Home » ეკონომიკა » საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ევროდირექტივების ერთ-ერთი მოთხოვნაა და ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.

„რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. სესხის გამცემი ვალდებული იქნება სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (PTI) და უზრუნველყოფის ღირებულება (LTV) ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ აღემატება. აღნიშნული კოეფიციენტები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლების და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან.

დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა: პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების პროცესში გამოთქმული მოსაზრებები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა (მაგალითად: უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share