Home » ბიზნესი » საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს
საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს

საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს

ინვესტიციების კლებამ უკვე სახიფათო ფორმა მიიღო

საქართველოში განხორიციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ უკვე სახიფათო ფორმა მიიღო. ინვესტიციების ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული პერიოდისთვის მისი ზრდა თუ კლება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი კლების ტენდენცია თვალშისაჩინოა.

ინვესტიციები I-II კვარტალში

მიმდინარე თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, შემცირება ასეთია – აზერბაიჯანი $19.5 მილიონი -კლება წინა წელთან 80%; ნიდერლანდები – $58.1 მილიონი – კლება წინა წელთან 23%; თურქეთი – $36 მილიონი – კლება წინა წელთან 8%;

ეკონომიკური სექტორებიდან, ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ენერგეტიკაში (34%), დამამუშავებელ მრეწველობასა (20.5%) და სასტუმროებსა და რესტორნებში (15%).

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტლის მსგავსად, ინვესტიციების შემცირებული მონაცემი პირველ კვარტალში დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3 პროცენტით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების მსგავსი შემცირებული ოდენობა კი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საფინანსო სექტორში პირველ კვარტალში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 33,6 მილიონი დოლარით – 42,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ტრანსპორტში – 87,4 მილიონი დოლარით – 28,6 მილიონ დოლარამდე, სამშენებლო სექტორში – 46,1 მილიონი დოლარით – 8,4 მილიონ დოლარამდე.

ინვესტიციების შემცირების მიზეზები

მეორე კვარტალში ინვესტიციების შემცირების გამომწვევი ძირითადი მიზეზების გაანალიზებისას, საქსტატი აღნიშნავს, რომ ინვესტიციების კლების ძირითადი მიზეზი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა.

რაც შეეხება საქსტატის მიერ პირველ კვარტალში ინვესტიციების შემცირების გამოწვევ მიზეზებს, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ინვესტიციების შემცირების ორი მთავარი მიზეზია დასახელებული. პირველი, რომელიც ამავდროულად მეორე კვარტალში ინვესტიციების შემცირების მიზეზათაცაა დასახელებული, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და მეორე, რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა.

საექსპერტო თუ ანალიტიკურ წრეებში, ასევე სამთავრობო დონეზეც, ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ ფაქტორად ანაკლიის პორტის პროექტის დათქმულ ვადებში ვერ დაწყებაც სახელდება. ასევე, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, საპროტესტო აქციებმა, რომელმაც მიმდინარეობდა საქართველოს დედაქალქში, და პოლიტიკურად არასტაბილურმა სიტუაციამ ქვეყანაში, საინვესტიციო გარემოზე თავისი კვალი დაამჩნია. ბიზნესი კი ინვესტიციის განხორციელებისას საგადასახადო პოლიტიკის და ხელსაყრელი გარემოს არსებობის პარალელურად, ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებსაც აკვირდება, რომლის შემდგომაც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ქვეყანაში კაპიტალის დაბანდების თაობაზე.

შედეგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 6.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო მეორე კვარტალში ერთბაშად 53.7 პროცენტული კლება დაფიქსირდა.

არსებობს გარკვეული ლოგიკური კორელაცია მეორე კვარტალში შემცირებულ ინვესტიციებსა და ქვეყნის შიგნით არსებულ პროცესებს შორის, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საგრძნობი კლება პირველ კვარტალშიც დაფიქსირდა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მიზეზები სხვაგანაც უნდა ვეძებოთ.

მართალია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთადერთი გასაღები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის, თუმცა საქართველოს რეალობაში, მიუხედავად იმისა მოგვწონს ეს თუ არა, ის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად გვევლინება. საქართველოს ხელისუფლებას კი უფრო მეტად აქტიური მუშაობა მართებს ამ მაკროეკონომიკური ფაქტორიდან მომავალი გარკვეული შოკის გასანეიტრალებლად.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share