Home » ბიზნესი » “საქართველოს ბანკის” ბიზნესად ქცეული ქვეყანა
"საქართველოს ბანკის" ბიზნესად ქცეული ქვეყანა

“საქართველოს ბანკის” ბიზნესად ქცეული ქვეყანა

ბანკის საქართველო

ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა  ქვეყნისთვის რომ სერიოზულ პრობლემად იქცა, ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. სპეციალისტები და თავად ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი სიტუაცია ფაქტობრივად სპობს  ჯანსაღ კონკურენციას და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელს რთულ პირობებში აყენებს.

ბიზნესმენები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მათ სესხები მსხვილი კომერციული ბანკებიდან აქვთ აღებული. შედეგად, ამა თუ იმ ბანკს სრული წვდომა აქვს მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე და, როდესაც, ბანკი კონკურენტის სახით შედის მათ ბიზნესსექტორში ისინი იჩაგრებიან და უჭირთ რეალური კონკურენციის გაწევა. გარდა ამისა, ბანკებს უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვთ და, ფაქტობრივად, თავად აფინანსებენ საკუთარ არაპროფილურ ბიზნესებს.

არაპროფილური აქტივების ფლობის კუთხით, ერთ–ერთი გამორჩეულია “საქართველოს ბანკი”. მართალია დღეისათვის ბანკის მფლობელობაში აღარაა ეს ბიზნესები და ისინი საერთო ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” (აწ უკვე ყოფილი BGEO ჯგუფი) ქვეშ ერთიანდებიან, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის კარგადაა ცნობილი, წლების განმავლობაში, თუ როგორ შედიოდა “საქართველოს ბანკი” სხვადასხვა ბიზნესში და საკუთარი ფინანსური რესურსის ხარჯზე მუდმივად აფართოებდა არაპროფილურ საქმიანობას.

გარდა ამისა, “საქართველოს ბანკსაც”  და “საქართველოს კაპიტალსაც” ერთი და იგივე აქციონერები ჰყავთ და იმის მტკიცება, რომ ბანკს არანაირი არაპროფილური ბიზნესი არ გააჩნია, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა მხოლოდ და მეტი არაფერი. “საქართველს კაპიტალს” ამოაფარებს თუ BGEO ჯგუფს ბანკი საკუთარ ბიზნესებს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ბიზნესებს სწორედ თავად აფინანსებს, იაფ ფულსაც თავად აწვდის, მაღალ ფინანსურ რესურსსაც ახარჯავს და თუნდაც მათთვის სესხის მიცემის შემთხვევაში საკუთარი ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვს.

ასე რომ, ბანკი ასე ადვილად ვერც საზოგადოებას “დააბოლებს”, ვერც ბიზნესსექტორს და ვერც სპეციალისტებს – ფაქტია, რომ დღეს ქვეყანა “საქართველოს” ბანკის ბიზნესად არის ქცეული და მისი საცეცები ფაქტობრივად ყველა ბიზნესსფეროს წვდება. გარკვეულ ბიზნესსექტორში ორი კონკურენტი ბიზნესიც კია მის მფლობელობაში. და რაც ყველაზე სამწუხაროა, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში ჩვენ მხოლოდ ბანკების ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მსხვილი ბიზნესები დაგვრჩება და ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესსექტორი სრულად მათ კონტროლქვეშ გადავა.

გთავაზობთ იმ მთავარ ბიზნესებს, რომელსაც ფაქტობრივად “საქართველოს ბანკი” ფლობს და ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” ქვეშ ყავს გაერთიანებული.

სადაზღვევო ბიზნესი – “ალდაგი” და “იმედი L”

სადაზღვევო ბიზნესში ბანკი ფაქტობრივად ორი მსხვილი კომპანიის მფლობელია, ესენია “ალდაგი” და “იმედი L” –   სადაზღვევო ბაზრის ორი ლიდერი კომპანია. 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მოზიდული პრემიების მიხედვით კომპანია “ალდაგი” მეორე ადგილზეა და მან 64 მილიონი ლარის მოზიდვა მოახერხა, მესამე ადგილზეა “იმედი L” რომელმაც 41 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.

ფარმაცევტული ბიზნესი – “ჯიპისი” და “ფარმადეპო”

ფარმაცევტული ბიზნესი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია, ეს ყველაფერი როგორ გამოეპარებოდათ ბანკის აქციონერებს და, ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ათვისებაც მარტივად მოხდა. აქაც ბანკი ორ ყველაზე მსხვილ კომპანიას ფლობს, ესენია – “ჯიპისი” და “ფარმადეპო”. აღსანიშნავია, რომ “ფარმადეპო” სწორედ მიმდინარე წელს შეიძინეს და ეს ორი კომპანია ერთად აღებული ბაზარზე ყველაზე მაღალ წილს იკავებენ.

