Home » ფინანსები » საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 86%-ით გაიზარდა
საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 86%-ით გაიზარდა

საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 86%-ით გაიზარდა

 

“ბანკებისა და ფინანსების” ოპერატიული ინფორმაციით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების (აქციები და ობლიგაციები) მოცულობა 755,004 ლარით, ანუ 86%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების აზრით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ძალიან ნელი ტემპებით მიიწევს წინ.

მთლიანობაში, 2015 წელს საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში 120 გარიგება დაიდო, აქედან 114 გარიგება იყო სალარე სესიებზე, ხოლო 6 გარიგება სადოლარე სესიებზე. გარიგება დაიდო 6,157,241 აქციაზე და 344 ობლიგაციაზე. გარიგებების ჯამური ღირებულება იყო 793,616 ლარი და 355,936 აშშ დოლარი. სულ ჩატარდა 248 სავაჭრო სესია, შესაბამისად საშუალო დღიური ბრუნვა იყო 3200.06 ლარი და 1435.23 აშშ დოლარი. სსბ-ს სავაჭრო სისტემაში 131 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია დაშვებული. შარშან, საქართველოს საფონდო ბირჟაზე – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა” და დეველოპერული კომპანია “მ2”-ის ფასიანი ქაღალდები განთავსდა.

საქართველოს საფონდო ბირჟის ყოფილი ხელმძღვანელის ვახტანგ ხომიზურაშვილის აზრით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს. მისი განცხადებით, შარშან ერთი-ორი აქციების პაკეტის გაყიდვამ შთამბეჭდავი მაჩვენებელი შექმნა, თუმცა ეს არის ნიშნავს იმას, რომ ბაზარი ვითარდება. “ეს არის ცალკე აღებული თითოოროლა გარიგება. საფონდო ბაზრის გააქტიურების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, ვინაიდან წინაპირობები შექმნილი არ არის”, – აღნიშნავს ვახტანგ ხომიზურაშვილი და წინაპირობებში გულისხმობს რეალურ სექტორში ინვესტიციების სიმცირეს, უშუალოდ აქციების დაბანდების სახით.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგის დონეზე მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ფასიანი ქაღალდები ივაჭრება, სულ 27,821,150 აქცია, ნომინალი 1000 ლარი.

ლისტინგის B დონეზე 6 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული  ესენი ძირითადად “საქართველოს ბანკის” ქოლგის ქვეშ მყოფი კომპანიებია – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “საქართველოს სალიზინგი კომპანია”, “მ2 უძრავი ქონება”, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, “თელიანი ველი” და “ლიბერთი ბანკი”.

არასალისტინგო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე 120-მდე კომპანიის აქციებია განთავსებული, მათ შორის “თელასი”, “ლაგუნავერე”, “ვითი ბი ბანკი ჯორჯია”, “თბილღვინო”, ფოთის გემთსაშენი და სხვა.

როგორც ჩანს, ლისტინგის დაშვებული ფასიანი ქაღალდები არც ისე ბევრია, მიზეზი ის არის, რომ საქართველოში კომპანიების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. არადა, ლისტინგში მოხვედრილ კომპანიების მიმართ ინვესტორების ნდობა უფრო მეტია, ვინაიდან ემიტენტის საქმიანობის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 წელი, ზარალის გარეშე მუშაობის ხანგრძლივობა ბოლო 3 წლიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 წელი, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა მინიმუმ 50 ათასი, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ზოგადად, საერთოდ, ლისტინგს გარკვეული უპირატესობები გააჩნია. უცხოელი ინვესტორი ამა თუ იმ კომპანიის წარმატებულობას საზღვრავს იმის მიხედვით, არის თუ არა ლისტინგში დაშვებული მისი აქციები.

მიუხედავად ამისა, საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების მზარდი ტენდენცია ცალსახად მიუთითებს იმაზედ, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ვითარდება. სპეციალისტების აზრით კი, ეს საკმარისი არ არის და მთავრობამ ამ ბაზრის გაჯანსაღებისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

უპირველესად, უნდა გადაისინჯოს 2007 წელს “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები. კერძოდ, უნდა მოხდეს საგადასახადო კოდექსის ზოგიერთი ასპექტის ადაპტირება ისე, რომ სახაზინო ფასიანი ქაღალდებისთვის, საბანკო დეპოზიტებისა და კორპორაციული ფასიანი ქაღალდებისთვის, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტებისთვის, თანაბარი კონკურენტული გარემო შეიქმნას.

ასევე, გადასასინჯია სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემა, რათა ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად ევროკავშირის მიდგომებს მიუახლოვდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ფოკუსირება უნდა მოხდეს სისტემისთვის მდგრადი შემცველობის (გამოშვებული ფასიანი ქაღალდების) ჩამოყალიბებაზე. ემიტენტების გამჭვირვალობა უნდა გაუმჯობესდეს და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები უნდა გახდეს უფრო პროპორციული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი ევროკავშირის მიდგომებს უნდა მიუახლოვდეს. ეს პროცესი გულისხმობს 22 დირექტივისა და რეგულაციის შინაარსის ასახვას ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში. ამ თვალსაზრისით, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს. აქტიური სამუშაოები კი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.

პრობლემაა ისიც, რომ კაპიტალის ბაზრის სამართლებრივი ჩარჩო მუდმივად იცვლება. მისი მიღების თარიღიდან კანონმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ 19-ჯერ განიცადა ცვლილება, რაც უხეში გათვლებით ბოლო 15-ზე მეტი წლის მანძილზე ყოველ 9 თვეში ერთხელ ცვლილებას გულისხმობს.  კანონი მეწარმეთა შესახებ შეიცვალა 49-ჯერ, ან უხეში გათვლებით, ბოლო 20-ზე მეტი წლის მანძილზე ყოველ 5 თვეში ერთხელ. შედარებით ახალი კანონებიც კი იგივე გზას ადგანან. ხელისუფლებამ ეს მიდგომაც უნდა შეცვალოს.

მაკა ვარადაშვილი

Share