Home » ბიზნესი » საფრთხის შემცველი რძის პროდუქტები – ურევენ თუ არა პროდუქციაში რძის ფხვნილთან ერთად მცენარეულ ცხიმებს
საფრთხის შემცველი რძის პროდუქტები - ურევენ თუ არა პროდუქციაში რძის ფხვნილთან ერთად მცენარეულ ცხიმებს

საფრთხის შემცველი რძის პროდუქტები – ურევენ თუ არა პროდუქციაში რძის ფხვნილთან ერთად მცენარეულ ცხიმებს

საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს

რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს და, შესაბამისად, მისი მოხმარება მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ის თუ რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა ის პროდუქცია, რომელსაც დახლებზე ვაწყდებით და ვყიდულობთ, როგორც რძის პროდუქტებს.

სწორედ იმიტომ, რომ მომხმარებელი არასაიმედოდ უყურებდა რძის პროდუქციას და ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, 2015 წელს საქართველოს მთავრობის 152–ე დადგენილებით დამტკიცდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რის მიხედვითაც, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე,არაჟანი, მაწონი,ხაჭო კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორს აეკრძალება პროდუქციის რეალიზება. აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2016 წლიდან შევიდა, თუმცა მოგვიანებით 2017 წელს კიდევ დაემატა ერთი პუნქტი ყველის შესახებ, რის საფუძველზეც 2017 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე ყველის სახელით გამოჩენილი პროდუქტი აუცილებლად ნედლი რძისგან უნდა იყოს დამზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან. მართალია ეს რეგულაცია საკმაოდ დადებითია თავისი იდეით, თუმცა, რეალურად პრობლემა არის ის, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად შეუძლებელია პროდუქტში რძის ფხვნილის შემცველობის აღმოჩენა. შესაბამისად, მომხმარებლები კვლავაც მწარმოებლების კეთილსინდისიერების იმედზე რჩებიან.

,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ ანალიტიკოსის, თამარ გობეჯიშვილის განცხადებით, მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, კვლევის შედეგებში მაინც აღმოჩნდა მცირე დარღვევები, როდესაც შეუსაბამობა იყო პროდუქტის სახელწოდებასა და შემადგენლობას შორის. მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ბაზრის ამ სექტორში კვლავ მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვაა.

,,ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს, რომლებიც ეხება ძირითადად რძის ცხიმის შემცველობას პროდუქციაში. მოგეხსენებათ, ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2016 წლიდან შევიდა ძალაში კრძალავს რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი პროდუქციის გაყიდვას, რომელიც 100%-ით რძის ცხიმს არ შეიცავს. 2017 წელს დაემატა ყველის რეგულაციებიც, რომელზე დაყრდნობითაც, ყველის დამზადება რძის ფხვნილისგანაც არ არის რეკომენდებული. ყველანაირი რძის პროდუქტი შესაძლოა დამზადდეს რძის ფხვნილისგან, თუმცა მასში უნდა იყოს 100% რძის ცხიმი. შესაბამისად, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც იყიდება რძის პროდუქტის დასახელებით უნდა იყოს ნამდვილად რძის ნაწარმი ანუ მასში სრულად იყოს წარმოდგენილი რძის ცხიმი, თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები არსებობს და ამიტომ ჩვენი სააგენტო ხშირად ამოწმებს და აკონტროლებს პროდუქციას. ჩვენმა შემოწმებებმა, რომლებიც მაშინ განვახორციელეთ, როდესაც პირველად შემოიღეს ეს რეგლამენტი ძალაში აჩვენა, რომ უმეტეს პროდუქტში არ იყო გამოყენებული მცენარეული ცხიმი გარდა არაჟნისა, რის შემდეგაც მივწერეთ კომპანიას და მოახდინეს რეაგირება. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის ფარგლებში შევამოწმეთ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ამზადებდნენ არა მხოლოდ რძის არამედ მცენარეული ცხიმითაც.

ზოგადად დღეს ბაზარზე გვაქვს ორი სახის პროდუქტი, ერთი არის რძის პროდუქტი, რომელსაც შეფუთვაზე აწერია რძის პროდუქტი, ხოლო მეორე არის რძის პროდუქტების მსგავსი ნაწარმი იგივე არაჟანი, კარაქი,მაწონი, რომელსაც შეფუთვაზე არ უნდა ეწეროს რძის პროდუქტი რადგან მათში ძირითადად არაა 100% რძის ცხიმი გამოყენებული. მთავარი პრობლემა ბაზრის ამ სექტორში მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა, მათ უნდა იცოდნენ რა პროდუქციას მოიხმარენ და არის თუ არა ეს პროდუქტი 100%-ით ნატურალური, შესაბამისად მხოლოდ იმიტომ, რომ გარეგნული მახასიათებლებით სპრედი ჰგავს კარაქს არ შეიძლება ეს მომხმარებლებზე გასაღდეს როგორც კარაქი’’, – განაცხადა თამარ გობეჯიშვილმა.

