Home » ბიზნესი » სათამაშო ბიზნესის პოლიტიკური ვერდიქტი – რეგულაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ბლოკავს
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკური ვერდიქტი - რეგულაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ბლოკავს

სათამაშო ბიზნესის პოლიტიკური ვერდიქტი – რეგულაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ბლოკავს

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია ,რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბრები რომ აღნიშნული სფერო გარკვეულწილად მოწესრიგებას საჭიროებს. შესაბამისად ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ აზარტული თამაშებისთვის რეგულაციებს ითვალისწინებს.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა. თვალსაჩინოებისთვის, საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცულობა შარშან 2,343 მლრდ ლარი იყო, რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება.

კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს “განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების” ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ადამიანები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, აზარტულ თამაშებში იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში.

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ღიად მიუთითა, რომ `აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული: `სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის “თხოვნით თუ მოთხოვნით” არის გაჩერებული” – განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა.

“ჩვენ ასე ვიყავით შეთანხმებულები, რომ ეს შემოჰქონდა მთავრობას. თუ მთავრობა არ შემოიტანს, ამ ყველაფრის ხელახლა ინიცირება მე მომიწევს და გამოჩნდება, რეალურად, იქნება თუ არა პარლამენტში მხარდაჭერა. ერთ შემთხვევაში, რეკლამაზე მე ვარ ინიციატორი, ყველა კომიტეტი გაიარა და კენჭისყრა დაახლოებით, ორი თვით არის შეჩერებული. მეორე კანონპროექტი, რომელზეც პოლიტიკურად შეთანხმება შედგა, რადგან საპატრიარქოც ჩართული იყო, დებატები ასაკთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, 21 წელი თუ 25 წელი. მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის შემოტანის დრო მოვიდა”, – განაცხადა გადაცემა 360 გრადუსში ლევან გოგიჩაიშვილმა.

ბუნებრივია არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ სათამაშო ბიზნესის ლობი აქტიურად ახდენს გავლენას, როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ჩნდება კორუფციული ეჭვები ამ მიმართულებით იმდენად, რამდენადაც მუდმივად, ყოველ წელს აქტიურდება ხოლმე სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების თემა, თუმცა მალევე იჩქმალება და სხვა ლოგიკურ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ არის ამ დრომდე რაიმე ღონისძიებები გატარებული სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების თვალსაზრისით. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და რა პოზიციას დაიჭერენ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. საკითხთან დაკავშირებით, “ბანკები და ფინანსები” მუდმივად დიდ ინტერესს იჩენდა და, ცხადია, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მკითხველისთვის აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.

ნათია წიკლაური

Share