Home » ბლოგი » საქართველოს სავაჭრო–ეკნომიკური ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან
საქართველოს სავაჭრო–ეკნომიკური ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან

საქართველოს სავაჭრო–ეკნომიკური ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი 25 წელიწადზე მეტია გრძელდება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა პირების მიერ მრავალგზის ყოფილა პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობა. თუმცა, უშედეგოდ.

ცალკეულ შემთხვევებში საკითხის დაურეგულირებლობა: არასწორ ხედვას, შეუსრულებელი მისიების დასახვას, არასწორად შერჩეულ დროს, ქედმაღლურ რიტორიკას, ფარული თუ უკვე ღია მოთამაშეების ინტერესების არგათვალისწინებას, გაუაზრებელ პოლიტიკურ განცხადებებს და არასწორად მოწოდებულ ან ხშირ შემთხვევებში პოპულიზმსაც უკავშირდებოდა, ამას ერთვოდა უიღბლობაც, კონფლიქტის როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან.

2018 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ წარმოადგენა ინიციატივა, რომლის მიზანია ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ხელშესახები სარგებლის მიღების, შიდა და საგარეო ბაზრებზე წვდომის, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების და ურთიერთობების, მიმოსვლის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სამშვიდობო პროცესის გააქტიურებისათვის.

მიუხედავად საინტერესო სამთავრობო ინიციატივისა, ახალი და გაუმჯობესებული სავაჭრო მექანიზმების, აგრეთვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტების ხაზგასმისა, ინიციატივა საჭიროებს ეკონომიკური გათვლების დამატებას, რაც მას უფრო ხელშესახებს და მარტივად აღსაქმელს გახდის როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი, აგრეთვე უცხოელი სპეციალისტებისათვის თუ რიგითი დაინტერესებული პირებისათვის.

წინასწარი ანალიზის საფუძველზე ჩვენ გამოვავლინეთ აფხაზური და ოსური მხარეებისათვის სავაჭრო დაინტერესების ძირითადი რამდენიმე საქონელი, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება: ავტომობილებით, თხილით და ღვინოთი. ჩამონათვალი მოიაზრებს, როგორც ადგილობრივი მოხმარების, აგრეთვე უცხო ქვეყნებში გასატან პროდუქციას, რომელიც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს, გაზრდის ბიზნესის და სახელმწიფო შემოსავლებს, გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს, „გააძვირებს“ მშვიდობის ფასს ყველა მხარისათვის და ხელს შეუწყობს უზენაეს მიზანს – საზოგადოებების რეინტეგრაციას.

ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის გულისხმობს არამხოლოდ სოციალურ-ეკნომიკური პრობლემების შემსუბუქებას, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს უკანასკნელი ვაჭრობისგან განსხვავებით ბევრად უფრო რთულად მისაღები იქნება აფხაზებისა და ოსებისათვის, მაგრამ დამატებით შესაძლებელობებს გაუხსნის კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელ ქართველ ახალგაზრდებს, რადგანაც აღნიშნული შეღავათები და წახალისებები მათზეც გავრცელდება.

შეიძლება დაისვას შეკითხვა, რატომ უნდა ვივაჭროთ აფხაზებთან და ოსებთან? რატომ უნდა შევუწყოთ ხელი მათ გამდიდრებას, ცხოვრების დონის ამაღლებას? რატომ უნდა ვიზრუნოთ მათ განათლებაზე? და ა.შ. პასუხი მარტივია – იმისათვის, რომ ადამიანმა მოინდომოს მშვიდობის, სტაბილურობის და მომავლის დაცვა, მას უნდა ესმოდეს, ის უნდა ხედავდეს და გრძნობდეს ამ კეთილდღეობას. ეკონომიკური თანამშრომლობა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მყოფი საზოგადოებისათვის გარდაუვალი პოზიტიური მოვლენაა. მითუმეტეს, თუ ვაჭრობა ორმხრივად მომგებიანი და შესაძლებლობების მომცემია.

საინტერესოა, რომ 1995-2006 წლებში აფხაზების მხრიდან საქართველოსთან ვაჭრობა დასაშვებად მიიჩნეოდა და არ იზღუდებოდა, თუმცა 2006 წლიდან მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალა და საქართველოსთან ვაჭრობა „ოფიციალურად დაიბლოკა“. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი როდესაც აფხაზეთის მხრიდან დაშვებული იყო საქართველოსთან ვაჭრობა, აკრძალული იყო ალკოჰოლური სასმელებით, მინერალური წყლებით და ლიმონათებით ვაჭრობა.

მიუხედავად ამ შეზღუდვისა, მაშინაც და დღესაც გალის რაიონში ამ პროდუქტებს შესაძლებელია წააწყდეთ არამხოლოდ ქართულ ოჯახებში, არამედ სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში. რაც შეეხება ოსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას, აქ ყველანაირი მექანიზმები მოშლილია. არადა ერგნეთის ბაზრობა თავის დროზე მართალია კანონის უხეში დარღვევის ფონზე, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო კერად იყო ჩამოყალიბებული.

მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებებისა, სინამდვილეა, რომ ფარულად და მცირე პარტიებით, თუმცა ვაჭრობა გამყოფი ხაზების ორივე მიმართულებით დღესაც აქტიურად ხორციელდება.

2013-2014 წლებში „ინთერნეიშენალ ალერტის“ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით უკიდურესად გართულებული ვაჭრობის ფონზე საქონელბრუნვა, რომელიც ძირითადად სურსათით შემოიფარგლებოდა – 20 მილიონ აშშ დოლარამდე ადიოდა.

მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა, სიმართლეა ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს და კარნახობს (მათ შორის) ეკონომიკური დღის წესრიგს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის საქონლის გადაადგილება მაგალითად ზუგდიდიდან სოხუმში ადგილობრივი ვაჭრობაა, აფხაზები და ოსები ამას საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში განიხილავენ და ამასთან ერთად რუსეთთან დადებული დე-ფაქტო ხელშეკრულება ავალდებულებთ რომ – არ შეიძლება სხვა მხარესთან (იგულისხმება მათ შორის საქართველოც) მიყენებულ იქნას უკეთესი საბაჟო პირობები ვიდრე რუსეთთან.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის ჭრილში არამხოლოდ საქართველოს შეუძლია შესთავაზოს აფხაზებს და ოსებს შედარებით იაფი საქონელი, არამედ არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომელთა ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმპორტირებაა შესაძლებელი.

კერძოდ: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალოდ 30%-ით უფრო იაფია ნავთობპროდუქტები და სიგარეტები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა დღესაც არსებობს და ის ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს – ენგურჰესს ეხება, რომლის გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზებსა და ქართველებს შორის დათქმული პროპორციით – 40/60-ზე თანაფარდობით ნაწილდება.

მაგრამ, რაშია ახალი სამშვიდობო – სავაჭრო ინიციატივის ხიბლი, თუ ვაჭრობა აქამდეც არსებობდა?! დიახ, ფაქტია, რომ ვაჭრობა არსებობდა, ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული მარშრუტებიც, ხშირად საქონლის ტრანსპორტირება ორივე მიმართულებით ქართული ოფიციალური პირებისგან მალულად და დე-ფაქტო ჩინოვნიკების მოსყიდვით ხორციელდებოდა.

ყოველივე ზემოთ თქმული ზრდიდა რისკებს და აძვირებდა პროდუქციის ფასს, ამასთან ერთად მსგავსი ოპერაციები ბოლო პერიოდში მხოლოდ „რჩეულთათვის“ გახდა ხელმისაწვდომი, მაშინ როდესაც წლების წინ ვაჭრობაში ფაქტობრივად ყველა მსურველს შეეძლო ჩართულიყო.

ახალი ინიციატივა ცხადყოფს, რომ მთელი რიგი საკითხების გადაჭრა შესაძლებელია პოლიტიზების გარეშე, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით და ზოგიერთ შემთხვევაში − დეპოლიტიზირებული/სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტებისა და ფორმატების გამოყენებით. ამასთან, სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენება არ ნიშნავს „სტატუს-ინდიფერენტულობას“ ან სტატუსის საკითხის გადახედვას.

მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ აფხაზმა ბიზნესმენმა მოინდომოს თავისი მარწყვის გატანა ევროპულ ბაზარზე, ის ვერ ჩამოვა თბილისში და ვერ დარეგისტრირდება გადასახადის გადამხდელად და ვერ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან ისე, როგორც ამას სხვა დანარჩენები აკეთებენ.

მისთვის ეს მრავალი მიზეზის გამო შეუძლებელია. ამიტომ საჭირო იყო და პოზიტიური, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიფიქრა ახალი გამარტივებული მექანიზმი, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას ქართველი პარტნიორის დახმარებით განახორციელოს ეს საინტერესო ქმედება.

მეორე მხრივ ქართველმა ბიზნესმენებმა აფხაზი პარტნიორების დახმარებით შესაძლებელია საინტერესო ფასად მიაწოდონ მათ მათთვის სასურველი პროდუქტები, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, რომელიც დღეს აფხაზებს, ჩრდილო კავკასიის გავლით მიეწოდება მნიშვნელოვანი ფასნამატით: 10 000 აშშ დოლარის ღირებულების მანქანაზე ფასნამატი საშუალოდ 2000 აშშ დოლარს შეადგენს.
სამთავრობო ინიციატივის თანახმად, პრობლემებს, რომელიც აქამდე არსებობდა და ვაჭრობისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა, სპეციალურმა ეკონომიკურმა სივრცემ უნდა დაარეგულიროს, სადაც ახალმა სამუშაო ადგილებმა, ახალმა ტექნოლოგიებმა და ახალმა კონტაქტებმა უნდა მოიყაროს თავი.

აქვე უნდა გახდეს შესაძლებელი ყველანაირი ბიზნეს ოპერაციების განხორციელებაც, მათ შორის საქონლის სასერტიფიკაციო, იურიდიული და საბანკო მომსახურებაც. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელი ხდება ელექტრონული პირადი ნომრის მიღება და მისი დახმარებით ფაქტობრივად ყველა ლეგალური ბიზნეს ოპერაციის ელექტრონულად განხორციელებაც, მოსალოდნელია რომ მას დაინტერებული პირები აუცილებად ეყოლება. მითუმეტეს რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით იქნება უზრუნველყოფილი.

მართალია, ამ იდეისთვის ხორცშესხმას სავალდებული წესით რუსეთი შეეცდება, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში ამ დაბრკოლებისთვის თავის არიდებაც შესაძლებელია. პირველადი დათვლებით მხოლოდ ღვინოზე, თხილსა და ავტომობილებზე დაკვირვებით გამყოფი ხაზების ორივე მხარეს რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილის, მილიონობით დოლარის მოგების და ახალი მეგობრობის შექმნაა შესაძლებელი.

ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი

წყარო: ინეტპრესნიუსი

Share