Home » საზოგადოება » “საქართველო უნდა გახდეს „კავკასიის შვეიცარია“ და სამეზობლოს ფინანსები მაქსიმალურად მოიზიდოს”
"საქართველო უნდა გახდეს „კავკასიის შვეიცარია“ და სამეზობლოს ფინანსები მაქსიმალურად მოიზიდოს"

“საქართველო უნდა გახდეს „კავკასიის შვეიცარია“ და სამეზობლოს ფინანსები მაქსიმალურად მოიზიდოს”

ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები, ურთერთობა აფხაზებთან, სამეგრელოს განვითარება, სატრანსპორტო პოტენციალი – ამ თემების შესახებ და იმაზე, თუ რა კავშირშია ისინი ღრმაწყლოვან პორტთან, პროექტის დამფუძნებელი ექსკლუზიურად ჟურნალ “ანაკლიას” ესაუბრება:

 ბატონო მამუკა, ანაკლიის პორტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და დადგა ის ეტაპი, როცა ანაკლიაში მოცემულობა შეიცვალა. დღევანდელი გადასახედიდან პროექტი რომ შევაჯამოთ, რამდენად გამოვიდა ის, რაც დასაწყისში წარმოგედგინათ და რა ძალისხმევა ჩაიდო ამაში?

– ალბათ, შეფასება ყველაზე კარგი მაშინ იქნება, როცა მშენებლობის პირველი ეტაპი დამთავრდება. პირველი ფაზის დამთავრებას 2020 წელს ველოდებით და იმ მომენტში უნდა შევაფასოთ, ჩვენ მიერ ჩადებული უზარმაზარი ენერგია ლოგიკურ წერტილამდე როგორ მივიდა და რაც ჩაფიქრებული გვქონდა, როგორ შესრულდა.

მთლიანობაში, პორტის იდეას, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ქვეყნისთვის, შევადარებდი გულის ოპერაციას, როცა არტერია დახშულია და შუნტირება კეთდება – დაახლოებით ასეთი ტიპის ოპერაცია უტარდება ახლა ჩვენს ქვეყანას, რომლის სატრანსპორტო დერეფანი ხდება კონკურენტუნარიანი, გამტარუნარიანი და მსოფლიოს სტანდარტის დამაკმაყოფილებელი.

ეს არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს უზარმაზარი კვანძის შექმნაა და განაცხადი, რომ ჩვენ ვართ შუა წერტილი ევროპასა და აზიას შორის და ეს მხოლოდ ისტორიული მოცემულობა აღარაა. მნიშვნელოვანი განაცხადია, როცა საერთაშორისო ბიზნესს მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურას სთავაზობ.

ვფიქრობ, ანაკლიის პროექტი საქართვლომ ცოტა დააგვიანა კიდეც. მაგრამ მსოფლიოში და ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუნდაც გზების გადანაწილების თვალსაზრისით, ახლა იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ.

ანუ ეს განაცხადი, რომ ჩვენ ღირსეული ადგილი გვიჭირავს დღევანდელ საერთაშორისო გადანაწილებაში, უკვე გააკეთა საქართველომ?

დიახ, და ეს არ არის მხოლოდ პორტი. ის რეფორმები, რაც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში გატარდა, ბევრი რთული და წარმატებული, თუნდაც ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის განვითარება – ეს არის განაცხადი. პორტი შეიძლება ააშენო, მაგრამ ქვეყანა არ იყოს დემოკრატიულად განვითარებული, ბიზნესის წარმოება შეუძლებელი იყოს, არსებობდეს რეკეტი, კორუფცია და ა. შ. საბედნიეროდ, ეს შორეულ წარსულში დავტოვეთ. პორტი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, მაგრამ ქვეყანამ შექმნა წარმატების პლატფორმა, სადაც საერთაშორისო ბიზნესის კეთება შეიძლება. ეს დიდ კრიტიკულ მასას ქმნის იმისათვის, რომ კონგლომერატები მოვიწვიოთ.

