Home » ეკონომიკა » საქართველოს როლი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში
საქართველოს როლი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

საქართველოს როლი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

მეგი ქავთარაძე
,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი

2018 წლის 16 ოქტომბერს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2018 (GCI 2018) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიციამ 67-დან 66-ე ადგილზე გადაინაცვლა და 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა. მნიშვნელოვანია, მოკლედ შეფასდეს სახელმწიფოს ადგილი წინა წლების ანგარიშებში, რადგან სწორედ წინა წლის შედეგი განაპირობებს აღნიშნული საკითხის აქტუალურობას.

საქართველოს პოზიცია, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე დაყრდნობით, სტაბილურად მზარდი იყო, ერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც 2017-2018 წლის ანგარიშში დაფიქსირდა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 137 ქვეყანას შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებდა, რომელიც 2016 – 2017 წლის ანგარიშის შემდეგ (59-ე ადგილი) 8 ადგილით ჩამოქვეითებას ნიშნავდა, რაც გამოწვეული იყო, არა ჯამური ქულის ცვალებადობით, არამედ სხვა ქვეყნების მიერ პოზიციების გაუმჯობესებით. საინტერესოა, რა მიმართულებით შეძლო სახელმწიფომ პროგრესი აღნიშნული ‘’ჩამოქვეითების’’ შემდეგ და, კონკრეტული ინდიკატორების მიხედვით, სად არის საჭირო მთავრობის მეტი ჩართულობა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გლობალური კონკურენტუნარიანობის იდექსი 2018; დოკუმენტის სპეციფიკა და მეთოდოლოგიური ცვლილებები;

2005 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს (GCI) ეფუძნება. რეპორტი როგორც წესი, 98 ცვლადს მოიცავს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულ მონაცემებსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი აზრის კვლევაზე დაყრდნობითაა შედგენილი. აღნიშნული ინდექსი ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, სახელმწიფოს ტექნოლოგიური მზაობის დონესა და საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მნიშვნელოვანია:

  1. შიდასახელმწიფოებრივი ბიზნესკლიმატის შემნქმნისას მნიშვნელოვანი ფაქტორების გასაანალიზებლად. კონკურენტუნარიანობისა და მეწარმეობის თვალსაზრისით.
  2. გლობალურ დონეზე სახელმწიფოს მთავარი სისუსტეების იდენტიფიცირებისა და შემდგომი აღმოფხვრისათვის.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის უმთავრეს ნაწილს 12 იდნიკატორი ინდიკატორი წარმოადგენს. ეს ინდიკატორები გარკვეულ ცვლილებას განიცდის. 2018 წლის ანგარიშში წარმოდგენილი იმდიკატორები იყო:

1.ინსტიტუტები 2.ინფრასტრუქტურა 3.საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება 4.მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობა 5.ჯანდაცვა 6.უნარები 7.სასაქონლო ბაზარი 8.შრომითი ბაზარი 9.ფინანსური ბაზარი 10.ბაზრის მოცულობა 11.ბიზნესის დინამიურობა 12.ინოვაციური შესაძლებლობები;

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უახლესი ანგარიში შედარებით განსხვავებულად სტრუქტურირებულია, ის 4 კატეგორიად იყოფა: გარემოს შექმნა, ადამიანური კაპიტალი, ბაზრები და ინოვაციური ეკოსისტემები. ზემოთ აღნიშნული 12 ინდიკატორი სწორედ ამ 4 კომპონენტის ქვეშ არის გაერთიანებული და შესაბამისად შემდეგნაირად ნაწილდება:

GCI ოთხი ძირითადი კატეგორია
გარემოს შექმნა 1.       ინსტიტუტები (40-ე ადგილი)

2.       ინფრასტრუქტურა (72-ე ადგილი)

3.       საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება (45-ე ადგილი)

4.       მაკროეკონომიკური სტაბილურობა (72-ე ადგილი)

ადამიანური კაპიტალი 5.       ჯანდაცვა (80-ე ადგილი)

6.       უნარები (45-ე ადგილი)

7.       სასაქონლო ბაზარი (42-ე ადგილი)

8.       შრომითი ბაზარი (31-ე ადგილი)

