთ.

„საბაზრო ეკონომიკაა და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს. კანონები მიღებულია,საკანონმდებლო ბაზაც ნორმალურია, კონკურენციის სააგენტო მუშაობს. დავაცადოთ რა იქნება,“-აცხადებს ბეჟანიძე.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნავს, რომ  ჯანდაცვის სისტემა რეფორმირებას ითხოვს. რაც შეეხება მონოპოლიურ გარემოს, დეპუტატი აცხადებს, რომ ის კონკრეტულ კომპანიებზე და კონკრეტულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე ვერ ილაპარაკებს, თუმცა, ერთადერთი, რისი თქმაც ახლაა შესაძლებელი, არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში ფული არასწორად, არაეფექტურად იხარჯება.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძის  განმარტებით, ის რომ „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ არ არის მონოპოლისტი კომპანია, გამოიხატება კონკრეტულ ციფრებში, ქვეყნის 250 ჰოსპიტალიდან „ევექსის“ მართველობაში მხოლოდ 37 სამედიცინო დაწესებულებაა.  “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” დედა კომპანია “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” ლონდონის საფონდო ბირჟის ჩართული კომპანიაა. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი კომპანია, რომლსაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქვს განთავსებული აქციები, ექცევა მკაცრი რეგულაციების ქვეშ, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს კანონმდებლობის სრულად დაცვას, მათ შორის საქართველოს კანონის კონკურენციის შესახებ.

ჩვენ, ჩვენი საქმიანობით ვართ გამჭვირვალე კომპანია, რომლსაც მთელი მსოფლიოდან ათასობით აქციონერი და ლონდონის საფონდო ბირჟის აუდიტორული კომპანიები აკვირდებიან“-აღნიშნავს ნიორაძე.

commersant.ge

Share