Home » საზოგადოება » საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს
საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს

საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს

პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის ცნობით, პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ „DELTA”-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. – განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის წარმოებაზე შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და ავსტრიულ კომპანიას „როზენბაუერს“ შორის 2018 წლის აპრილში, ავსტრიის დედაქალაქში შედგა.

სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. DELTA ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების

მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“.- განაცხადა ძოძუაშვილმა.

Share