Home » ეკონომიკა » საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი ჩრდილოვან სექტორშია
საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი ჩრდილოვან სექტორშია

საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი ჩრდილოვან სექტორშია

ავსტრია მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახლავთ ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შვეიცარიის შემდგომ. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2018 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, ფარული ეკონომიკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი GDP-სთან მიმართებით შვეიცარიაში – 7,2%, ხოლო ყველაზე მაღალი კი  ბოლივიაში – 62,3% გახლავთ.

როგორც IMF განმარტავს ჩრდილოვანი ეკონომიკა სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: ფარული ეკონომიკა, ნაცრისფერი ეკონომიკა, შავი ეკონომიკა, ნაკლოვანი ეკონომიკა, ნაღდ ფულზე დაფუძნებული ეკონომიკა ან არაფორმალური ეკონომიკა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ჩრდილოვანი ეკონომიკის საერთო მოცულობა  31,9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი დაანგარიშებულია 1991 წლიდან 2015 წლმდე ჯამში 158 ქვეყნის მაგალითზე. IMF განმარტავს, რომ “ჩრდილოვანი ეკონომიკა მოიცავს ყველა იმ ეკონომიკურ აქტიურობას, რომელიც დაფარულია სახელმწიფო დონეზე: მონეტარული, რეგულატორული და ინსტიტუციონალური მიზეზებიდან გამომდინარე”. კერძოდ, მონეტარული მოტივიდან გამომდინარე ხდება გადასახადებისგან და სოციალური შეწირულობებისგან თავის არიდება, მაშინ როდესაც რეგულატორული მიზეზი გულისხმობს სახელმწიფო ბიუროკრატიული სისტემის და ბიზნეს ჩარჩოებში მოქცევისგან თავის დაღწევას. რაც შეეხება, ინსტიტუციონალურს, ის მოიაზრებს კანონს კორუფციის წინააღმდეგ, პოლიტიკური ინსტიტუციების ხარისხს და აგრეთვე ქვეყანაში არსებულ სუსტ საკანონმდებლო მართვას. ამასთან ერთად, ჩრდილოვანი ეკონომიკის აღნიშნული კვლევა ცდილობს თავი აარიდოს არალეგალურ და კრიმინალურ, აგრეთვე “გააკეთე შენით” პრინციპზე დაფუძნებულ საქმიანობას.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ცვლილებები ბინზნესის წამოწყების და განხორციელების მიმართულებით გამარტივდა, რაც გარკვეულწილად მოტივაცია უნდა გამხდარიყო ბიზნესის კეთილსინდისიერად წარმოებისთვის, თუნდაც საგადასახადო კუთხით, ჩვენდა სამწუხაროდ IMF-ის კვლევის თანახმად საქართველოში ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე50%-ს აღემატება, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში საშუალოდ 64.87%-ს შეადგენდა. დამეთანხმებით, რომ ეს არცთუ სახარბიელო შედეგია, არათუ ევროპის ქვეყნების, არამედ ჩვენს რეგიონში არსებული მდგომარეობის ფონზეც კი, რასაც ადასტურებს მეზობელი ქვეყნების ჩრდილოვანი ეკონომიკის მონაცემები: თურქეთი-31.38%, რუსეთი-38.42%, სომხეთი-42.59%, აზერბაიჯანი – 52.19%. ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის პრაქტიკულად, იგივე შედეგს იძლევა დიპლომირებული სერტიფიცირებული ბუღალტერების ასოციაციის (ACCA) კვლევაც, რომელსაც საქართველოზე დაკვირვება სამწუხაროდ არ განუხორციელებია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 1991-2009 წლებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელს ზრდადი ტენდენცია ახასიათებდა, ხოლო 2010 წლიდან საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის კლება შეინიშნებოდა. ეს კი გვაფიქრებს, რომ 2008 წლის ომის შემდგომ სახელმწიფო განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგანაც მას ესაჭიროებოდა ფულადი რესურსები და ეკონომიკის მაქსიმალურად გამჭირვალობა, რათა ომის შედეგით გამოწვეული ფინანსურ პრობლემები დაეძლია. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში აწ უკვე ფორმალური ეკონომიკიდან უფრო მეტი გადასახადის აკუმულირება იყო შესაძლებელი. აღნიშნულს ადასტურებს IMF-ის კვლევაც, რომ არაფორმალური ეკონომიკის მაჩვენებელმა 2010 წლიდან კლება დაიწყო (68,46%) და ინარჩუნებს პოზიტიურ ტენდენციას (2015 წელს – 53,07%).

გასაკვირი არ არის, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე საკმაოდ დაბალია, ხოლო დაბალი ეკონომიკური შესაძლებელობების მქონე ქვეყნებში კი პირიქით, რასაც საქართველოს მაგალითიც ადასტურებს. გასათვალისწინებელია, რომ უცხოელი ინვესტორისთვის მსგავსი შედეგები შეიძლება საქართველოს ნაკლებად მიმზიდველს ხდიდეს და ანგრევდეს სტერეოტიპებს, რომ საქართველო ყველაზე გამჭირვალე და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყანაა რეგიონში.

გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევაში არის გარკვეული პარადოქსებიც, მაგალითად სამხრეთ კორეასა და ტაივანში უჩვეულოდ მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე ვლინდება (24%), რაც განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს რამდენიმეჯერ აღემატება და პირიქით უჩვეულოდ დაბალი ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი ვლინდება არაფრით გამორჩეული და სუსტი ეკონომიკის მქონე ვიეტნამში (18%). იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოც შესაძლოა სწორედ ასეთ გამონაკლის წარმოადგენდეს. იმედისმომცემი კი 2010 წლიდან მოყოლებული ჩრდილოვანი ეკონომიკის კლებადი ტენდენცია გახლავთ.

მარიამ ლაშხი

“თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ანალიტიკოსი

Share