სწორედ ამიტომ განვავითარეთ ქალაქ ანაკლიის იდეა. როცა მულტინაციონალურ კომპანიებს და ადამიანებს ეუბნები, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოკლე გზა ხარ, მათ უნდა შესთავაზო საოფისე ინფრასტრუქტურის, წარმოების და ადამიანური რესურსის ჩამოყვანის შესაძლებლობა; მათ უნდა მოუნდეთ მუდმივი წარმომადგენლობების გახსნა აქ, სადაც ევროპიდან აზიისკენ ტვირთის გატარება მოხდება. ამიტომ ანაკლია არა მხოლოდ გადაზიდვის, რეგიონში საერთაშორისო კომპანიების ჰაბიც უნდა იყოს. როგორც კი ჩნდება საერთაშორისო ოფისები, იქვე ჩნდება ფინანსური მხარდაჭერა. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა სამეზობლოში, რომლის 2 ბანკიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოქმედებს და ორივე „FTSE 250-ის“ მონაწილეა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ენდობიან და მთელი მსოფლიოს ინვესტორები ჩვენი აქციონერები არიან.

ეს რესურსი გვაქვს და შეგვიძლია, რეგიონისთვის ფინანსური ცენტრი გავხდეთ. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაა, სამეზობლო ფინანსები საქართველოში მოვიზიდოთ. დავარქვათ მას „კავკასიის შვეიცარია“, ან ნებისმიერი სხვა რამ

ამის ბაზა დღეს შექმნილია და საქართველოში არსებობენ მოქმედი მოთამაშეები, რომლებიც ამ ამოცანას გაუმკლავდებიან.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის ანაკლიის პროექტი რამდენიმე „სათაურისგან“ შედგება. ესენია: პორტი, ფინანსური პროექტი, რეკრეაცია და გარემო, წარმოება. გარემოზე ზემოქმედების შემცირების პროცესს ჩვენ საერთაშორისო, უმაღლესი სტანდარტით ვახორციელებთ და აქ კომპრომისები არ იქნება. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ შესაძლებელია, გავაკეთოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი და მის ირგვლივ განვავითაროთ ფლორა და ფაუნა, დავიცვათ ბუნება.

საწარმოო სიმძლავრეებს რაც შეეხება, აქ მძიმე და ქიმიური მრეწველობა, რომელიც გარემოს ზიანს აყენებს, არ იქნება. გამოვყოფდი ლოგისტიკურ ჰაბს და ფინანსურ ცენტრს, სადაც საწარმოების გადმოტანა ავტომატურად მოხდება და გვაქვს ბევრი შემოთავაზება.

საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა – ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ამერიკასთან პრეფერენცირებული ვაჭრობის ხელშეკრულება, დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობა – გვაძლევს საშუალებას, რომ არაევროკავშირის ქვეყნები მოვიზიდოთ, წარმოება ანაკლიაში გადმოიტანონ და საქართველოს დროშის, „Made in Georgia-ს“ ქვეშ შეიქმნას პროდუქცია.

ჩვენი ეს ხედვა სწრაფად განვითარდება, როგორც კი პორტი ამოქმედდება. თუმცა, მის ჩართვას არ ველოდებით – 1 წელიწადში მზად იქნება ქალაქის განაშენიანების მთელი დოკუმენტაცია, რომელიც ფაზებად იქნება გაწერილი, რადგან ქალაქი რამდენიმე წელიწადში არ შენდება. თუმცა გამოვყოფთ ძალიან მკაფიო პრიორიტეტებს, თუ საიდან დავიწყებთ მშენებლობას.

ამ ყველაფერს სჭირდება ბაზა – ლეგალური სისტემა, რომელზეც ასევე ვმუშაობთ. ავიღებთ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომერციული კანონმდებლობის და საერთაშორისო არბიტრაჟის მაგალითებს, რათა ჩვენ გავხდეთ არა მარტო ფინანსური ცენტრი, არამედ ადგილი, სადაც კომერციულ დავებში სამართლის პოვნა გარანტირებული იქნება. ამით კიდევ ერთხელ ვიქნებით, კარგი გაგებით, „ამოვარდნილი“ ჩვენი სამეზობლოდან – რეგიონში ამის პრაქტიკა არ არსებობს.

