Home » ეკონომიკა » საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა

საქართველოში პირველად დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.

ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრების დანერგვა იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს. ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.

ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება.

Share