Home » საზოგადოება » სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, იწყება ძალიან დიდი პროექტი. კერძოდ, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით აშენდება ახალი მეტროსადგურები  სამგორის რაიონიდან ლილოს მიმართულებით. 

ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობის დაწყებას თბილსის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 2019 წლის ბოლოს გეგმავს. მეტრო 260 000 ადამიანს მოემსახურება.

მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ სამგორს ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს და მასზე მეტროს 6 შემადგენლობა ორმხრივი მიმართლებით იმოძრავებს. პროექტში ჯამში 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება (30 მილიონი მეტროს ვაგონების ღირებულება, ხოლო დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი). პირველ ეტაპზე მოცდის შუალედი დაახლოებით 10 წუთი იქნება, ხოლო შემდგომ ეტაპზე შემცირდება.

„დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, თბილისის აგლომერაცია ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით თბილისის მეტროს მოვაბათ. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, – განაცხადა ბახტაძემ.

2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში ეტაპობრივად 7 ახალი მეტროსადგური შევა და ასევე სრულად მოდერნიზებული მეტროსადგური სამგორი.

Share