Home » ფინანსები » საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის აღმავლობის ხანა იწყება
საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის აღმავლობის ხანა იწყება

საქართველოში სადაზღვევო ბიზნესის აღმავლობის ხანა იწყება

ტრანზიტულ ავტოტრანსპორტზე მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ შედეგად სექტორის წმინდა მოგების გაორმაგება მოიტანა

2018 წელი საქართველოს სადაზღვევო სექტორისთვის გარდამტეხ წლად შეიძლება შეფასდეს. მარტიდან ამოქმედებულმა სავალდებულო დაზღვევის სახეობამ, საუბარია ტრანზიტულ ავტოტრანსპორტზე მესამე პირის მიმართ შემოღებულ სავალდებულო დაზღვევაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, კარგად იმუშავა.
ყველაფერი ფასდება შედეგით. შედეგი გამოიხატება რიცხვებით. რიცხვები, საკუთრივ სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან მიმართებით (რომელიც შეიცავს ტრანზიტულ ავტოტრანსპორტზე მესამე პირის მიმართ შემოღებულ სავალდებულო დაზღვევასაც), ასეთია:

2017 წელს სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მხრივ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ სექტორის ჭრილში11.47 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი არის 42.93 მილიონი ლარი. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის წინაშე სავალდებულო დაზღვევა 2018 წლის 1 მარტიდან მოქმედებს, ანუ წლის განმავლობაში ამ სახეობამ არა 12, არამედ 10 თვე იმუშავა. სავარაუდოა, რომ 2019 წელს ამ სახეობის მხრივ მოზიდული პრემია 5-7 მილიონი ლარით მეტი იქნება.

ჯერ-ჯერობით სავალდებულო დაზღვევის ცენტრს 2018 წლის ზუსტი სტატისტიკა არ აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ ის რისი ამოკითხვაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის მიმოხილვიდან ამ კუთხით არის შესაძლებელი, მეტყველებს, რომ სავალდებულო დაზღვევის ეს სახეობა სექტორისთვის ცალსახად მომგებიანი გამოდგა.

ახლა, საქართველოს სადაზღვევო სექტორი კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო გამოწვევის წინაშე დგას. დიდი ალბათობით, ამ წლის მეორე ნახევრიდანვე ამოქმედდება მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა უკვე საქართველოში რეგისტირებული ავტოტრანსპორტზე. თუ გავიხსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 6% არის დაზღვეული, იოლი წარმოსადგენია რა მასშტაბურ ზრდას ელის სექტორი. ბუნებრივია, ეს ზრდა, რომელიც გარდაუვალია, პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს პროდუქტების ფასების ხელმისაწვდომობაზე და რაც მთავრია, მათ ხარისხზე. აქ სახელმწიფოს, როგორც ზედამხედველის ფუნქციის სწორად და მარტებულად განხორციელება, უმთავრესი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის ზოგად მიმოხილვას რიცხვებში, ის ასე გამოიყურება:

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 542.20 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 441.40 მილიონი ლარი იყო.რაც შეეხება სექტორის წმინდა მოგებას, 2017 წელთან შედარებით ის გაორმაგდა და 42.19 მილიონი ლარი შეადგინა.
სექტორის აქტივები შეადგენს 743.22 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 221.64 მილიონს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიების წმინდა მოგება 20.34 მილიონ ლარს შეადგენდა, აქტივები -580.22 მილიონ ლარს, კაპიტალი 154.25 მილიონ ლარს შეადგენდა.

საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6 პროცენტია დაზღვეული.

2018 წელს 549 758 სამედიცინო დაზღვევის პოლისები იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 75 863 პოლისი იყო გაყიდული.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გიორგი ცაგარეიშვილი

Share