Home » ეკონომიკა » სახელმწიფო 53 უმოქმედო საწარმოს ფლობს
სახელმწიფო 53 უმოქმედო საწარმოს ფლობს

სახელმწიფო 53 უმოქმედო საწარმოს ფლობს

2014 წლის მდგომარეობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში 451 სახელმწიფო საწარმო იყო, ხოლო დღეს მათი რიცხვი 106-მდე შემცირდა.

როგორც სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში BMG-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე სააგენტოში დამატებით 20 უმოქმედო საწარმოს მინიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან 53 მოქმედია, ხოლო 53 უმოქმედო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესი მათი პრივატიზაციის გზით.

2014 წლიდან დღემდე გასხვისებული სახელმწიფო საწარმოების რიცხვი 12-ს შეადგენს და მათ შორის არის მიმდინარე წელს ელექტრონულ აუქციონზე 3 760 000 ლარად გაყიდული ბალნეოლოგიური კურორტი – სს „ კურორტი ახტალა“, რომლის განვითარების მიზნით 12 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სახელმწიფოს მონაწილეობით წლების განმავლობაში დაფუძნებული საწარმოების რაოდენობის შემცირებაზე მათი მინიმიზაციის და პრივატიზების გზით“, – განმარტავენ უწყებაში.

როგორც ცნობილია, მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან საკუთრებაში არსებული საწარმოების მონიტორინგის კუთხით ცვლილებები გაატაროს. იმ უწყებებს შორის კი რომლებმაც მსგავსი საწარმოების რისკი უნდა შეაფასოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები სახელდება.

BM.GE

Share