Home » ახალი ამბები » საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, პერიოდული შეკეთებისა და რეაბლიტაციის ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით, გახშირდა: სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი, ფინანსური შესაძლებლობების ამსახველი და პერსონალის  კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან სხვა ინფორმაციის  გაყალბების; სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობისას, არაკონკურენტული გარემოს ხელოვნურად შექმნის; შემსყიდველის  შეცდომაში შეყვანის გზით უპირატესობის მდგომარეობის მოპოვების მცდელობის ფაქტები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პრევენციის მიზნით, საგზაო  სამუშაოების შესყიდვის მსურველ ორგანიზაციებს შეახსენებს,  რომ აღნიშნული სახის ნებისმიერი მცდელობა გამიზნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ასევე, აფრთხილებს, რომ მსგავს  შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი პრეტენდენტი დარეგისტრირდება შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავ საიში“,  1 წლით  ჩამოერთმევა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება და არ დაუბრუნდება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის სახით დაკავებული თანხა – ტენდერის სავარაუდო ღირებულების 1% (საერთაშორისო ტენდერების შემთხვევაში ამოქმედდება დონორი ორგანიზაციის პოლიტიკით გათვალისწინებული სანქციები) და დაეკისრება კანონსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის შესაბამისი პასუხისმგებლობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ტენდერში მონაწილე პირებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და კეთილსინდისიერად, რათა სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდეს შეფერხებების გარეშე და ხარისხიანად, ხოლო სამშენებლო კომპანიებს არ შეექმნათ სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრობლემები.

Share