Home » ეკონომიკა » საგანგაშო სტატისტიკა – ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქართულ ეკონომიკაში 65%-ია
საგანგაშო სტატისტიკა - ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქართულ ეკონომიკაში 65%-ია

საგანგაშო სტატისტიკა – ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქართულ ეკონომიკაში 65%-ია

რამდენად ეფექტურია მთავრობა პრობლემის მოგვარებაში

„ჩრდილოვანი ეკონომიკა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოწვევაა. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც „არაფორმალურ ეკონომიკას“, „ფარულ ეკონომიკას“, „შავ ეკონომიკას“. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

წლების წინ ეკონომიკის სამინისტროში არსებობდა ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო, რომელიც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობდა, თუმცა ის გაუქმდა. მიმდინარე წელს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაკანონიერი საქმიანობის შედეგებს გამოაქვეყნებს, მათ შორის ისეთების, როგორიცაა – პროსტიტუცია და ნარკომანია. 2019 წელს „საქსტატი“ ეროვნული ანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე გადადის, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ისახავს მიზნად.

„საქასტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ეს მონაცემები მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„მიმდინარე პერიოდში უკვე დავიწყეთ დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევები, ანუ ისეთი საქმიანობის კვლევები, რომელიც არის აღურიცხვადი. ვგულისხმობთ, ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგებს. მაგალითად, შეიძლება რომელიმე კონკრეტულ სექტორში უფრო მეტი იყოს წარმოებული, მაგრამ აქამდე მხოლოდ გარკვეული ნაწილის დეკლარირება ხდებოდა. ეს გამოკვლევები კი იმას ემსახურება, რომ უფრო ზუსტად შევაფასოთ ჩრდილის მოცულობა. განახლებული, გაუმჯობესებული მონაცემები კი 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ეროვნულ ანგარიშებში უკვე იქნება ასახული. ამასთან, გვინდა 15 ნოემბრიდან ჩვენს ანგარიშებში ავსახოთ არაკანონიერი საქმიანობის შედეგებიც, როგორიცაა, მაგალითად, პროსტიტუცია და ნარკომანია. ამის შეფასება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება და მოდელის შემუშავებაზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა თოდრაძემ.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, აღნიშნულია, რომ ბოლო ექვს წელში საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

თუ 2012 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 72% იყო, 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებაში 64.9%-ია.

სპეციალისტების ნაწილი, ჩრდილოვან ეკონომიკასა და არაფორმალურ ეკონომიკას ერთმანეთისგან აცალკევებენ. თუ ჩრდილოვანი ეკონომიკა საკუთარ თავში მოიაზრებს ყველა დაურეგულირებელ, მათ შორის კანონით აკრძალულ დარგში აკუმულირებულ თანხებსა და დასაქმებულ ადამიანებს, არაფორმალური ეკონომიკა მხოლოდ აღურიცხავ საქმიანობას აფასებს.

სწორედ არაფორმალურ ეკონომიკას უკავშირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

„ჩრდილოვანი ეკონომიკის გასაზომად სხვადასხვა ორგანიზაციები განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ. ჩვენ ძირითადად ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობით, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ფლობს. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 10%-ის ფარგლებშია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ის არ მოიცავს არაფორმალური ეკონომიკის წილს. მაგალითად, ვიცით რომ საქართველოში სოფლად საკმაოდ ბევრი ადამიანი აწარმოებს საკვებ და სხვა სახის პროდუქტს. სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ე.წ. სამუშაო კვლევა. კვლევის შედეგები არ ემთხვევა ჩვენს მონაცემებსა და პოზიციას. აღნიშნულ კვლევაში გაზომილია არაფორმალური ეკონომიკის წილიც”, – ამბობს მერსედეს ვერა მარტინი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტაქსის მძღოლებს დედაქალაქში აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად ლიცენზიის აღების ვალდებულება გაუჩნდათ. ამ ცვლილების შედეგად, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდება.

ასევე, ჩრდილოვანი ეკონომიკა ნაკლებია ისეთ გარემოში, სადაც გადასახადების მოცულობა და ადმინისტრაციული პროცესები მცირე ზომისაა. ეს როგორც ბიზნესს, ისევე მოსახლეობას, არ უბიძგებს იმისკენ, რომ თავიანთი საქმიანობა ჩრდილში აწარმოონ. თუმცა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები იდგმება. საქართველოში საგადასახადო შემოსავლების წილი მშპ-ში დაახლოებით, 25%-ია, რაც საკმოდ კარგი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შესაძლებელია და ვიცით, რომ მთავრობა გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაზე მუშაობს რაც მათ მობილიზებას ამარტივებს.

მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის ჩრდილოვანი ეკონომიკა შვეიცარიას 7,2%, ამერიკის შეერთებულ შტატებსა 8,3% და ავსტრიას 8,9% აქვს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, იქ არსებული მონაცემები საქართველოზე უკეთესია – აზერბაიჯანში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 52.19%-ია, სომხეთში 42.59%, თურქეთში 31.38%, ხოლო რუსეთში კი 39.73%.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share