Home » ეკონომიკა » “საპენსიო რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკა მზად არაა”
"საპენსიო რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკა მზად არაა"

“საპენსიო რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკა მზად არაა”

“საპენსიო რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკა მზად არაა”

“ქართულმა ოცნებამ” დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ამოქმედება ისევ გადადო, ამჯერად 2019 წლამდე და ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან საზოგადოებაში აშკარად არ არსებობს კონსენსუსი მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის რეფორმის განსახორციელებლად. სხვა მხრივ, კანონი, რომელიც ფაქტობრივად გარანტი უნდა იყოს იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში მოქალაქეების მიერ დაგროვილი თანხები არ გაიფლანგება და ამავე დროს სწორად მოხდება ფონდების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, არ უნდა ტოვებდეს რაიმე კითხვის ნიშანს და ის 100%-ით უნდა ითვალისწინებდეს ყველა შესაძლო რისკს, რაც ფულადი სახსრების საიმედო განკარგვასთან არის დაკავშირებული.

თავად დაგროვების პრინციპს რაც შეეხება, სადაც სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული ხელფასის 2-2 პროცენტიანი კონტრიბუციით თანამონაწილეობენ სქემაში, შესაძლოა ვიდავოთ ამ საკითხზე და მაგალითად დავსვათ კითხვა, რატომ 2% და არა 3 ან 4? ან სახელმწიფოს კომპონენტი რომ გამოირიცხოს იმ მიზნით, რომ 40 წლის მერე ბიუჯეტს ამ კუთხით ფისკალური წნეხი არ ჰქონდეს უმჯობესი ხომ არ იქნებოდა? ან თუნდაც რა ბედი ელით თვითდასაქმებულების უდიდეს კატეგორიას, რომლეთათვისაც სქემაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და მინიმალური შესატანი მათ შემთხვევაში 4 პროცენტია? სავარაუდოდ, თვითდასაქმებულებიდან არავინ არ მიიღებს საპენსიო რეფორმაში მონაწილეობას უამრავი მიზეზის გამო და მათ შორისაა დაბალი ან საერთოდ არ არსებული შემოსავალი, აგრეთვე დაზოგვის კულტურა, რომელიც არ არსებობს. შესაბამისად, თვითდასაქმებულთა დიდი ხვედრითი წილი მთლიან დასაქმების მაჩვენებელში, რაც დაახლოებით 50%-ს შეადგენს, რეფორმის მოცვის მასშტაბებს საკმაოდ ამცირებს.

ამას ემატება ემიგრანტი მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა თითქმის მილიონს აღწევს, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო, როცა ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან? მოკლედ კიდევ სხვა მრავალი სადავო საკითხებია, რაზეც პასუხები ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მოცემულ სტატიაში მინდა მკითხველის ყურადღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო და ეს ეხება თანხების ინვესტირების ნაწილს, რომელზეც საკმაოდ მწირია საჯარო დისკუსიები, რეალურად კი სწორედ ეს კომპონენტია ის, რამაც საპენსიო რეფორმის განხორციელებით ქვეყანას და მოაქალაქეებს ეკონომიკური კეთილდღეობა უნდა მოუტანოს.

ერთი რამ ცხადია და ვთანხმდებით, რომ რეფორმის განხორციელება აუცილებელია, რაც ორი მნიშვნელოვანი გარემოებით არის გამყარებული. პირველი ის, რომ არსებული სოციალური საპენსიო სისტემის შენარჩუნებით, ვერ გაიზრდება ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც დღეს დაახლოებით 18%-ს შეადგენს და არის დაბალი მაჩვენებელი, ის ვერ გაუმჯობესდება მხოლოდ ბიუჯეტიდან საპენსიო გასაცემლების ეტაპობრივი ზრდით, თუ მთავრობამ ისეთი მექანიზმი არ დანერგა, როგორიცაა კერძო დაგროვებითი სისტემა. მეორე მხრივ, თუ სოციალური პენსიის ოდენობა საშუალო ხელფასის პროპორციულად გაიზრდება, დემოგრაფიული სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილების გათვალისწინებით ასაკით პენსიონერთა ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2060 წლისათვის მიაღწევს მშპ-ს 10%-ს, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯის 33%-ის ტოლფასი იქნება. მსგავსი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, ასაკით პენსიონერთა უზრუნველყოფის დასაფინანსებლად.
რაც შეეხება დაანონსებულ ინვესტირების კომპონენტს, კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ მკაფიოდ განსაზღვრავს იმ საინვესტიციო პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს საპენსიო ფონდის მენეჯერმა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას იდენტიფიცირებული ყველა შესაძლო რისკი.

ჩვენ ხშირად მოგვისმენია მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ იქმნება ე.წ. “გრძელი ფული”, რომელიც, ერთი მხრივ, კაპიტალის ბაზარს განავითარებს, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გამოცოცხლებას. თუმცა, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს, თუ კანონი გვავალდებულებს, რომ მისი ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ აკუმულირებული თანხები თითქმის სრულად გაედინება საზღვარგარეთის საფონდო ბირჟებზე. შეიძლება ვიდავოთ ამაზე კარგია ეს თუ ცუდი, თუმცა ჩემი მოსაზრებით ეს ცალსახად უარყოფითი ფაქტორია ამ რეფორმის, რასაც საფუძვლად უდევს განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მინიმალისტური და ადაპტირებული გათვლების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობისა და საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, რეფორმის მხოლოდ პირველ წელს სულ მინიმუმ 48 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება და ეს ციფრი შემდეგი წლების განმავლობაში კოლოსალურად გაიზრდება და მილიარდებს მიაღწევს, რომლის ძირითადი ნაწილი გავა საზღვარგარეთ.

მაშინ, როცა განვითარებული კაპიტალის ბაზრის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ თუნდაც ნახევარი მაინც დარჩენილიყო ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც ცალსახად ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი იქნებოდა. შემოთავაზებული სქემით კი, ხდება ეკონომიკის რეალური სექტორიდან თანხების ამოქაჩვა და საზღვარგარეთის ბაზრებზე გადაქაჩვა. ჩვენ ვართ დაზღვეულები, რომ 30-40 წლის შემდეგ გლობალური საფინანსო კრიზისი არ განმეორდება? ამის გარანტია არსებობს?
ცხადია იბადება კითხვა, თუ რატომ ხდება საქართველოს საფონდო ბაზრის იგნორირება? იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გეგმავს რაიმე ძირეული ცვლილების განხორციელებას კაპიტალის ბაზარზე და არც კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება გათვალისწინებული, სადაც წერია, რომ საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია მშპ-სთან მიმართებაში დღევანდელი 0,3%-დან 2025 წლისთვის 4%-ს მიაღწევს, მაშინ, როცა 2007 წელს უკვე იყო 14%.

მსგავს პირობებში ამ რეფორმის განხორციელება ეკონომიკას ვერ მისცემს იმ შედეგს, რომლის მცდარი მოლოდინიც არსებობს მთავრობაში. რეალურად კი, საპენსიო რეფორმას შეუძლია გამოაცოცხლოს კაპიტალის ბაზარი, უფრო მეტიც, ის პირდაპირ კავშირშია ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდუსტრიის განვითარებასთან.

შოთა გულბანი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა

Share