Home » ეკონომიკა » „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა“
„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა“

„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა“

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა, სტანდარტების დამკვიდრება და უფრო მეტი ქართული პროდუქტის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში სოფლის განვითარებას განსაზღვრავს.

„განვითარების 7-წლიანი სტრატეგიის შემუშავება უნდა იყოს თანმიმდევრული პროცესი, ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ ბევრი სხვა სამინისტროც მონაწილეობს ამ პროექტში. ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც ამ მიმართულებით შემუშავდება, უნდა მიყვებოდეს მიდგომას, რომელიც გულისხმობს ქვემოდან ზემოთ გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ევროკავშირი უკვე დიდი ხანია მუშაობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ადგილობრივი აქტიური ჯგუფები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული სოფლის განვითარების პროცესებში.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილება ჰქონდეთ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიის განსახორციელებლად. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა, სტანდარტების დამკვიდრება და უფრო მეტი ქართული პროდუქტის გატანა ევროკავშირის ბაზრებზე. რამდენიმე ხნის წინ ევროკავშირის კომისარი სოფლის მეურნეობის კუთხით იყო ჩამოსული საქართველოში და მისი ვიზიტისას სწორედ ეს საკითხები განიხილეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და სფეროს წამყვანი ექსპერტები.

Share