Home » ფინანსები » ,,საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის რესურსის ზრდასა და ფინანსური ბაზრების გააქტიურებას”
,,საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის რესურსის ზრდასა და ფინანსური ბაზრების გააქტიურებას"

,,საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის რესურსის ზრდასა და ფინანსური ბაზრების გააქტიურებას”

ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივებზე,  საფინანსო-საბანკო სფეროს პრობლემატიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  ,,ბანკები და ფინანსებს”  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ეკონომისტებში ჯერ-ჯერობით კონსესუსი ვერ შედგა, არის საპენსიო რეფორმა. საინტერესოა თქვენი პოზიცია საპენსიო ფონდებთან დაკავშირებით. იქნებ ვრცლად განმარტოთ აღნიშნული რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეები.

ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ელემენტს დანაზოგები წარმოადგენს, რომელთა ზრდა ინვესტიციების წახალისებასა და ეკონომიკური აქტივობის მატებაზე აისახება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დანაზოგების დონე ზრდის დინამიკით ხასიათდება და ამ ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

საპენსიო რეფორმა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც ქვეყანაში დანაზოგების ზრდას შეუწყობს ხელს. ამას სხვა თანმდევი დადებითი ეფექტიც ექნება. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის რესურსის ზრდასა და ფინანსური ბაზრების გააქტიურებას.

კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინსტიტუციური ინვესტორების და გრძელვადიანი ინვესტიციების არსებობაა.

საპენსიო რეფორმა ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. კერძოდ, ქვეყანაში გაჩნდება გრძელვადიანი ინვესტირების შესაძლებლობა ეროვნულ ვალუტაში. საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია მოზიდული საპენსიო დანაზოგის სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში სწორად დაბანდებასა და მართვაზე. შესაბამისად, ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს სახსრების მოსაზიდად ახალი შესაძლებლობა გაეხსნებათ.

თუმცა, საპენსიო რეფორმით სარგებლობა არ იქნება ყველა ემიტენტის უპირობო შესაძლებლობა. საპენსიო აქტივების მმართველებს, როდესაც ისინი ინვესტირებას ფასიან ქაღალდებში ახორციელებენ, შეფასების საკმაოდ მკაცრი სისტემა გააჩნიათ.

იმისთვის, რომ გაიზარდოს ადგილობრივი ბაზრის მონაწილეების და პოტენციური ემიტენტების მიერ საპენსიო ფონდების გამოყენების შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს მუშაობა ზოგადი სტანდარტების ამაღლებაზე. ამაში იგულისხმება კომპანიებში მეტი გამჭვირვალობა და სანდოობა, გაუმჯობესებული კორპორატიული მართვის სტანდარტები და ა.შ. აღნიშნული მიმართულებით ეროვნულ ბანკს მრავალი პროექტი აქვს დაგეგმილი.

უახლოეს პერიოდში მოხდება რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. დაიხვეწება პროსპექტის მომზადების წესი; პროსპექტი იქნება ბევრად უფრო ინფორმატიული, რაც ინვესტორებს და აქტივების მმართველებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს. საჯარო კომპანიებში დანერგილი სტადარტებით გაადვილდება ამ საწარმოზე მნიშვნელოვანი ფინანსური და კორპორატიული ინფორმაციის მოძიება, გაუმჯობესდება მართვის ხარისხი.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანების” #530-ე ნომერში

Share