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი კუნძული, სადაც მთელი მსოფლიოსთვის გასაგები იქნება, რომ ანაკლიაში მოქმედი კანონმდებლობის ქვეშ თუ დაიდო ხელშეკრულება, ეს ლონდონის ან პარიზის არბიტრაჟის ტოლფასი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, ძალიან დიდ საერთაშორისო ბიზნესებს ველაპარაკოთ.

რადგან ანაკლია სითიზე ვსაუბრობთ – ვიცით, რომ ეს იქნება თანამედროვე, ჭკვიანი ქალაქის პრინციპებით აგებული მწვანე ქალაქი, რომელიც, როგორც თქვენ ერთხელ ინტერვიუში განაცხადეთ, იქნება ასევე ქართული პროექტი. როგორ წარმოგიდგენიათ დასავლური, თუნდაც აზიური (არაერთი „სმარტ სითი“ აზიაში ვითარდება) და ქართული გამოცდილებების შერწყმა, ხომ არ არის ეს ძალიან რთული ამოცანა?

საინტერესო კითხვაა. თბილისი ამის კარგი მაგალითია – საბოლოოდ რა სახითაც ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში. ვერ იტყვი, რომ ის აზიური ან ევროპულია. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ამ კითხვაზე პასუხებს გამოვიყენებთ ანაკლიისთვის. თბილისი არ არის ასიმილაციის მაგალითი, უცხოურიდან საუკეთესო გადმოვიღეთ, მაგრამ ისინი გავაქართულეთ.

ქალაქი ანაკლია არ უნდა იყოს მეორე დუბაი, ის არ უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც ხასიათი არ აქვს. ამის ყველაზე ძლიერი გარანტი, ჩემი აზრით, ხელოვნება, კულტურა და რელიგიაა. აქ პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი კულტურა, ენა და საქართველოს მოქალაქის დასაქმება.

ეს იქნება, ასე ვთქვათ ,„იძულებითი“ – არ მეშინია ამ სიტყვის. წესები და კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ოფისისთვის კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე დასაქმებისას პრიორიტეტული იქნება.

ჩვენ ანაკლიაში უნდა ვიყოთ მასპინძლები, რისთვისაც ახალგაზრდა ინტელექტუალური ძალა უნდა მივიწვიოთ იქ საცხოვრებლად და სამუშაოდ. ისეთი პლატფორმა უნდა შევქმნათ, რომ ადამიანები დიდი ქალაქებიდან ანაკლიისკენ დაიძრან სამუშაოდ, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება, ბიზნესის შესაძლებლობები და შანსი, რომ ამ ადამიანებმა ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ.

უმაღლეს სასწავლებლებს, საუკეთესო სკოლებს, რომლებიც თბილისში უკვე დამკვიდრდნენ, ანაკლიაში ექნებათ გაფართოების და საერთაშორისო ქალაქის ცხოვრებაში ჩაბმის საშუალება. განათლების და კულტურის თვალსაზრისით, ანაკლიაში ისეთი მოთხოვნები იქნება, როგორიც ადამიანებს აქვთ სინგაპურში, ჟენევაში,ნიუ-იორკში ან ლონდონში.

ანაკლიაში #1 პრიორიტეტი ეკოლოგია იქნება. არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ მთლიანი დამოკიდებულების მხრივ. პრიორიტეტი იქნება ხარისხი და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები, ისეთის შექმნა, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ და საერთაშორისო კომპანიები ანაკლიაში ამ სიახლეში მონაწილეობით დაინტერესდებიან.

აუცილელბად უნდა მოვიწვიოთ ისეთი ადამიანები, ვინც ინოვაციურ და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტებზე მუშაობენ.

