Home » ბიზნესი » სარეკლამო შეტყობინებების გამო 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა
სარეკლამო შეტყობინებების გამო 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა

სარეკლამო შეტყობინებების გამო 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მონაცემებით, 59 მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ინსპექტორმა პირდაპირი მარკეტინგის ათეულობით ფაქტი შეისწავლა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა დადგინდა, 19 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა და გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 57 დავალება.

„მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებისა და კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული რეგულაციის გადასინჯვა, საჯარო წყაროებიდან მონაცემების გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების საფუძვლად მხოლოდ მოქალაქის ინფორმირებული თანხმობის განხილვა. ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2019 წლის დასაწყისშივე წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – აღნიშნულია წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია – რამდენიმე ორგანიზაცია აპელირებდა იმაზე, რომ მათ მიერ გაგზავნილი შეტყობინება შინაარსით არ იყო სარეკლამო ხასიათის და წარმოადგენდა საინფორმაციო შეტყობინებას.

Share