ბაზრები და ინოვაციური ეკოსისტემები 9.       ფინანსური სისტემა (88-ე ადგილი)

10.    ბაზრის მოცულობა (102-ე ადგილი)

11.    ბიზნესის დინამიურობა (53-ე ადგილი)

12.    ინოვაციური შესაძლებლობები (85-ე ადგილი)

2018 წლის ანგარიშის გაანალიზებისთვის აუცილებელია შეინიშნოს, რომ აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კი, 2017-2018 წლის ანგარიშის შემდეგ ცვლილება განიცადა კონკრეტულმა ინდიკატორებმა და შეფასების შკალამ. შეფასების შკალა 7 ქულიანი სისტემიდან 100 ქულიანზე გადავიდა. ასევე გაიზარდა წარმოდგენილი ეკონომიკების რიცხვი და 2018 წლის ანგარიშში 140 ქვეყნის მაჩვენებელი დაფიქსირდა 137-ის ნაცვლად.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2018 და საქართველო

2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიონობის ინდექსის მიხედვით, საქართველო, წინა წელთან შედარებით, ერთი საფეხურით დაწინაურდა და 67-ე ადგილიდან, 60.9 ქულით, 66-ზე გადაინაცვლა. წინა წლის შეფასების სისტემა კი 7 ქულიანი ოყო, მასში საქართველოს ჯამური ქულა 4.28-ს წარმოადგენდა.

2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, შეფასების 110 კრიტერიუმის იმ კომპონენტთაგან, რომელიც ინდიკატორებში წინა წლის იდენტური ფორმით იყო წარმოდგენილი, 55-ის ქულა გაუმჯობესდა, 35-ის შემცირდა, ხოლო 15 უცვლელი დარჩა.

პოზიციის მიხედვით, მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომლებიც უკუსვლით ხასიათდება ფიქსირდება: ფინანსური სისტემის (-25 პოზიცია), ბანკების სტაბილურობის (-12 პოზიცია), ვენჩურული კაპიტალის ხელმისაწვდომობის (-19 პოზიცია), ბაზრის მოცულობის ზრდის (-13 პოზიცია), ვალის დინამიკის (-26 პოზიცია), სავაჭრო ტარიფების (-1 პოზიცია), მაკროეკონომიკური სტაბილურობისა (-24 პოზიცია) და ხელფასის განსაზღვრის მოქნილობის (-6 პოზიცია) მაჩვენებლებში.

გაუჯობესებული კომპონენტებიდან ზრდა ფიქსირდება: სასამართლოს დამოუკიდებლობის (+4 პოზიცია), დაქირავებისა და დათხოვნის პრაქტიკის (+7 პოზოცია), პოლიციის სერვისის სანდოობისა (+2 პოზიცია) და შრომით ბაზარზე ქალთა ჩართულობის ინდიკატორებში (+43 პოზიცია);

ბოლო წლების ანგარიშების მიხედვით, საქართველო 8 კრიტერიუმში ლიდერობით პირველ ათეულში პოზიციონირებს. 2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის იდექსში კი ამგვარი 9 კომპონენტია წარმოდგენილი. ქვეყნის ყველაზე კარგი პოზიციები, რომლის მიხედვითაც ის მსოფლიოს პირველ ათეულში იკავებს ადგილს, შემდეგია: ელექტროფიკაციის მაჩვენებელი (პირველი ადგილი), შრომის გადასახადი (პირველი ადგილი) მოსწავლე-მასწავლებელთა თანაფარდობა დაწყებითი განათლების სფეროში (მეორე ადგილი), აქციონერთა მმართველობა (მესამე ადგილი), ბიზნესის დაწყების დრო (მეოთხე ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მეხუთე ადგილი), სერვისის მიწოდების გამჭვირვალობა (მეექვსე ადგილი),  უცხოური სამუშაო ძალის დაქირავების სიმარტივე (მეექვსე ადგილი), სამთავრობო ხარჯები(მეათე ადგილი);

ინდექსის მიხედვით, საქართველოს მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებლები შემდეგია: სოციალური კაპიტალი (126-ე ადგილი), პროფესიული ტრენინგის ხარისხი (131-ე ადგილი), კურსდამთავრებულთა უნარები (123-ე ადგილი), კვალიფიციური კადრების მოძიება (111-ე ადგილი), სადაზღვევო პრემიები (122 – ე ადგილი), ბაზრის კაპიტალიზაცია (121-ე ადგილი), საკრედიტო დეფიციტი (119-ე ადგილი), სამუშაო ძალის მრავალფეროვნება (116-ე ადგილი).

