Home » ბიზნესი » საქართველოში დაფასოებული ყავისფერი შაქარი და ჰიმალაის მარილი ბაზარზე ნოემბრიდან გამოჩნდება
საქართველოში დაფასოებული ყავისფერი შაქარი და ჰიმალაის მარილი ბაზარზე ნოემბრიდან გამოჩნდება

საქართველოში დაფასოებული ყავისფერი შაქარი და ჰიმალაის მარილი ბაზარზე ნოემბრიდან გამოჩნდება

ნოემბრის ბოლოდან ქართულ ბაზარზე ე.წ. ჰიმალაის იოდიზირებული მარილი და ყავისფერი შაქარი გამოჩნდება.

პროდუქციის წარმოებას კომპანია GD TRADE გეგმავს, რომელიც წლებია კვების ინდუსტრიაში, კერძოდ, ევროპული კვების პროდუქტების იმპორტში, დისტრიბუციასა და რეალიზაციაშია ჩართული. როგორც კომპანიის მფლობელმა დავით ოსეფაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, საჭირო მოწყობილობა-დანადგარები და თავად ნედლეულიც უკვე საქართველოშია.

„ნედლეული მომპოვებელი ქვეყნის საბადოებიდან მოგვაქვს და ადგილზე მხოლოდ მისი დაფასოება ხდება. ვფიქრობთ, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში პროდუქცია უკვე ბაზარზეც გამოჩნდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ძირითადად დიდ სავაჭრო ქსელებში (გუდვილი, კარფური და ა.შ.) გაიყიდება,“-აღნიშნა ოსეფაშვილმა.

მისივე ცნობით, პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მისი გატანა პირველ ეტაპზე რეგიონის ქვეყნებსა და ამერიკაში მოხდება. საწარმოს წარმადობას რაც შეეხება, წლის განმავლობაში 300-400 ტონამდე ყავისფერი შაქრისა და 25-30 ტონამდე ვარდისფერი მარილის წარმოება იგეგმება. ქართულ ბაზარზე ყავისფერი შაქარი კონკურენტულ ფასად – 4 ლარად, ხოლო „ჰიმალაის“ მარილი სავარაუდოდ, 12-13 ლარად გაიყიდება.

საწარმოში, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარეობს, ჯამში 30-40 ადამიანი დასაქმდება. პროქტის ჯამურმა ღირებულებამ 1 386 700 ლარზე მეტი შეადგინა.

წყარო: BPN

Share