Home » ბიზნესი » „საპარტნიორო ფონდის“ პროექტი – ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები
„საპარტნიორო ფონდის“ პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტი – ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

“საპარტნიორო ფონდის” პროექტს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთი წლით გადაუვადეს. საუბარია თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ალექსეევკას დასახლებაში ენერგოეფექტიანი ბლოკის საწარმო „YTONG”-ის მშენებლობასა და წარმოების დაწყებაზე.

პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია, სადაც “საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობა 48%-ია.

ენერგოეფექტური ბლოკების საწარმო „იტონგი” – „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი პროექტია. ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა, მთავრობამ მიმდინარე წლის 11 ივლისს გამოსცა განკარგულება, სადაც აღნიშნულია, რომ სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და ადგილზე საწყობის ან/და საგამოფენო სივრცის მოწყობა 2020 წლის 12 ივნისამდე უნდა მოხდეს.

საპროექტო კომპანია “იტონგ კავკასუსი” 2014 წელს დაფუძნდა და კომპანიამ სახელმწიფო პროექტ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1 ლარად მიიღო რამდენიმე მიწის ნაკვეთი სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის. თავდაპირველი შეთანხმებით, კომპანიას წარმოება არაუგვიანეს 2 წლის ვადაში უნდა დაეწყო, ანუ 2016 წელს, თუმცა, კომპანიისთვის ვალდებულების გადავადება რამდენჯერმე მოხდა.

ამასთან, კომპანია ორჯერ გაათავისუფლეს პირგასამტეხლოსგან, რომელიც მას გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ პროექტის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, რომლის გახსნასაც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრო. პროექტი მაღალტექნოლოგიური პროდუქტის სამშენებლო გაზო-ბლოკების წარმოებას გულისხმობს. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა მიზნად ისახავს წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას. მიღებული ექსკლუზიური ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა.

აღნიშნულ პროექტზე არსამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაშიც იყო საუბარი, რომელიც საპარტნიორო ფონდის საქმიანობას ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევაში აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ საწარმოს მშენებლობაში ჩართული ადამიანები “ქართული ოცნებისა” და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან, გთავაზობთ ამონარიდს კვლევიდან:

შპს „იტონგ კავკასუსი“ 2014 წელს არის დარეგისტრირებული. კომპანიის 37.6%-ს შპს „იტონგ კაპიტალი“, 33.5%-ს Xella Baustoffe (გერმანია), ხოლო 28.9%-ს „საპარტნიორო ფონდი” ფლობს. დირექტორი დიმიტრი ადამიაა. სამეთვალყურეო საბჭოში არიან: ირაკლი ქაფიანიძე, თენგიზ წულაია, მიხაელ აქსელ ალექსანდერ ჯექსონ (გერმანია), ქრისტიან პიტერ ჰილე (გერმანია) და „საპარტნიორო ფონდი”.

შპს „იტონგ კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს „იტონგ კავკასუსია“, რომლის დირექტორი ირაკლი ქაფიანიძეა, ხოლო მფლობელები ირაკლი ქაფიანიძე (33.3%), მენაჰემ ბენიშ (ისრაელის მოწალაქე, 33.3%) და ლეილა მინაშვილი არიან (33.4%).

შპს „იტონგ კავკასუსის“ დირექტორმა დიმიტრი ადამიამ 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წლის სექტემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. ის, ასევე, შპს „არქი ნუცუბიძეს“ დირექტორია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის წევრი ივლიანე წულაიაა. 2016-2018 წლებში წულაიას „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჯამში 170 000 ლარი აქვს გაღებული.

რაც შეეხება ირაკლი ქაფიანიძეს, მას 2016-2017 წლებში „ქართული ოცნებისთვის” ჯამში 90 000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წლის სექტემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. ის პარალელურად რამოდენიმე კომპანიის დირექტორი და მესაკუთრეა. ამასთან, იგი ივლიანე წულაიას ძირითადი ბიზნეს პარტნიორია. მაგალითად, ისინი ერთობლივად ფლობენ შპს „სილვერ 39“-ს, შპს „არქი საბურთალოს“, შპს „არქი თაუერს“, შპს „პრაიმ არქის“, შპს „დიღომი პალასი 6“-ს, შპს „ოულდ სითი ჰოსფითალითის“ და ა.შ. რამდენიმე კომპანიაში მათი პარტნიორი გოჩა ენუქიძეა, რომელიც, ასევე, პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

2016-2018 წლებში ენუქიძეს „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჯამში 165 000 ლარი აქვს გაღებული „იტონგ კაპიტალთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი პირი – თენგიზ წულაია ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნეს პარტნიორია. მან 2016 წელს „ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი.

BM.GE

Share