Home » საზოგადოება » საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა
საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა

საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა

საქართველოში ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვა თავიდან შესაძლოა, მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცეს და არა მუდმივი ცხოვრების უფლებით. შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია არიან.

დღეს მოქმედი კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უვადოდ გაიცემა, ხოლო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – ერთი წლის ვადით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვამდე, ინვესტორზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით უნდა გაიცეს.

„აღნიშნული ვადა წარმოადგენს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ინვესტორმა მისი ეკონომიკური საქმიანობის განზრახვის ნამდვილობა უნდა დაამტკიცოს, რათა მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს. ამასთან, საჭიროა დაწესებული საინვესტიციო თანხის – 300 000 ლარის, 300 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში) გაზრდა. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის გადასვლა ახალ, უფრო მასშტაბურ ეტაპზე მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შესანარჩუნებლად თანხობრივი ცენზი დაწესდეს, რაც ყოველწლიური ფინანსური ბრუნვის მოცულობაში უნდა გამოიხატოს. კერძოდ, ცვლილებების პროექტი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შენარჩუნებას დამოკიდებულს ხდის სამეწარმეო საქმიანობის აქტიურობაზე იმგვარად, რომ ყოველწლიური ბრუნვა არანაკლებ 120 000 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში) შეადგენდეს. აღნიშნული პირობა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას იმ ინვესტორებზე უზრუნველყოფს, რომელთა მთავარი მოტივაციაც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობაა და არა ერთჯერადად განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მოპოვება, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით თავიდანვე აღარ უნდა გაიცეს.

„ამის მიუხედავად, ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ, მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს, თუკი 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან. ცვლილებებით, ასევე გაიზრდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის ვიზის მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი – იგი ლარში 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს უნდა აღემატებოდეს, რითაც ერთი მხრივ, თავიდან არასასურველი მიგრაცია იქნება აცილებული, მეორე მხრივ კი, უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება, რაც მაღალი ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვებს ხელს შეუწყობს, – ნათქვამია პროექტში.

1tv.ge

Share