Home » ბიზნესი » საქართველოს რკინიგზა LAM-თან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს რკინიგზა LAM-თან თანამშრომლობას იწყებს

„საქართველოს რკინიგზა“, შვილობილი ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ მეშვეობით კომპანია LAM-თან თანამშრომლობას იწყებს.

მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხუთშაბათს გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან.

„იმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით საზღვაო მომსახურებას მივიღებთ, რომ შემდგომში სრულყოფილად უზრუნველვყოთ ჩინეთიდან წამოსული ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება,“ – განაცხადა ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის” დირექტორმა ლევან სულაბერიძემ.

მან აღნიშნა, რომ “ტრანს კავკასუს ტერმინალსი” ტრანს კასპიური კონსორციუმის წევრია. კონსორციუმი ჩინეთიდან საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს უზრუნველყოფს, შემდგომში მათი სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირების მიზნით.  კონსორციუმის წევრები არიან ჩინური, აზერბაიჯანული და ყაზახური კომპანიები.

LAM კომპანიათა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი სელიმ მაკზუმე კი აღნიშნავს, რომ LAM კომპანიათა ჯგუფი, როგორც გლობალური სატრანსპორტო კომპანია, ტრანს კავკასუს ტერმინალსთან პარტნიორობით არსებული შესაძლებლობების მაქსიამლურად გამოყენებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის,, 100 % წილის მფლობელია სს „საქართველოს რკინიგზა“. კომპანია მართავს და ავითარებს საკონტეინერო ტერმინალებს თბილისსა და ფოთში.

ხოლო, LAM კომპანიათა ჯგუფი 70 წლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც თავისი საერთაშორისო ქსელების მეშვეობით საზღვაო და ლოგისტიკურ მომსახურებას აერთიანებს.

ავტორი: მარიამ მინაძე

წყარო: GBC

Share