ეს ახლა ჟღერს, როგორც მხოლოდ სიტყვები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, ამას გავაკეთებთ ჩვენს გუნდთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. ამის საფუძველი და ამის თავი ჩვენ, ქართველებს, გვაქვს. ეს არ არის 1 ან 5 წლის საქმე, მაგრამ თუ საფუძველს სწორად ჩავყრით, შედეგს აუცილებლად მივიღებთ.

 გარდა იმისა, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, უკვე ჩართული ხართ სხვა ინიციატივებში, რომლებიც პორტის პარალელურად დაიწყო სამეგრელოში. მაგალითად, იპოდრომის განვითარება, ყურძნის ჯიშები სამეგრელოდან, ა.შ.ერთი მხრივ, რეგიონში ეკონომიკურ წინსვლას თავისთავად მოჰყვება სხვადასხვა სფეროს განვითარება. რატომ გადაწყვიტეთ,რომ ამ მიმართულებითაც ჩართულიყავით?

პირველ რიგში, სხვებს უნდა მივცეთ მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია. აღმოჩნდა, რომ 25 წლის განმავლობაში, თითქმის არ დარჩენილა სფერო, რომელშიც მე და ჩემს გუნდს მონაწილეობა და თან, წარმატებული, არ მიგვიღია. იქნება ეს ამერიკული აკადემია თუ სამტრედიაში ჰოლანდიელებთან ერთად გაკეთებული ჰიდროპონიკის სათბურები, საჯინიბო, ღვინის უნიკალური ჯიშები მუხრანში, ვაზისუბანსა და ხიზაბავრაში, საბანკო სფერო, ბორჯომი; ლისი დეველოპმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ქალაქი ქალაქშია, 9 საერთაშორისო პრიზი გვაქვს აღებული საუკეთესო არქიტექტურის და დეველოპმენტის მიმართულებით და, რომლის დასაწყისშიც გვეუბნებოდნენ, რომ არასწორ გზაზე ვიდექით. შესაბამისად, ყველა მიმართულებაში გვყავს წარმატებული ადამიანები და ვიფიქრე, რომ შეგვიძლია, ეს მოდელები პორტის მშენებლობასთან ერთად განვავითაროთ და მაგალითი მივცეთ სხვებს.

როგორ არ უნდა დავიწყოთ იმის პოპულარიზაცია, რომ სამეგრელოში 60 უნიკალური ჯიშის ვაზია?! ამათგან, არავინ იცის, რომელი გამოვა კარგი ღვინო. რთული საქმეა, მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს და მზად ვართ, ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ და რთულ გზაზე დავდგეთ.

ასევე გვინდა, დიდი ყურადღება დავუთმოთ ადგილობრივ კულტურულ ძეგლებს, რომელზეც ცალკე ფონდი იქმნება. ერთ-ერთი პროექტი უკვე დავიწყეთ ხელოვნების მუზეუმსა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან ერთად. ეს უნიკალური ადგილი, სამეგრელო, თავისი ბუნებით და ტრადიციებით წინ უნდა წამოვწიოთ. აღარაფერს ვიტყვი მის მართლა განსაკუთრებულ სამზარეულოზე, რომელსაც განსხვავებული წარდგენა და მიდგომა სჭირდება. ამ გზაზე უამრავ ენთუზიასტს და მეგობარს ვხედავ.

ეს არ არის ჩემი პირდაპირი ბიზნესი. მიმაჩნია, რომ პორტის მშენებლობა ყინულმჭრელია, მის გარშემო კი უნდა გაიშალოს პატარა „გემები“ – პროექტები, რომ ყველამ ერთიანად ვიაროთ ერთი მიმართულებით.

 კიდევ რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს სამეგრელოს, რომლის წამოწევაც კარგი იქნებოდა?

