Home » საზოგადოება » საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა
საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა

საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა

საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს.

ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს.

2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 729 633 ადამიანი ცხოვრობს.

“ბიზნესპრესნიუსმა” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. ამის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშია, სადაც 30.246 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 12413 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 41%- ს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს მოსდევს შიდა ქართლი, სადაც 259 251 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 43 920 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 17%-ია.

შიდა ქართლის შემდეგ შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი მცხეთა-მთიანეთში იღებს. აქ სულ 93.897 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 15.6% (14 655) იღებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში მოსახლეობის 15-15% იღებს სოციალურ შემწეობას. კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობა 320.805 ადამიანია, საიდანაც შემწეობას 48 018 ადამიანი იღებს. რაც შეეხება გურიას, აქ მოსახლეობა 110.524 ადამიანი, ხოლო სოციალურ შემწეობას 16 597 ადამიანი იღებს.

ერთი პროცენტით ჩამორჩება კახეთის რეგიონი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 14% იღებს. რეგიონში სულ 314.681 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 44 300 ადამიანი იღებს.

რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში სულ 507.038 ადამიანი, აქედან კი 59 932 სოციალურ შემწეობას იღებს, ეს კი რეგიონის მოსახელობის 12%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია. ეს რეგიონებია – აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და თბილისი.

კერძოდ აჭარაში 346 347 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 10%-ს (34 734) ადამიანი იღებს. ქვემო ქართლი კი 432 264 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 9.6% (41 763) ადამიანი იღებს. პროცენტულად ყველაზე ცოტა ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამცხე-ჯავახეთშია. ამ რეგიონში 155.903 ადამიანიდან შემწეობას მხოლოდ 10 572 ადამაინი იღებს, ეს კი რეგიონის მოსახლეობის 7%-ია.
რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, თბილისში სულ 1 158 677 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 91 447 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც თბილისის მოსახლეობის 7.9%-ს შეადგენს.

bpn
Bpn.ge
Share