Home » ეკონომიკა » საქართველო „გაზპრომთან” ბრძოლის ახალ რაუნდს იწყებს
საქართველო „გაზპრომთან" ბრძოლის ახალ რაუნდს იწყებს

საქართველო „გაზპრომთან” ბრძოლის ახალ რაუნდს იწყებს

საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაასრულებს.

ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების დეტალები და ისიც, თუ რა თანხას მიიღებს საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე ჩვენთვის პირობები უარესდება და შეიძლება წელსაც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ-ექსპორტს” შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%-ის სახით იღებდა.

შარშანწინ კი პირობები შეიცვალა და ჯერ – ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ ხელშეკრულების კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. კონტრაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა სწორედ ახლა უნდა შეათანხმონ.

როგორც ჩანს, პროცესი უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებას მოკლე ვადაში დაასრულებს.

„მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. დაველოდოთ მის შედეგებს. ვფიქრობ, ეს პროცესი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში და ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერს მოლაპარაკების დეტალებსა და მისი დასრულების ვადაზე მედიასთან არ უსაუბრია და ბევრი რამ გაურკვეველი დარჩა.

ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის” პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა არა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, არამედ ისეთი ალტერნატივების ძებნაა, საიდანაც გაზი პოლიტიკური მიზნებისათვის არ იქნება გამოყენებული.

„რასაკვირველია, არ ვიცი მოლაპარაკების კონკრეტული დეტალები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რუსეთი გააკეთებს მაქსიმუმს, რათა დააზიანოს საქართველოს ინტერესი და მაქსიმალურად შეარყიოს ჩვენი ენერგოუსაფრხთოება. ბერკეტებს, რომლებიც კრემლს აქვს, რა თქმა უნდა, ბოლომდე გამოიყენებენ. ჩვენი ამოცანა კი არის მაქსიმალური დივერსიფიკაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ისეთი წყარო გვქონდეს, საიდანაც გაზი პოლიტიკური მიზნებისათვის არ იქნება გამოყენებული.

საქართველო უნდა ეძებდეს ალტერნატიულ გზებს ენერგოდამოუკიდებლობისათვის. თურქმენეთის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გავასამმაგოთ, ისევე, როგორც თავის დროზე „შაჰდენიზი” მოგვეხმარა.

აზერბაიჯანს პატარ-პატარა საბადოები აქვს დარჩენილი, ხოლო თურქმენეთს ასჯერ მეტი აქვს, თანაც მისი მოპოვება ძალიან იაფი ჯდება. ამ ქვეყანამ გაზსადენი მოიყვანა კასპიის ზღვამდე, 2-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო, მაგრამ მას გაგრძელება აღარ აქვს, ვიღაცამ უნდა ითავოს ეს და შეუერთოს სამხრეთის დერეფანს.

არ მესმის, რატომ არ დგას ამ კუთხით საკითხი და რატომ ვცდილობთ, მაინცდამაინც რუსეთს ჩამოვეკიდოთ. ისიც არ მესმის, რატომ არ გვაქვს დღემდე გაზსაცავი, რომელიც 2006 წელს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ თემაზე აქტიურად არავინ არ მუშაობს და არც საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვებს, არადა, ეს პირველი რიგის ამოცანაა”, – ამბობს ვაშაყმაძე.

პირობები რომ უარესი იქნება, ფაქტია, რამდენად უარესი, ახლა მხოლოდ ამის ირგვლივ იქნება მოლაპარაკება. ასეთი დამოკიდებულება აქვს საკითხისადმი ანალიტიკოს გია ხუხაშვილს.

„ძალიან კარგი კონტრაქტი, რომელიც არსებობდა და რუსეთი იხდიდა ნატურით, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა. ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა, ვითომ ჭკუაში მოუგებდნენ “გაზპრომს”. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და მივიღეთ ეს მოცემულობა, რომელშიც, უკვე ვიცით, რომ პირობები იქნება უარესი. ახლა მხოლოდ იმაზე მიდის მოლაპარაკება, რამდენად უარესი იქნება.

რადგან კონტრაქტი გასაიდუმლოებულია, შეუძლებელია, ვარაუდებით ვისაუბროთ. მხოლოდ ეს ვიცით, რომ არ ვართ კარგ მდგომარეობაში. ახლა მხოლოდ ფასზე შეიძლება მიდიოდეს ვაჭრობა”, – განუცხადა „რეზონანსს” ხუხაშვილმა.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი”

Share