Home » ეკონომიკა » სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭო ახალი წესებით იმუშავებს
სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭო ახალი წესებით იმუშავებს

სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭო ახალი წესებით იმუშავებს

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო ახალი წესებით იმუშავებს.

გარდა ამისა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით ახლებურად განისაზღვრება საბჭოს შემადგენლობა, რომელიც განიხილავს იმ ელექტრონულ ტენდერებთან და კონკურსებთან დაკავშირებით შემოტანილ საჩივრებს, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

ამ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობაში, გარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის 3 წარმომადგენლისა, შედის კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი.

რაც შეეხება საბჭოს წევრების არჩევის პროცედურებს: დადგენილია ახალი მოთხოვნები. კერძოდ, საბჭოს წევრობისთვის პირს უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტოდან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან წარადგენენ დავების საბჭოს უფლებამოსილი პირს, აგრეთვე აირჩევა აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი, საბჭო შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე. საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

საბჭო წარმოადგენს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.

Share