აღნიშნული მონაცემებით ირკვევა რომ სახელწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა განათლება და კვალიფიკაციაა. ეს კი თავის მხრივ სხვა სფეროების განვითარებას უშლის ხელს, რომლებიც გამუდმებით საჭიროებენ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციებს. მეორე მხრივ, კი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ფინანსური სისტემა და ინოვაციების სფერო.

საინტერესოა უახლესი ანგარიშის 4 კატეგორიაში, 12 მაჩვენებლის მიხედვით, სად აქვს საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა და ზოგადად რა პოზიციებს იკავებს ის აღნიშნულ კატეგორიებში. ასევე საინტერესოა დაემთხვევა თუ არა ინდიკატორებში პოზიციონირების ზოგადი სურათი ქვეინდიკატორების ზოგად სურათს.

აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, 2018 წლის გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში 4 კატეგორიის მაჩვენებლიდან ფინანსური სისტემის პრობლემა მართლაც ერთ-ერთი უმთავრესია და ის ემთხვევა ქვეინდიკატორების მიხედით წარმოდგენილ სურათს. ასევე მნიშვმელოვანია ბაზრის მოცულობის სიმცირე და ინოვაციური შესაძლებლობები, რომლის მიხედვითაც ქვეყანას არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს. ზოგადი სურათის შეფასებისას კი უნდა ითქვას, რომ 4 კატეგორიას შორის ყველაზე რთული მდგომარეობაა მეოთხე კატეგორიაში, რომელიც სწორედ ბაზრებსა და ფინანსურ ეკოსისტემებს ეკუთვნის და იმ 4 ინდიკატორს აერთიანებს, რომელთა შორისაც მოქცეულია სამი ყველაზე დაბალი პოზიცია.

საქართველო კავკასიის რეგიონულ კონტექსტში

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს საქართველოს მნიშვნელობას კავკასიის რეგიონალურ კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლის ინდექსში საუბარი იყო, რომ ევრაზიული ქვეყნების საერთო ტენდენცია ეკონომიკური პოზიციების ზრდით ხასიათდებოდა და ყველაზე კონკურენტული ეკონომიკები, მათ შორის რუსეთი და მოლდოვა, მაღალ ზღვარს ინარჩუნებდნენ, ხოლო გამონაკლისი საქართველო და ყაზახეთი იყო, რომლებიც 8 და 4 ადგილით ჩამოქვეითდნენ. განსხვავებით წინა წლის ანგარიშისა, 2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საუბარია, რომ ევრაზიული ქვეყნებისთვის აუცილებელია ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ეს გულისხმობს ფინანსური სისტემებისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ზოგიერთ ქვეყანაში(მათ რიცხვშია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი) კი საჭიროა სამუშაო ძალის რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს კვალიფიციური ძალის შეკავებასა და განაწილებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას, დამატებითი ღირებულებებისა და პროდუქტიულობის ზრდას. რაც შეეხება ინსტიტუტების ინდიკატორს, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მიიღო 61 ქულაზე მეტი, გამჭვირვალობის მაჩვენებელში კი მხოლოდ საქართველოს ქულაა 35-ზე მეტი. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მაჩვენებელში საქართველო ლიდერობს, რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთთან ერთად, აღნიშნული ქვეყნების ქულები დაახლოებით 20 ქულით უფრო მაღალია ვიდრე რეგიონში ინდიკატორის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა ქულები.

გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშმა აჩვენა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ერთი პოზიციით დაწინაურებისა, ფინანსური სექტორი, მაკროეკონომიკური მდგომარეობა, საბანკო სექტორი, კვალიფიციური მუშახელისა და განათლების პრობლემის არსებობა ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება. საჭიროა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები ფინანსური სისტემის მოთამაშეებისთვის, საკანონმდებლო დონეზე, განახორციელოს განათლების ძირეული რეფორმა და პრიორიტეტად დასახოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება.

Share