Home » საზოგადოება » “საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გვეყოლება შემთხვევითი პრეზიდენტი”
"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გვეყოლება შემთხვევითი პრეზიდენტი"

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გვეყოლება შემთხვევითი პრეზიდენტი”

თემურ ჭყონია: მოსახლეობისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება პოლიტიკური ელიტა

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, “ბანკები და ფინანსები” ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.

– რა მოლოდინები გაქვთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენი აზრით რომელი პარტიის კანდიდატებს ექნებათ გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი? 

– მე ნამდვილად არ ვარ პოლიტიკის სპეციალისტი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არასერიოზული გახდა. არჩევნებამდე დარჩა 3 თვე და ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატებიც არ ვიცით. როგორც ჩანს, საქართელოში ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ კანდიდატად წამოაყენებდნენ. მით უმეტეს, ივლისი და აგვისტო არის ისეთი თვეები, როდესაც ადამიანები დასასვენებლად მიდიან და საარჩევნო პერიოდი არააქტიურია. ფაქტიურად ხალხს რჩება 1 თვე, რომ ჩამოყალიბდეს თუ ვის უნდა მისცენ ხმა. ეს არის საკმაოდ არასერიოზული დამოკიდებულება. ამიტომ, პრეზიდენტი რომელიც აირჩევა იქნება შემთხვევითი პრეზიდენტი, ვინაიდან არ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და კანდიდატურებიც არ ვიცით.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდის არჩევნებმა აჩვენა, რომ პარტიების ნდობა საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია. პოლიტიკოსი განიხილება საქართველოში როგორც მიუღებელი თემა. განსაკუთრებით ახალგაზრდებშია ეს განცდა, ვინაიდან მოხდა მათი ინტეგრირება მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.  ისინი ხვდებიან, რომ განვითარებული ქვეყნის ლიდერები სხვანაირად მართავენ ქვეყანას და სხვანაირად იქცევიან, ამიტომაც არ მოსწონთ ჩვენს ქვეყანაში მინდინარე პროცესები. არ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკური ელიტა შეხედულებებით, იდეებით, ქცევებითა და გამოხატვით. პოლიტიკოსებმა თვითონ გაიუბრალოეს საკუთარი თავი. ამიტომ ფაქტია, რომ პოლიტიკაში ბევრი რამეა შესაცვლელი და მისაბაძი ევროპის ქვეყნებისათვის, – აცხადებს ჭყონია.

ინტერვიუს სრულ ვერსიას გაზეთ “ბანკები და ფინანსების” მომდევნო, რიგით 531-ე ნომერში იხილავთ

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share

About bachana jincharadze