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პოტენციალია ურთიერთობების აღდგენა და მეგრელი კაცის ოჯახის გაძლიერება. ყველაფერი ეს, რაზეც ვსაუბრობთ, უნდა ემსახურებოდეს ადამიანისთვის ღირსების დაბრუნებას, რაც პირველ რიგში მის მუდმივ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ამისთვის პლატფორმა არ არსებობს და მისი შექმნა რთულია, როცა ანაკლია ზაფხულში თვე-ნახევრით ივსება ტურისტებით და მერე ისევ ჭაობით სავსე ადგილად რჩება. ჩვენი ამოცანის პირველი მაგალითი უკვე გვაქვს – პორტის ადრეულ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული 50 ადამიანზე მეტი, თუმცა, იცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ზვავის ეფექტი აქვს ამ მშენებლობას, ახლა 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს სამშენებლო სამუშაოებზე, მაგრამ ეს გაიზრდება, რადგან სამუშაოების მიმართულება იზრდება, ემატება ტექნიკა, ინჟინრული გადაწყვეტა და ფართო მასშტაბს იძენს.

ასეთი მასშტაბის მშენებლობა, თუ არ ჩავთვლით ენგურჰესის აგებას, თან კერძო ტიპის მშენებლობა, საქართველოში არ ყოფილა. ჩვენი ამოცანაა, რომ ადგილობრივად მცხოვრებმა ადამიანებმა ეს სიკეთე თავის თავზე იგრძნონ.

ამას კი მერე უნდა მოჰყვეს სხვა რაღაცების განხორციელება ე.წ. საზღვრის იქით.

პორტი აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრში შენდება. რა შეიძლება ამ პროექტმა გააკეთოს ისეთი, რაც აქამდე ვერ გაკეთდა და როგორ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა აფხაზებთან?

მე ვფიქრობ, ყველაფერი შერიგებით უნდა დაიწყოს. არა – შერიგებით ჟენევაში, ან სადმე უცხო ტერიტორიაზე, არამედ ქართულ მიწაზე. და ეს უნდა მოხდეს კონკრეტული ადამიანების შეხვედრით და იმაზე საუბრით, რომ 25 წელი გავიდა და მოვიფიქროთ, ხვალ როგორ ვიცხოვროთ… ბოდიში უნდა მოვიხადოთ ღმერთის და ერთმანეთის წინაშე იმისათვის, რაც, სამწუხაროდ, დაგვემართა. აქ, მოგებული და წაგებული არ არსებობს. ყოფილა შემთხვევა, რომ ძმები გაყოფილან, მაგრამ ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და ნებისმიერი მოლაპარაკება ჩემთვის არ იქნება შედეგიანი, თუ ის ჯგუფებს შორის სახალხო შერიგებას არ მოიტანს.

შეიძლება, ვიღაცა ამბობს, პორტი ამასთან რა შუაშიაო. აფხაზეთთან უნდა ვიყოთ. მე ვთქვი, რომ იქ ახალგაზრდები უნდა წავიდნენ… „გახსოვდეს აფხაზეთი“ თბილისიდან არ ჩანს. აქედან ვერ დავიმახსოვრებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, ეგრეთ წოდებულ საზღვართან და არა იმიტომ, რომ აფხაზეთს კუნთები დავანახოთ, არამედ იმიტომ, რომ ვუთხრათ: ჩვენ აქ ვართ, ვაშენებთ, გვინდა,შენთან ერთად ავაშენოთ, შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზეც ავაშენოთ, ჩვენ მზად ვარ შენთან დღეს კულტურული, სახალხო დიპლომატიისთვის, მზად ვართ, ბიზნესი ვაკეთოთ ერთად, იმიტომ, რომ აქ ბევრი რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ.