მისივე თქმით, რძის ფხვნილზე ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურია, რადგან რეალურად იგი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

,,რაც შეეხება რძის ფხვნილს, უნდა აღვნიშნო, რომ იგი არაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო. რძის ფხვნილიც არის რძის პროდუქტი, რომელიც რძის გაშრობით არის მიღებული, თუმცა მეორე საკითხია ის თუ, რამდენად ხარისხიან რძის ფხვნილს იყენებენ კომპანიები პროდუქციის დასამზადებლად. ევროპის ქვეყნებში რძის ფხვნილისგან მიღებული პროდუქტი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ნატურალური რძისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის გადის ტექნოლოგიურ პროცესს, შრება და შესაბამისად მისი ღირებულება იზრდება. რძის ფხვნილიც არის ჩვეულებრივი რძის პროდუქტი და შესაბამისად მისგან ნაწარმოები პროდუქტებიც ითვლება რძის ნაწარმად. რომ შევხედოთ რძის პროდუქტის ეტიკეტს იქ წერია უცხიმო, აღდგენილი რძე ანუ ეს პროდუქტი რძის ფხვნილისგან არის დამზადებული, არსებობს ცხიმიანი რძის ფხვნილი და უცხიმო. შესაბამისად, უცხიმო რძის ფხვნილი უფრო იაფი ღირს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მეწარმეთა უმეტესობა სწორედ მას ყიდულობს, შემდეგ აწარმოებენ მისგან რძის პროდუქტს და საჭიროებისამებრ ამატებენ ცხიმებს, ამიტომ მომხმარებლის ინტერესებშივე შედის, რომ ეტიკეტი საგულდაგულოდ წაიკითხოს, რათა შეიტყოს როგორაა ნაწარმოები ესა თუ ის პროდუქტი. უნდა ვაღიარო, რომ რძის ფხვნილზე ატეხილი აჟიოტაჟი და განგაში ნამდვილად არაა რეალობასთან მიახლოებული, რადგან ისიც ერთ-ერთ რძის პროდუქტად ითვლება და მისი გამოყენება აკრძალული არაა’’, – განაცხადა თამარ გობეჯიშვილმა.

საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა. პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, რომელსაც რძეს, ხაჭოს, არაჟანს თუ სხვა ნაწარმს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ.

საქართველოში ფურების დაბალპროდუქტიულობის გამო, რძის ფხვნილის იმპორტი მუდმივად მზარდია. მატულობს წარმოებაში მისი წილიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 5,697.3 ათასი დოლარის ღირებულების 1,5%-იანი ცხიმის შემცველობის რძის ფხვნილი შემოვიდა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით აჭარბებს. რძის ფხვნილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები კი, ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, უკრაინა, ლიტვა, ირანი და ბელგიაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 2017 წლის რეგლამენტის შემდეგ რაც ყველში რძის ფხვნილის გამოყენებას კრძალავს აღნიშნული მაჩვენებლები იკლებს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით მწარმოებელთა უმეტესობა აქტიურად იყენებს რძის ფხვნილს.

,,დღის პროდუქტების’’ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი თითქმის ყველა ნაწარმში იყენებენ რძის ფხვნილს გარდა იმერული ყველისა.

,,ჩვენი კომპანია პირნათლად იცავს რძის ტექნიკურ რეგლამენტს, რომლიც მიხედვითაც ჩვენს ყველა პროდუქციას მითითებული აქვს შესაბამისი სახელწოდება ეტიკეტზე და შემადგენლობა, რაც შესაბამისობაშია მის შიგთავსთან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი, გარდა იმერული ყველისა მზადდება რძის ფხვნილზე, ხოლო რეგლამენტის შესაბამისად იმერული ყველი დამზადებულია ნატურალური რძით. რძის ფხვნილის ცხიმიანობის გასაზრდელად თითქმის ყველა პროდუქტში ვიყენებთ ნაღების კარაქს, გარდა სამარხვო პროდუქციისა, რომელიც გამიზნულია ცხობისთვის და რაშიც ვიყენებთ მცენარეულ ცხიმს. ასევე გვაქვს რძის შემცველი სპრედიც, რომელსაც აქვს, როგორც ცხოველური ისე მცენარეული შემცველობა.’’

