Home » საზოგადოება » “საკანონმდებლო რეგულირებით, საქართველო კრიპტოლიბერალური ქვეყანა უნდა გახდეს”
"საკანონმდებლო რეგულირებით, საქართველო კრიპტოლიბერალური ქვეყანა უნდა გახდეს"

“საკანონმდებლო რეგულირებით, საქართველო კრიპტოლიბერალური ქვეყანა უნდა გახდეს”

ციფრული ეკონომიკის პერსპექტივები საქართველოში და ციფრული ვალუტის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება

გასული კვირის მიწურულს, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განახლებული, მცირე მთავრობის კონცეფციის მიხედვით დაკომპლექტებული, მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. სიახლეები შეეხო ქვეყნის სათავეში მყოფ ეკონომიკურ გუნდს. მთავრობის ერთ-ერთი ახალი სახე, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, ივანე მაჭავარიანია, რომელმაც პრესკონფერენციაზე საკუთარი სტრატეგია გააცნო საზოგადოებას. მან დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა იმ როლზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო შეასრულებს ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

«ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. პირველ რიგში, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი, რასაკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს. ეს დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია პროცესების გაციფრულების გარეშე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი უწყება იქნება ამ პროცესში”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მთავრობის დაინტერესება ციფრული ბაზრით ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ეს გამოწვეულია კრიპტოვალუტების პოპულარობით გლობალურ ბაზარზე, რაც საქართველოშიც მალევე აისახა. გასული წლის განმავლობაში შეიქმნა ციფრული ვალუტის პირველი ქართული ბირჟა, პირველი ქართული კრიპტოვალუტა და მაინინგის ცენტრები. მიუხედავად პოპულარობისა, ციფრული ბაზარი კვლავ განვითარებისა და შესწავლის პროცესშია. შესაბამისად, რისკები და საფრთხეები მაღალია. განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების დამოკიდებულება ციფრული ვალუტების მიმართ. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ჯერჯერობით ერიდებიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას და არ აღიარებენ კრიპტოვალუტას, მარტივად რომ ვთქვათ, ელოდებიან მოვლენათა განვითარებას.  თუმცა, არსებობს ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც ციფრული ვალუტა დააკანონეს, როგორც მიმოქცევაში ოფიციალურად აღიარებული ფულის ერთეული, კონტროლი კი განსხვავებული დააწესეს.

მაგალითად, ბულგარეთში ციფრული ვალუტა უკვე აღიარებულია. ბულგარეთის შემოსავლების ეროვნულმა სააგენტომ ახალი საგადასახადო ინსტრუქციებიც გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ციფრული ვალუტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, აისახება როგორც ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დაწესდება 10%-იანი საგადასახადო განაკვეთი. ევროპელებისგან განსხვავებით, კანადაში ციფრული ვალუტებით ვაჭრობა განიხილება როგორც ბარტერული ოპერაციები და არ იბეგრება რაიმე სახის გადასახადებით. ერთადერთი, რის კონტროლსაც ფედერალური მარეგულირებელი ორგანო ატარებს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ შემუშავებული აკრძალვებია. 2017 წლამდე, ციფრული ვალუტებით ვაჭრობა გადასახადებით იყო დატვირთული და მათ შორის ორმაგი დაბეგვრის სისტემა მუშაობდა იაპონიაში, თუმცა, გასული წლის 1 აპრილის შემდეგ იაპონიის ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ყველანაირი გადასახადი მოხსნეს და ლეგალურ ფინანსურ ინსტრუმენტად აღიარეს ციფრული ვალუტა.

დაურეგულირებელია კრიპტობაზარი ირლანდიაში, ისინი ევროკავშირის ახალი ფინანსური რეგლამენტის გამოქვეყნებას ელოდებიან. ლოდინის რეჟიმშია ლიეტუვას ცენტრალური ბანკიც.

შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკსაც. კრიპტობაზრის რეგულირების საკითხზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმდინარე წლის მაისში გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

«ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. აღვნიშნეთ ის რისკები, რაც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან როგორც აქტივთან დაკავშირებით, რადგანაც მისი ფასი არის ძალიან მერყევი. ვინც არის ჩართული კრიპტოვალუტის შეძენით, მას უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება საკმაოდ დიდ სიურპრიზებს შეხვდეს. თუ შევხედავთ ფასის მერყეობას, დასამალიც არ არის როგორი მაღალი მერყეობა ჰქონდა კრიპტოვალუტას განსაკუთრებით გასულ წელს და წლევანდელ წელსაც. ალბათ, გარკვეულ პერიოდში, აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება, მაგრამ მთელი მსოფლიო და ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან თუ რა ფენომენია ეს. ის, რომ ტექნოლოგიური წინსვლა ხდება, ბლოკჩეინის გამოყენება ნამდვილად კარგია და ის, რომ გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე, ესეც ფაქტია, მაგრამ რამდენად შეცვლის მთლიანად ჩარჩოს და დამოკიდებულებას, ჯერჯერობით, დამერწმუნეთ ვერც ერთი დიდი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები აქვს გამოკვლევებთან და ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, ამაზე დასკვნას ვერ დებენ», – განაცხადა  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

რამდენად არის საჭირო და რა ტიპის რეგულაციებს ითხოვს ქართული კრიპტობაზარი? – ამ კითხვით «საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის» დამფუძნებელს და პრეზიდენტს, გიორგი შერვაშიძეს მივმართეთ. როგორც შერვაშიზე ამბობს, რეგულირება გარდაუვალი პროცესია და ეს, პირველ რიგში, მომხმარებლის სხვადასხვა რისკისგან თავდასაცავადაა საჭირო.

«რეგულირება გარდაუვალია, აქ ლაპარაკია მის დაჩქარებაზე, რათა მოხდეს  კრიპტო ვალუტის, როგორც გადახდის საშუალების აღიარება, ჩაიწეროს ტერმინოლოგიის დონეზე განმარტებები ქართულ კანონმდებლობაში, შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივები და წარედგინოს პარლამენტს. გონიერი კონტრაქტების მუშაობა   ეფუძნება კრიპტოგრაფიულ  ჩანაწერებს, სწორედ აქედან გამომდინარე, ტრანზაქციების განხორციელება  კრიპტოვალუტის გარეშე შეუძლებელია.

მინდა გამოვყო ერთი ფაქტორი, რომ საკანონმდებლო რეგულირებით პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს გახდეს კრიპტოლიბერალური  ქვეყანა, რაც საერთშორისო ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს.  სწორი რეგულირება მოიცავს AML პოლიტიკის გატარებას და ინვესტორთა დაცვას,  რათა თავიდან იქნეს აცილებული თაღლითობა და კრიმინალი. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ნდობის მაღალ ხარისხს, რაც ჯამში კაპიტალის ბაზრის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გამოიწვევს», – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ

Share