მთავარია, ჩვენ შორის „საზღვარი“ გონებაში წავშალოთ. თორემ, დღეს ფიზიკური საზღვარი მსოფლიოში აღარ არსებობს. ინტერნეტით შეგიძლია ყველას მისწვდე და ჰოლანდიელს „სკაიპით“ რომ ესაუბრები, ამისთვის პასპორტი არ გჭირდება. 21-ე საუკუნეა და სირცხვილია, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

ამისათვის ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ანაკლიაში. ხოლო ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ, მორალურად და ეკონომიკურად წელში უნდა გაიმართონ და აფხაზ ძმებთან ურთიერთობა აღადგინონ. ასეც მოხდება, რადგან მშვიდობას და ძმობას ალტერნატივა არ აქვს.

ომსაც თავისი მიზეზები ჰქონდა, რადგან ჩვენ, აფხაზები, ოსები, ყველა – უზარმაზარი იმპერიის ნამსხვრევებში მოვყევით. ამის დაძლევა ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება, ჩვენ მათ უნდა დავანახოთ, რომ სიტყვის ხალხი ვართ.

 ქვეყნები, განსაკუთრებით პატარა ქვეყნები, ცდილობენ იპოვონ ერთგვარი როლი და ნიშა, რომლითაც ისინი საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანნი გახდებიან. არის საუბარი, რომ სატრანსპორტო დერეფანი ჩვენი ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა. თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ნიშა და არის თუ არა ეს ტრანსპორტი?

ტრანსპორტი არის საშუალება იმისათვის, რომ რაც გვაქვს, ის გავაძლიეროთ. ტრანსპორტი და რკინიგზა ტექნიკური საკითხებია, რომელიც აშენდება და გავლილი ეტაპი იქნება… ჩვენი ნიშა მსოფლიოში კულტურაა; რელიგია, ტრადიციები და ყველაფერი, რასაც საქართველო ჰქვია. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ყველაფერი, რასაც ის მოიცავს – დამწერლობა, ლიტერატურა, დედაენა, ძეგლები, ისტორია, კინემატოგრაფია…

ვთვლი, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია კინემატოგრაფიაში უნდა ხორციელდებოდეს და ამას ძალიან ხმამაღლა ვამბობ – ეს არის ჩვენი ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობა.

საქართველოში თავმოყრილი შემოქმედი ადამიანები დიდი ქვეყნის მასშტაბებს ეყოფოდნენ, პოტენციალი გვაქვს პერფორმანსის, ცეკვის, ხელოვნების უამრავი დარგის. კინო კი ამ დისციპლინებს მოიცავს – ვიზუალს, მუსიკას, ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას, მსახიობს, რეჟისორს, წარმოებას. აქ უნდა იყოს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ნომერ პირველი პრიორიტეტის.

ჩვენი ამბიცია მსოფლიოს ხუთ მსხვილ კინომწარმოებელ ქვეყანას შორის ყოფნა უნდა იყოს.

და მეორე, რაც ღმერთმა მოგვცა – ეს მეღვინეობაა. ხარისხი უნდა აღვადგინოთ. კარგია, რომ უამრავი მარანი გააქტიურდა. მაგრამ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ: ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი. და შორს ვართ მისი სწორად პოზიციონირებისგანაც.

არ შეიძლება, ქართულიღვინო 2 დოლარი ღირდეს. თუ არ მეშლება, შარშან, დაახლოებით 70 მლნ ბოთლი გაიყიდა და ეს დაახლობით 120 მლნ დოლარია. არ შეიძლება, იყო ღვინის 8000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც მეორე არ არის მსოფლიოში და ღვინოს ბორჯომის ფასად ყიდდე.

ძვირად გაყიდული ღვინო მატერიალურად ქართველი გლეხის ფეხზე დაყენებაა. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია – როგორც კი ხარისხის და უნიკალურობის მიმართულებას აიღებ, როცა აქ მაღალი კლასის ღვინის მოყვარულებს ჩამოიყვან და ამ ინფრასტრუქტურაში ჩადებ ინვესტიციას, საქართველო გახდება უნიკალური ქვეყანა, სადაც შეგეძლება ისეთი ღვინო დააგემოვნო, რომელსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავ.