ჩვენ ვესაუბრეთ ,,მილკო ფუდის’’ ხარისხის მართვის მენეჯერს თამაზ მაქარაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია ორ ბრენდს აერთიანებს, რომელთაგან ერთი ნატურალური რძით დამზადებულ პროდუქციას უშვებს, ხოლო მეორე რძის ფხვნილისგან დამზადებულს.

,,ჩვენი კომპანია გაიყო “მილკა” და “მილკა ვეის” ბრენდებად. “მილკა ვეის” ბრენდით შექმნილი პროდუქტები დამზადებულია 100% ნატურალური რძით, ხოლო “მილკას” ბრენდით დამზადებული პროდუქტი არა. იმ პროდუქტებისგან, რომლებიც რძის ფხვნილზეა დამზადებული მცენარეულ ცხიმს ვიყენებთ ერთადერთ პროდუქტში, ეს არის მილკი, რომელიც არის არაჟნის მსგავსი პროდუქტი. რაღა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია ზუსტად იცავს ტექნიკურ რეგლამენტს. შესაბამისად, ყველა პროდუქციაზე მითითებულია კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია”, – აღნიშნა თამაზ მაქარაშვილმა.

თამარ გობეჯიშვილის თქმით, ბაზარზე საკმაოდ ბევრი პროდუქტია გამოტანილი და მომხმარებელს აქვს უფლება ზუსტად იცოდეს, რას სთავაზობენ და შემდეგ, შემადგენლობისა თუ ფასის მიხედვით, თავად გადაწყვიტოს რომელ პროდუქტზე შეაჩეროს არჩევანი. მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელიც ყიდვისას რძის ნაწარმის შემადგენლობას ყურადღებით აკვირდება, შეუიარაღებელი თვალით ხშირად უჭირს პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი წვრილი წარწერების ამოკითხვა.

,,ხშირია შემთხვევა, როდესაც მწარმოებლები დაბალ ფასად შესყიდულ უცხიმო რძის ფხვნილს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ მცენარეულ ცხიმს, თუმცა ასეთ პროდუქტს უკვე ვეღარ ვუწოდებთ რძის ნაწარმს. საკმაოდ ხშირად ვაწყდებით მსგავს პროდუქტებს დახლებზე, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ დასახელებას. მაგალითად, თუ პროდუქტს არ აწერია არაჟანი ან მაწონი ესეიგი ის შეიცავს მცენარეულ ცხიმს სრულად ან ნაწილობრივ. მომხმარებლისთვის პრობლემას წარმოადგენს ასაწონი რძის პროდუქტების შესყიდვის დროს მათი რეალური შემადგენლობის არცოდნა, რის გამოც ხშირად გარეგნული მსგავსების გამო მომხმარებლები ინერციით ყიდულობენ არაჟანის ან მაწონის მსგავსს პროდუქციას, რაც რეალურად არ წარმოადგენს რძის ნამდვილ ნაწარმს. მაღაზია ამ შემთხვევაში იცავს კანონს, იმ კუთხით რომ კანონის მიხედვით ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს რძის პროდუქტის დასახელება თუ კი ის მართლაც ნატურალური ან აღდგენილი რძისგანაა ნაწარმოები და უბრალოდ ბრენდის დასახელება უნდა ეწეროს მხოლოდ და მეტი არაფერი თუ ეს პროდუქცია შეიცავს მცენარეულ ცხიმსაც, თუმცა მაინც გამოდის რომ მომხმარებელი ტყუვდება, რადგან მსგავსი ფორმის,ზომის და შეფერილობის პროდუქტს ყიდულობს როგორც რძის პროდუქტს თუმცა ეტიკეტით ეს სულაც არაა რძის პროდუქტი’’, – აღნიშნა თამარ გობეჯიშვილმა.

როცა ეტიკეტი მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ამას საკმაოდ დიდ პრობლემად თვლიან სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. ამასთან, როგორც თამარ გობეჯიშვილმა განაცხადა ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, მაგრამ მაინც რჩება რიგი პრობლემები, მაგალითად მომხმარებლებს უჭირთ გარეგნული მსგავსების გამო ნატურალური პროდუქციის გარჩევა ფალსიფიცირებულისგან. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ასაწონი რძის პროდუქტების შეძენის დროს არ ირღვეოდეს მომხმარებელთა უფლებები და მათ შეეძლოთ პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

მარიამ აბრამიშვილი

Share