Home » ეკონომიკა » საპენსიო რეფორმით, მთავრობის გარდა, ყველა უკმაყოფილოა
საპენსიო რეფორმით, მთავრობის გარდა, ყველა უკმაყოფილოა

საპენსიო რეფორმით, მთავრობის გარდა, ყველა უკმაყოფილოა

“არ გაიზრდება ხელფასები და დაიწყება კონვერტებით ფულის გაცემა”

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მომზდება დასკვნით ფაზაში შედის. მთავრობამ საინფორმაციო კამპანიის დაწყება რამდენიმე დღეში დააანონსა. საპენსიო რეფორმით განსაზღვრული 2%-იანი შენატანი მცირე და საშუალო ბიზნესს ტვირთად დააწვება – ასეთია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ არც მსხვილი ბიზნესი გაიღებს დამატებით თანხებს და შესაძლოა, სამსახურებში ოპტიმიზაცია დაიწყოს.

საპენსიო რეფორმის საინფორმაციო კამპანიაზე მუშაობა მთავრობამ უკვე დაიწყო და შესაბამისი ღონისძიებები უახლოეს მომავალში აიღებს სტარტს. მოსახლეობის 51% ამბობს, რომ საპენსიო რეფორმის შესახებ არ სმენია. დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. ასევე იარსებებს საპენსიო რეფორმით განსაზღვრული 2%-იანი შენატანი.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადი დიდ ტვირთად დააწვება.

“საპენსიო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ის რისკი, რის წინაშეც შესაძლოა, ბიზნესი აღმოჩნდეს.

მთავარი საკითხი, რაც საპენსიო რეფორმასთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, არის ასეთი: როგორც არ უნდა ვთქვათ, ის 2%-იანი მაჩვენებელი, რაც ბიზნესის მხრიდან არის გადასახდელი კონკრეტული დასაქმებული პირების მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში არის ტვირთი, შესაძლოა, მსხვილი ბიზნესისთვის ნაკლებად, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მას აქვს დამძიმების ფუნქცია. გარდა ამისა, გრძელ ვადაში შესაძლოა, ეს 2% გახდეს 4% და მეტი, რისგანაც დაზღვეული არ არის ბიზნესი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა”, – განუცხადა “ბიზნეს მედიას” ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა ბიზნესასოციაციებთან აქტიური კომუნიკაცია მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს.

მთავრობა ასეთ ბიზნესის დამოკიდებულებას მაინცდამაინც არ ითვალისწნებს. მისთვის მნიშვნელოვანია საზოგიდოების სწრაფად ინფორმირება, ამიტომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა გაცნობითი საინფორმაციო კამპანიის კონცეფციაზე, რომელზე მუშაობაც შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს.

“ეკონომიკის სამინისტრომ და მთავრობამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და შესაბამისი ღონისძიებები უახლოეს მომავალში გატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს თოთოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია იმ სარგებლის შესახებ, რომელიც მათ საპენსიო რეფორმისგან ელით. კამპანია დაიწყება უახლოეს მომავალში, შეიძლება ვთქვათ, რამდენიმე დღეში”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

რა თანხას დახარჯავს მთავრობა საინფორმაციო კამპანიაზე, ამ ეტაპზე უცნობია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე ახლა მუშაობს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ შეიძლება, რეფორმამ პირველ ეტაპზე მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. მიუხედავად ყველაფრისა, დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა მომავალზე ორიენტირებულია და ამით ღირსეულ პენსიაზე საუბარი არა თეორიულად, არამედ რეალურად შესაძლებელია.

“მსგავსი სახის სისტემა 122 ქვეყანაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ბაზარზე ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. შესაძლოა, ამ ყველაფერმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, კერძოდ იმ პირებისა, ვისთვისაც რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება. თუმცა, როდესაც შედეგები დადგება, ეს დამოკიდებულებაც შეიცვლება”, – განაცხადა ზოიძემ.

სულ სხვაგვარად უყურებს საკითხს პროფესორი ვახტანგ ჭარაია. იგი მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმის ამოქმედება, სავარაუდოდ, შავი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“დამსაქმებელი ვალდებულია, ჩაერთოს საპენსიო რეფორმის სისტემაში და შედეგად ხარჯებიც იზრდება 4%-ით. მართალია, დამსაქმებელს მხოლოდ 2%-ის გადახადა უწევს და დანარჩენ 2%-ს იხდის დასაქმებული, მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე სერიოზული რისკი: არ გაიზრდება ხელფასები, რადგან ორგანიზაციებს, როგორც წესი, სახელფასო ფონდი დაგეგმილი აქვთ და მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ მოარგებენ ფინანსებს. საბოლოოდ, დაიწყება კონვერტებით ფულის გაცემა.

მეორე რისკია სამუშაო ადგილებიდან თანამშრომლების შესაძლო დათხოვნა, რადგან ამხელა სახელფასო ფონდი შეიძლება, დამსაქმებელს არ ჰქონდეს განსაზვრული. მოკლედ, საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა”, – აღნიშნავს ჭარაია.

 

წყარო: resonancedaily.com

Share