Home » საზოგადოება » „საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებს“
„საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებს“

„საქართველოში კორპორაციული მართვის პრაქტიკა გაუმჯობესებასა და დახვეწას საჭიროებს“

“კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის დამკვიდრება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვას ცდილობს”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კონფერენციაზე “დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში”.

“დამოუკიდებელი დირექტორების არსებობა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოში პირდაპირ კავშირშია კომპანიის რისკების შემცირებასთან და ამაღლებს მის გამჭვირვალობას ინვესტორთა თვალში. მათი როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფინანსო და საბანკო სფეროში”, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებები შევიდა, მათ შორის, “მეწარმეთა შესახებ კანონში”, რომლის შესაბამისად, ანგარიშვალდებული საწარმოების” სამეთვალყურეო საბჭო, სულ მცირე, ერთი დამოუკიდებელი დირექტორით უნდა იყოს წარმოდგენილი.

“ეს ცვლილება ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და სწორი განვითარების პერსპექტივას იძლევა, თუმცა, ჯანსაღი კორპორაციული მართვის დანერგვის მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. დღევანდელი ღონისძიება, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესებასა და დახვეწას”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Share