სამედიცინო კორპორაცია – “ევექსი”

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 76 კლინიკით არის წარმოდგენილი.

სფეროს სპეციალისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აეკრძალოთ, ვინაიდან მსგავსი სიტუაცია აფერხებს ბაზარზე კონკურენციას და ხელს უშლის ფასების შემცირებას. თუმცა, როდის იყო “საქართველოს ბანკი” რაიმე წესს ემორჩილებოდა.

სამშენებლო ბიზნესი – მ2

სამშენებლო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მ2-იც სწორედ “საქართველოს ბანკის” ფაქტობრივ მფლობელობაშია და ამაზე არაერთხელ გამოუთქვამთ პროტესტი კონკურენტი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

ენერგეტიკა

წყალმომარაგების კომპანიები და ჰესები – GWP, “მცხეთის წყალი”, “რუსთავის წყალი” – “საქართველოს კაპიტალის” საკუთრებაშია საქართველოში წყალმომარაგების წამყვანი კომპანია GWP, რომელიც 400 000 მეტ აბონენტს ემსახურება და გარდა ამისა “მცხეთის წყალი” და “რუსთავის წყალიც”. თავად წყალმომარაგების კომპანიები, რამდენიმე ჰესს ფლობენ, მათ შორის – “საგურამოჰესს” “ჟინვალჰეს”, “ბოდორნაჰესს”.

სადისტრიბუციო კომპანია – TELIANI TRADING GEORGIA

სადისტრიბუციო კომპანია TELIANI TRADING GEORGIA 2006 წელს დაფუძნდა ადგილობრივი და იმპორტირებული სასმელების  დისტრიბუტორად. იგი  47%-ანი ბაზრის წილით ლიდერია ბოთლის ღვინის კატეგორიაში.  ახდენს უამრავი სახეობის ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციას, რომელთა ნაწილსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ღვინის კომპანია – თელიანი ველი

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზრებზე.

ლუდის ბიზნესი – “ჰეინეკენი”, “აისი”, “შავი ლომი”

“საქართველოს კაპიტალი” ლუდის ბიზნესით ბოლო პერიოდში დაინტერესდა და ჯერ ქარხნის აშენების უფლება მოიპოვა “ჰეინეკენისგან”, შემდეგ ქართული ლუდი “აისის” ჩამოსხმა დაიწყო და სულ რამდენიმე დღის წინ კომპანია “შავი ლომი” 3.2 მილიონ დოლარად იყიდა, რისი მეშვეობითაც ამ ბაზარზეც უდიდეს წილს დაიკავებს.

არაალკოჰოლური სასმელები – “კამპა”

ისე როგორ მოხდებოდა, რომ საკუთარი საცეცებით ბანკს არაალკოჰოლური სასმელების ბიზნესში ვერ შეეღწია. კომპანია “კამპა” 2008 წელს შეიქმნა და მომხმარებლებს წვენებისა და ნექტრების ასორტიმენტს სთავაზობს.

ჩასარიცხი აპარატები – express pay

საზოგადოებას კარგად ემახსოვრება “საქართველოს ბანკის” მიერ შემოთავაზებული დემპინგის ტიპური მაგალითი, როდესაც პირველ ეტაპზე კონკურენტებისგან განსხვავებით არ დააწესა მობილურ ოპერატორებზე თანხის ჩარიცხვის საფასური, თუმცა, როდესაც ბაზრიდან კონკურენტების ნაწილი ჩამოიშორა ფასების ზრდამაც არ დააყოვნა.

“საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი”

ბანკმა საკუთარი უნივერსიტეტიც შექმნა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრების და მაგისტრანტების განათლებას უზრუნველყოფს.

ზემოთ მოცემული ბიზნესები მცირე ჩამონათვალია იმ ინტერესებიდან, რომელიც “საქართველოს ბანკის” ჯგუფს გააჩნია ქართულ ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგურ დონეზე არაპროფილური საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მუდმივად ისმის საუბრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. თუმცა, ამ დრომდე ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ ჩანს. რთული სათქმელია რას უკავშირდება ასეთი უმოქმედობა. ჩნდება დასაბუთებული ეჭვები, მუშაობს თუ არა ძლიერი და გავლენიანი საბანკო ლობის გავლენა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებზე, რომელიც, თავს მხრივ, ელიტური კორუფციაზე მიუთითებს, თუ უბრალოდ პოლიტიკური იმპოტენციის დამსახურებაა საქმის წამოწყება და ბოლომდე ვერ მიყვანა.  

გიორგი კაპანაძე

 

Share