Home » ბიზნესი » ,,საქართველოს ბანკის” 9%-იანი სამომხმარებლო სესხის რეალური საპროცენტო განაკვეთი 15%-ს შეადგენს
,,საქართველოს ბანკის” 9%-იანი სამომხმარებლო სესხის რეალური საპროცენტო განაკვეთი 15%-ს შეადგენს

,,საქართველოს ბანკის” 9%-იანი სამომხმარებლო სესხის რეალური საპროცენტო განაკვეთი 15%-ს შეადგენს

დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს ამა თუ იმ ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებით. როგორც წესი, თითქმის ყველა ფინანსური ინსტიტუტი აცხადებს, რომ მომხმარებელს დაბალპროცენტიან და იაფ სესხს სთავაზობს, მაგრამ შეთავაზება ხშირად არ ემთხვევა რეალობას. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ დაბალპროცენტიანი სესხი არ ნიშნავს იაფ სესხს. საბოლოო ჯამში, ხშირად საქმე გვაქვს ისეთ სერიოზულ პრობლემასთან, როგორიცაა მსესხებლებისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდება. ამა თუ იმ სიტუაციაში მომხმარებლისთვის უცხოა ის გასაწევი ხარჯები, რომელიც მას დაეკისრება კრედიტის აღებისას. ბანკები კი, თავის მხრივ, ცდილობენ კლიენტს ისეთი ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია, რაც ნაკლებ პრეტენზიას გამოიწვევს მათში და პროდუქტიც უფრო ადვილად იყიდება.

ხშირია შემთხვევა, როცა ბანკები და მიკროსფინანსო ორგანიზაციები მომხმარებელს სთავაზობენ სესხებს კონკრეტულ პროცენტში, მაგრამ უმატებენ დაზღვევის თანხას, რომელიც ზრდის შენატანს და, საბოლოო ჯამში, აზარალებს კლიენტს.

აღნიშნული შემთხვევის კარგი მაგალითია ,,საქართველოს ბანკი”, რომელიც, ოფიციალურად, სამომხმარებლო სესხებს ჰყიდის 9%-ად, მაგრამ უმატებს დაზღვევის თანხას თვეში 3 ლარს, რაც საბოლოო ჯამში პროცენტს საკმაოდ ზრდის.

თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ კალკულაციას 9%-იანი განაკვეთის შემთხვევაში. 1000 ლარიანი სესხის, 1 წლით გამოტანისას, “საქართველოს ბანკის” მსესხებელს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 87,45 ლარი, 9 კლებად პროცენტიანი განაკვეთის პირობებში. ამ შემთხვევაში, კლიენტს სესხი გაუძვირდებოდა 49,40 ლარით.

12*87,45=1049,40
1049,40-1000=49,40
49,40/1000=0,049
0,049*1,77=0,086 ანუ მიახლოებით 9 %

მსგავსი პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში, პრაქტიკაში კლიენტი იხდის ყოველთვიურად 90,40 ლარს, რაც გამოწვეულია შენატანზე დაზღვევის თანხის დამატებით. ამჯერად, წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის მიერ 9%-ად გაყიდული სესხის კალკულაციას:

12*90,40=1084,80
1084,80-1000=84,80
84,80/1000=0,085
0,085*1,77=0,15 ანუ მიახლოებით 15 %

ამ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, სესხი ძვირდება 84,80 ლარით და უნდა აღინიშნოს, რომ ამას კიდევ ემატება გაცემის საკომისიო 30 ლარი. ანუ, რეალურად, ,,საქართველოს ბანკი” მომხმარებელს აძლევს სესხს არა 9%-ად, არამედ 15 %-ად.

მსგავსი შემთხვევები ხშირია და სამწუხაროა, რომ არ კონტროლდება შესაბამისი ორგანოების მიერ. ყველა საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, დაიცვას მომხმარებლის უფლებები და აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, გამჭვირვალედ წარმართოს თავისი საქმიანობა და არ შეიყვანოს მსესხებელი შეცდომაში.

ეკატერინე გეგეშიძე

Share