– და ბოლოს, ისევ პორტს რომ დავუბრუნდეთ, ის საერთაშორისო გამოხმაურება და ინტერესი, რაც პროექტმა აქამდე მიიღო, მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ანაკლიის პორტი და საქართველო ამ შესაძლებლობით საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება? თქვენი სიტყვებია, რომ „ეს არის პროექტი, რომელიც თამაშის წესებს ცვლის“. დაიწყო თუ არა თამაშის წესების შეცვლა?

თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე მშენებლობის პროცესში ვართ და თუნდაც ის, რომ პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თითქმის ყველა მსხვილი მოთამაშე უკვე ჩვენთან კავშირშია და ბევრ მათგანთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, ამაზე მეტყველებს.

სულ რაღაც 2 კვირის წინ ანაკლია საერთაშორისო გადაზიდვების, ჩინეთის რუკებზე გაჩნდა, ვარსკვლავით არის აღნიშნული – რომ მშენებლობის პროცესშია. ამ რუკებზე აქამდე საქართველო არ იყო წარმოდგენილი.

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 უმსხვილესი– ამერიკის, აზიისა და ევროპის –ბანკის დასტური გვაქვს პროექტის დაფინანსებაზე, რომლებთანაც ურთულესი მოლაპარაკების ეტაპები გავიარეთ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პროექტის მიმართ ბანკების მხრიდან კითხვა – საჭიროა თუ არა ანაკლიის პორტი და გაამართლებს თუ არა ის – პრაქტიკულად აღარ არსებობს. რაც მშენებლობა დავიწყეთ, რამდენიმე თვეში, ისეთი აქტიურობაა საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ყოფილა. შეხვედრები უკვე მთელი წლით არის გაწერილი და ეს არ ეხება მარტო პორტს, არამედ უამრავ თემას – დეტალურ დიზაინსა და ტრანსპორტირებაზე ვმუშაობთ, ანაკლია სითის გეგმარებაზე. ახლა კიდევ რამდენიმე მსხვილ კომპანიას ველაპარაკებით. უკვე ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ პროცესის ნაწილი ვართ. იქამდე იყო პერიოდი, როცა უნდა დაგვემტკიცებინა, რომ პროექტი საჭიროა და რომ ჩვენ შევძლებთ. ეს უკვე გავიარეთ. ახლა გასავლელია ის ეტაპი, რომ რაც დავიწყეთ, დროულად შევასრულოთ და მივიღოთ პირველი გემი. ტექნიკური სირთულე არსებობს, რადგან პრაქტიკულად ჭაობში გვიწევს მუშაობა, მაგრამ თანამედროვე მეთოდები ამ საკითხებს უმკლავდება.

იცით, რომ მე-20 საუკუნის სამოციანი წლებიდან დაიწყო ანაკლიის პორტზე ლაპარაკი და ამ პროექტს დიდხანს ელოდნენ. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტი, როგორც თავიდან ვთქვი – დაგვიანდა, მაგრამ კარგია, რომ ახლა ის ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტით და არა ნაჩქარევად, როგორც შეიძლება მომხდარიყო.

პროექტი ე. წ.BOT-ის პრინციპით კეთდება – 50 წლის შემდეგ პორტი სახელმწიფოს კუთვნილება იქნება. ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ასეთი სტრატეგიული პროექტი სახელმწიფოსი უნდა იყოს.

ჩვენ აქ ვაშენებთ 100-მილიონიანი სიმძლავრის პორტს, რომელსაც, მინიმუმ, 100 წელი გადაიარაღება აღარ დასჭირდება. დღეს პირველი ფაზის ინვესტირება ხდება, რომლის 30 პროცენტი 9-ვე ფაზას, ხოლო 70 პროცენტი 5 ფაზას მოემსახურება. ეს დიდი განაცხადია. ნებისმიერმა მოთამაშემ უნდა დაინახოს, რომ უახლოესი 25-დან 50 წლამდე მას ბიზნესის პერსპექტივა აქვს.

Share