Home » ეკონომიკა » საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა
საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა

საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა

სათხილამურო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვლავ იძენს აქტუალურობას ინფორმაცია ზამთრის კურორტების შესახებ. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის ეს წელი განსაკუთრებული იქნება. 2015-2016 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოს ზამთრის კურორტებს კიდევ ორი, გოდერძის უღელტეხილის და თეთნულდის კურორტებიც დაემატება.
გოდერძის უღელტეხილი, რომელიც აჭარას სამცხე-ჯავახეთან აკავშირებს, 5 დეკემბერს პირველ სეზონს საზეიმოდ გახსნის. გოდერძის უღელტეხილი წელს მომხარებელს ორ საბაგირო ხაზს შესთავაზებს, ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრი იქნება. რვაადგილიანი საბაგიროს გარდა, დამსვენებლები ექვსადგილიანი ბაბლითაც ისარგებლებს. საბაგიროს დღიური აბონიმენტის ღირებულება 30 ლარი იქნება, ერთი ასვლის ფასი კი 5 ლარი.

“ბათუმიდან გზა ყოველთვის ღია იქნება, თუ სტიქიამ არ შეგვიშალა ხელი. ვიმუშავებთ ადიგენის მიმართულებითაც, რათა მათ, ვისაც გოდერძის უღელტეხილზე სურთ ჩამოსვლა, ხელი არაფერში შეეშალოთ”,

– განაცხადა  გოდერძის მთის დეპარტამენტის უფროსმა გურო ალაფიშვილმა.

სტუმრების მისაღებად აშენდა 2 სასტუმრო, რომელიც 26 და 36 ვიზიტორზეა გათვლილი და სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც მზად არის 72 ადამიანის მისაღებად.

“სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ღირებულება 60 ლარი იქნება, ოთხადგილიანის – 100 ლარი. დაინტერესება ძალიან დიდია, ყველა ნომერი დაჯავშნილია, რის გამოც პრობლემის წინაშეც კი დავდექით”,

– განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ დიასამიძემ. მოწვეული სტუმრები, კონცერტი ქართული ჯგუფების მონაწილეობით, მედიატური, ფრისტაილერები, – სწორედ ასე აპირებს გოდერძის უღელტეხილი თავის პირველი დამსვენებლების მიღებას.

თეთნულდი, როგორც ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტი, წელს პირველ დამსვენებლებს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ თეთნულდს ვიზიტორები არც აქამდე აკლდა, საბაგირო გზა იქ არასდროს ყოფილა, 15 დეკემბერს კი 3 საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნება, რომლის უმაღლესი წერტილი 3065 მეტრი იქნება, მომავალ წელს კი 3165 მეტრზე ავა. სასრიალო ტრასების ჯამი 25 კილომეტრზე მეტია.

“იქნება ყველა სირთულის სასრიალო ტრასა, კოტეჯები არ არის ჯერჯერობით, სრულდება ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, დამსვენებლები, სავარაუდოდ, მესტიის სასტუმროებში განთავსდებიან, საიდანაც საბაგირომდე დაახლოებით ნახევარი საათია”,

– დასძენს პროექტის მენეჯერი ლევან დადვანი.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის პიარ-მენჯერმა თამთა იაშაღაშვილმა AMBEBI.GE-ს განუმარტა, იგეგმება თეთნულდის მათ მენეჯმენტში გადასვლა. რაც შეეხება ზამთრის იმ კურორტებს, რომელსაც, სეზონის დადგომასთან ერთად, უამრავი ადამიანი წლების განმავლობაში სტუმრობს, სიახლეების გარეშე არც ისინი დახვდებიან თავიანთ ერთგულ დამსვენებლებს. ბაკურიანში, კოხტაზე წელს დამსვენებლები ახალი ექვსადგილიანი საბაგიროთი იმგზავრებენ, რომლის სიგრძემ 500 მეტრით მოიმატა და ახლა კოხტას საბაგიროს სიგრძე მთის წვერიდან ძირამდე უკვე 2 კილომეტრია, თუმცა ტრასების დამატება მომავალშიც იგეგმება და, საერთო ჯამში, მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება.  ადრენალინის მოყვარულებს კი ბაკურიანი ტობოგანით გაახარებს. ბორბლებიანი ციგა დიდველის წვერიდან 50-70 კმ სიჩქარით დაეშვება და ტრასას რამდენიმე ადგილას გადაკვეთს.

“სეზონი, სავარაუდოდ, ორ ეტაპად გაიხსნება 13 დკემებერს – დიდველი , 27 დეკემბერს კი კოხტა, ორივეგან სამშენებლო პროცესი მიმიდნარეობს. წელს ცოტა ადრე მოგვითოვა, იმედია, ხარვეზი არ შეგვექმნება და სეზონის გახსნას დაგეგმილ დროს მოვახერხებთ”,

– განაცხადა ბაკურიანის დიდველის მთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თაზო გამცმელიძემ.

ბაკურიანში სხვა სიახლეებიც  არის დაგეგმილი. 2016 წლის დასაწყისში დაიწყება მიტარბის მშენებლობა.

“დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო, მიტარბის მიმდებარე ტერიოტრიაზე სამას საწოლზე გათვლილ ტურისტულ ინფარსტრუქტურას კი “ჯიარდისი ჰოლდინგი” განახორციელებს”,

– ამბობს თამთა იაშაღაშვილი.

გუდაურში დაგეგმილი სიახლეების შესახებ კი გუდაურის მთის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ჩქარეული გვესაუბრა.

“ჩავატარეთ ტრასების, საბაგიროების, სატკეპნი ტექნიკის გეგმიური სარემონტო სამუშაოები. ჩვენ მზად ვართ, 13 დეკემბერს სეზონი გავხსნათ, მოვიდა დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე თოვლი, ამინდიც ხელს გვიწყობს”,

– განაცხადა ჩქარეულმა ჩვენთან საუბრისას. გუდაურში დამსვენებლებისთვის სიახლე გონდოლას ზედა სადგურთან დამონტაჟებული 160 მეტრიანი ბავშვების საჩოჩიალო იქნება.

ambebi.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

Share