Home » საზოგადოება » სათამაშო ბიზნესასოციაცია “ბლეფზე” მიდის – მისი ხელმძღვანელი ურცხვად იტყუება
სათამაშო ბიზნესასოციაცია "ბლეფზე" მიდის - მისი ხელმძღვანელი ურცხვად იტყუება

სათამაშო ბიზნესასოციაცია “ბლეფზე” მიდის – მისი ხელმძღვანელი ურცხვად იტყუება

სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი საზოგადოებაში მიმდინარე კვირას გამოჩნდა და განაცხადა, რომ  აზარტული თამაშების წლიური ბრუნვა სტატისტიკური მონაცემებისგან სრულიად განსხვავებულია და ციფრებით არასწორად აპელირება ხდება.

“საუბრობენ მილიარდებზე, რაც რეალური მონაცემებისგან ბევრად განსხვავდება. ინდუსტრიის შემოსავალი 10-15-ჯერ ნაკლებია იმ ციფრებზე, რასაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ”, – აღნიშნა ბერუაშვილმა.

მისი განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად განვითარდა, სტატისტიკის წარმოება მოძველებული მეთოდოლოგიით ხდება, რაც ბიზნესის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს. ამიტომაც სათამაშო ბიზნესასოციაციამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან გააფორმა მემორანდუმი. მხარეები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ სწორი აზრის შექმნას.

“არსებობს ინფორმაცია, რომ სათამაშო ბიზნესის შემოსავალი და ბრუნვა თითქოს 6 მილიარდამდეა. რეალურად კი ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, ბრუნვის მაჩვენებელი 700 მილიონიდან 800 მილიონამდე მერყეობს. მაგრამ ამას უნდა გამოაკლდეს შესაბამისი ხარჯები, რაც ამ ბიზნესისთვის ძალიან მაღალია. გასულ წელს სათამაშო ბიზნესმა გადასახადების სახით დაახლოებით 350 მილიონი ლარი გადაიხადა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის სრული ციფრი. იმდენად რამდენადაც, ბიზნესში არსებობენ არალიცენზირებული კომპანიებიც და საერთო ჯამში ჩვენი წარმოდგენით, საგადასახადო ტვირთი სათამაშო ბიზნესისთვის წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდამდე მერყეობს”, -აღნიშნა ზურა ბერუაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვას, საქსტატის მიერ მონაცემებით, 2017 წელს მან 5,649 მილიარდი ლარი შეადგინა. გარდა ამისა 2018 წლის პირველ კვარტალში, საქსტატის მონაცემებით, 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის 3 აზარტული თამაშების კომპანია აღმოჩნდა.

ანუ, რა გამოდის, საქსტატმა და შემოსავლების სამსახურმა ასეთი მასშტაბური ციფრები თავად მოიგონეს, თუ სათამაშო ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას? ალბათ, უფრო მეორე, ვინაიდან შეუძლებელია ამხელა სხვაობა არსებობდეს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და ასოციაციის მიერ მოყვანილ ციფრებს შორის. ზურაბ ბერუაშვილი გადასახადების ნაწილში ეთანხმება საქსტატს და აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესს ნამდვილად 350 მილიონი აქვს გადახდილი ბიუჯეტში, ანუ – ბრუნვის მაჩვენებელი შეცდომა ყოფილა, ხოლო გადასახადები სწორად დაუანგარიშებიათ?

ყველაზე დიდი ტყუილი მაინც ბერუაშვილის მიერ დასახელებული ციფრებია, როგორ შეიძლება, რომ 700-800 მილიონიანი ბრუნვის ფონზე კომპანიებს 350 მილიონი, ანუ დაახლოებით 50% ბიუჯეტში ჰქონდეთ გადახდილი, მაშინ, როდესაც სათამაშო ბიზნესი ძირითადად მოსაკრებლებს იხდის და საკმაოდ ლოიალური საგადასახადო პოლიტიკით სარგებლობს. ციფრები იმდენად აბსურდულია, რომ მასზე მსჯელობაც კი არ ღირს, უბრალოდ საზოგადოების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

როგორც ჩანს, დაინახეს რა საგანგაშო სტატისტიკა, სათამაშო ბიზნესასოციაციამ, რომელიც თავად სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა დააფუძნეს, გადაწყვიტა, რომ საზოგადოება მოატყუოს და საქსტატს ისეთი მეთოდოლოგია შესთავაზოს, რომლის მეშვეობითაც ციფრების მანიპულირებას შეძლებს და მიჩქმალავს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც აღნიშნული ბიზნესი ქმნის ქვეყანაში. ბიზნესი, რომელიც ფულის გათეთრების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად ითვლება და ამ მიმართულებით არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.

ამიტომაც, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ეს ყველაფერი და უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის ფინანსების სრული გამჭვირვალობა, რათა როგორც თავად, ასევე სპეციალისტებმა და საზოგადოებამ ნათლად დაინახონ თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე.

გიორგი კაპანაძე

Share