Home » ბიზნესი » “საქართველოს ბანკმა” თბილისის ექვსივე აბანო დააყადაღა
“საქართველოს ბანკმა” თბილისის ექვსივე აბანო დააყადაღა

“საქართველოს ბანკმა” თბილისის ექვსივე აბანო დააყადაღა

 

თბილისის აბანოების დახურვის საფრთხე რეალურია    

აბანოთუბანში მდებარე აბანოებს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყლის გადასახადის ახალი ტარიფი დაუწესა, რაც აბანოების ხელმძღვანელების განცხადებით, იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა არ შეუძლიათ. აბანოების მფლობელებმა, პრობლემის მოგვარების თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართეს, თუმცა, საკითხი დღემდე დავის საგანს წარმოადგენს.

ჭრელი აბანოს დირექტორის, გურამ ტედიაშვილის თქმით, აღნიშნული ბიზნესი, საკმაოდ სპეციფიკურია და აქედან გამომდინარე, საკითხს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. მისი თქმით, აბანოების ირგვლივ არსებული პრობლემის, მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა არ შეიძლება და გარდა ბიზნესისა აბანოები, გარკვეულწილად ტურისტულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს.

“ბიზნესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ტარიფს არ გვიწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ფიქსირებულ გონივრულ გადასახადს ვიხდიდით. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან აბანოებს გადასახადი არაგონივრულად გაგვეზარდა”, – განაცხადა გურამ ტედიაშვილმა.

შპს “ნარიყალას” დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილიც, პრობლემის წარმოშობის მიზეზად, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” მენეჯმენტის ცვლილებას ასახელებს. მისი თქმით, პრობლემები საქართველოს ბანკის მიერ კომპანიის აქციების ყიდვის შემდეგ დაიწო.

“ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს” შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ამ უკანასკნელის აქციების ნაწილი “საქართველოს ბანკმა” შეიძინა და კომპანიის მართვა მთლიანად ჩაიბარა. მას შემდეგ გოგირდის აბანოებისგან მოითხოვეს ინფორმაცია, რამდენ კუბერმეტრ წყალს მოიხმარენ დღეში, რათა წყლის დაღვრის გადასახადი განუსაზღვრონ.

“საუბარია საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე წყალზე. ჩვენ შემოსავალი წყლის ყოველი მოხმარებული ლიტრიდან არ გაქვს, შეიძლება დღე გავიდეს და ერთი კლიენტიც არ შემოვიდეს ნომრებში. საბოლოო ჯამში 15-ჯერ გაგვიზარდეს გადასახადი, რაც თვეში დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს. ეს არის ბანკირების პოზიცია. სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და ექვსივე აბანო დააყადაღეს”, – აცხადებს “ნარიყალას” დირექტორი.

გარდა ამისა, ნოდარ ტოლიაშვილის, თქმით იმ შემთხვევაში, თუ “ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერთან” შეთანხმება ვერ შედგა და აბანოების დახურვა საჭირო გახდა, ეს სხვა პრობლემების წარმოშობის საფუძველი გახდება.

“კატეგორიულად დაუშვებელია ჭაბურღილის დაკეტვა. ეს წყალი 2 500 მეტრის სიღრმიდან ამოდის. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ სადღაც აქვეა ამ პოზიციას იზიარებს გარემოს დაცვის სამინისტროც. აბანოებს საკუთარი საკანალიზაციო მაღაროების ქსელი აქვს და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” ერთი მილიც არ შეუმატებია. ეს საკანალიზაციო კომუნიკაცია საუკუნეების წინ შეიქმნა”, – აცხადებს ტოტოღაშვილი.

აბანოების წარმომადგენლების ბრალდებებს “ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა” სპეციალური განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მზადაა აბანოების მფლობელებთან გადახდის გრაფიკის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

“გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მზადაა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი. კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც “ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი” გოგირდის აბანოებს გადასახადს აღრიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აბანოების პრობლემასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასაც თავის პოზიცია გააჩნია. როგორც კომისიაში აცხადებენ, აბანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლები. მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პრობლემური საკითხის დარეგულირებაზე, კომისია აქტიურად მუშაობს.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” დაუდგინა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 3.729 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 3.013 ლარი/მ3-ით. წყალანირების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 0,716ლარი/მ3-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე). კომისია ტარიფებს არ უდგენს კონკრეტულად რომელიმე აბონენტს/მომხმარებელს. ტარიფების დადგენა ხდება წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანიებისათვის. ამ შემთხვევაში, შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” უფლებამოსილია, რომ მომხმარებელს სასმელი წყალი მიაწოდოს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში. აბანოების ხელმძღვანელებთან კომისიაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლები. კომისია დღემდე მუშაობს საკითხის დარეგულირებაზე”, – აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

ელენე ციგრიაშვილი

Share